„სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტი ქართველ სამხედროებს ახლაც კოშმარივით ახსოვთ“

„სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტი ქართველ სამხედროებს ახლაც კოშმარივით ახსოვთ“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუკზე” პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა, სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე მეორედ მოინახულებს. პირველად, მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა და მათთან ერთად ჯავშანტექნიკით პატრულირებდა. მისი საახალწლო ვიზიტის შესახებ დაანონსებულმა ინფორმაციამ ქართველი სამხედრო ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია.

„ან ძალიან თავზეხელაღებული უნდა იყო, ანდა ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ფაქტობრივად, ბრძოლის ველზე ჩასვლა ქვეყნის პირველმა პირმა ერთი კვირით ადრე დააანონსო, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი „ფეისბუკის“ საშუალებით 25 დეკემბერს გააკეთა. თანაც, ინფორმაცია, რომ იტყვიან, ქრონოლოგიურად ისეა დაწყობილი, რომ თალიბების დაზვერვა უკეთესს ვერც ინატრებდა“, - წერს სამხედრო ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდზე, საკუთარ ბლოგში.

იგი მიიჩნევს, რომ ოპონენტები სავსებით სწორად უწოდებენ პრეზიდენტის საქციელს მხოლოდ საკუთარ პიარზე გათვლილ „წინდაუხედავ და საშიშ“ ნაბიჯს. უფრო პროფესიული შეფასებით კი, მოულოდნელობის ეფექტი დაკარგულია, ISAF-ის სარდლობის მოთხოვნა, რომ ქვეყნის პირველი პირების ჩასვლა მხოლოდ პოსტ ფაქტუმ გახდეს ცნობილი -  უგულებელყოფილი. კობა ლიკლიკაძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2012 წლის თებერვალში დღემდე კოშმარივით ახსოვთ ქართველ ჯარისკაცებს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტუმრობისა და ბაზა „შუკვანზე“ ტელეკამერების წინ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მეორე დღეს, 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში გაბატონებულმა ექსტრემისტებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. თავდამსხმელებმა ააფეთქეს საპატრულოდ გასული ქართველი ჯარისკაცების ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა“, - წერს ჟურნალისტი.

მისივე განცხადებით, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში გამაგრებულ ექსტრემისტებს საკმაო დრო აქვთ იმისათვის, რომ საგულდაგულოდ მოემზადონ და თუკი საქართველოს სახელმწიფოს პირველ პირს ვერაფერს დააკლებენ, მანამდე ან შემდეგ, შური ქართველ ჯარისკაცებზე იძიონ.

პრეზიდენტის ავღანეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამაც გააკეთა. ალასანიას თქმით, უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამხელილიყო.

ალასანიამ უარყო, თითქოს, აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტრო ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობას ღებულობდა.

„როდესაც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიემგზავრება ავღანეთში და ხვდება ჩვენს ჯარს, ეს მისასალმებელია. მასთან ერთად იქნება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ძნელაძე. გენერალი კაპანაძე უკვე ერთი კვირაა ავღანეთში იმყოფება და მონაწილეობს ჩვენი დაკარგული მეომრის საძიებო სამუშაოებში. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს უმაღლესი მთავარსარდალი, ერთ-ერთი ლიდერი ჯარის გვერდით იყოს. ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა, რომ საჯაროდ ეს ჯერ არ გამხელილიყო“, - აღნიშნა ალასანიამ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარდები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს ითვალისწინებენ მაშინ, როდესაც საქმე ცხელ წერტილებში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტებს ეხება.

„გახსოვთ, ალბათ, მიმდინარე წლის თებერვალში სააკაშვილი ვიზიტად იმყოფებოდა ავღანეთში, რის შემდეგაც იქ ტრაგედია დატრიალდა. შეიძლება, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს პირდაპირ არ დავაკავშიროთ, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ავღანეთში პიარისთვის წასვლა-წამოსვლა, ჩვენი სამხედროებისთვის რისკებს ზრდის“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, თალიბები, რომლებსაც თავიანთი საიდუმლო სპეც-სამსახურები ჰყავთ, ცდილობენ, სწორედ მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც ავღანეთში მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებიან, ვინაიდან ამას ყოველთვის მოჰყვება რეზონანსი. ტერორისტებისთვის კი რეზონანსი არის ძირითადი საშუალება იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და ადამიანებზე შოკის ეფექტი მოახდინონ. ამიტომ, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ვიზიტების წინასწარ დაანონსება პირდაპირ ნიშნავს რისკების გაზრდას.

„ვერ გამახსენებთ ვერც ერთ უცხოელ მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს ავღანეთში, რომელიც წინასწარ იქნებოდა დაანონსებული. ამიტომ, ჩემი აზრით, სააკაშვილის ეს განცხადება დიდი უპასუხისმგებლობაა, გათვლილი მხოლოდ საკუთარ პიარზე და მაღალი რისკების მატარებელი და საფრთხის შემცველი ჩვენი სამხედრო დანაყოფებისთვის“, - აცხადებს სესიაშვილი.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, თეონა აქუბარდია, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმ ფორმას, რომლითაც ამ ინფორმაციის გავრცელება მოხდა. აქუბარდიაც სწორედ იმაზე აპელირებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ავღანეთში მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტის წინასწარი დაანონსება არ ხდება. მით უმეტეს, ისეთ პროვინციაში, როგორიც ჰელმანდია, სადაც პრაქტიკულად საომარი ვითარებაა და სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს. თეონა აქუბარდიაც ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის თებერვლის ვიზიტს და მის შემდეგ სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას იხსენებს.

„შესაბამისად, თუ აუცილებლობა არ არის, სასურველია, რომ ასეთი ვიზიტები ხშირი არ იყოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია, მას აქვს სურვილი, რომ ჯარისკაცებთან ჩავიდეს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ უნდა გაევრცელებინა. როდესაც ტერორისტებმა იციან, რომ იქ ჩავა იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ავღანეთში სამხედროების რაოდენობით ნომერ პირველია (ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან), რა თქმა უნდა, ეს რისკს ზრდის“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

მას არ ესმის, პრეზიდენტის რა ახირებაა, რომ მაინცდამაინც ავღანეთში შეხვდეს ახალ წელს. აქვე აქუბარდია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ამ ვიზიტის მომზადებაში ჩართული იყო, თუმცა სამინისტროსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის ასე განსაჯაროვება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, ავღანეთში ქართველი სამხედროების უსაფრთხოების ზომების დაცვას გაართულებს.