სვანეთის საგანძური კვლავ საფრთხის წინაშეა (VIDEO)

სვანეთის საგანძური კვლავ საფრთხის წინაშეა (VIDEO)

ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სვანეთის საგანძური კვლავ საფრთხის წინაშეა - მუზეუმის მესვეურებს სიწმიდეების მესტიის ახლადაშენებული მუზეუმის შენობის საცავში გადატანა უნდათ, რასაც სპეციალისტების ერთი ნაწილი, გარკვეულ მიზეზთა გამო ეწინააღმდეგება, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი იცის.

სვანეთის საგანძურთან დაკავშირებულ სტატიასთან ერთად for.ge გთავაზობთ მესტიაში 2012 წლის 8 დეკემბერს,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიასა და მისი მოადგილის მარინე მიზანდარის სტუმრობის ამსახველ 20-წუთიან, დაუმონტაჟებელ ვიდეომასალას, რომელიც ნანა ფაჟავამ გადაიღო. აქვე ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას.

საზოგადოების არაინფორმირებულობაში ჩვენ, ჟურნალისტები, უფრო სწორად, სხვადასხვა მედიასაშუალებები და მათი წარმომადგენლები ვცოდავთ - სვანეთის საგანძურთან დაკავშირებული ამჟამინდელი პრობლემა სხვადასხვა ტელეარხებმა ოსტატურად წარმოაჩინეს - 8 დეკემბერს გასულ სიუჟეტებში თქვეს, რომ საგანძურის ახლადაშენებული მუზეუმის შენობაში გადატანა უნდათ. გაკვრით თქვეს ისიც, რომ სპეციალისტების ნაწილი საგანძურის გადატანას ეწინააღმდეგება, მაგრამ მოწინააღმდეგეების პოზიცია ტელევიზიებით არ გაშუქებულა. ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, თუ საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო მოხდა ასე, რთული სათქმელი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ამჟამინდელი პრობლემა, რომელიც სვანეთის საგანძურს დამატებით საფრთხეს უქმნის, ამგვარია - მუზეუმმა გადაწყვიტა საგანძური მუსიკალური სკოლის შენობიდან გადაიტანოს ახლადაშენებული შენობის საცავში და 5 თვის შემდეგ, ანუ 2013 წლის მაისში ზედა სართულზე აიტანოს და საგამოფენო დარბაზში გამოფინოს. ამგვარი გეგმის შესახებ 8 დეკემბრის ვიდეომასალაშია საუბარი.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის სვანეთში სტუმრობის ამსახველ ტელესიუჟეტებს ვუყურეთ, გარკვეულ მეცნიერებთან, სპეციალისტებთან (მათ შორის ბეტონის სპეციალისტებთან) კონსულტაცია გავიარეთ - ვეცადეთ დაგვეზუსტებინა ის საფრთხე, რაც შეიძლება თან ახლდეს საგანძურის ახლადაშენებულ შენობაში გადატანას და დაბინავებას. სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ ძალიან ზედაპირულად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საგანძურს მთავარი საფრთხე ემუქრება იმ ქიმიური ანაორთქლებისგან, რომელსაც იწვევს ის ქიმიური დანამატები, ზამთარში მიმდინარე მშენებლობების დროს ბეტონის სიმტკიცისთვის რომ გამოიყენებენ.

სვანეთის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან ქოჩქიანი ამბობს, რომ გადატანას გაუგებრობა და გარკვეული კითხვები რომ არ მოჰყვეს, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, მაგრამ დასკვნის მიღებამდე ექსპერტებისგან სიტყვიერად იციან, რომ ყველაფერი წესრიგშია და, რომ სვანეთის მუზეუმი საგანძურის მისაღებად მზადაა. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენთვის ცნობილი არ არის რა კითხვებია დასმული ექსპერტების წინაშე, ანუ კონკრეტულად რაზე უნდა გასცენ ექსპერტებმა დასკვნა.

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მესტიაში ყოფნისას, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე ფაქტიურად ის შენობა და პირობებიც მოიწონა, სადაც ამჟამად საგანძური ინახება და ახლადაშენებული მუზეუმის შენობაც შეაქო. თქვა ისიც, რომ საგანძურის ახლადაშენებულ მუზეუმში გადატანის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდათ - „შევაჯერებთ ამ აზრებს და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვამცნობთ“.

ამ განცხადებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებიათ, არც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებიათ რაიმე განცხადება, გარდა იმისა, რომ მინისტრი და მისი მოადგილე სვანეთში იმყოფებოდნენ.

სვანეთის საგანძურთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი, ხმაურიანი ისტორია ასეთია:

სვანეთის საგანძური 2011 წლის 28 ივნისს მუზეუმის ძველი შენობიდან სახელდახელოდ შეკრულ კონტეინერებში გადაიტანეს. 2011 წლის დეკემბრის დასაწყისამდე საგანძური სამშენებლო ნაგავში ამყოფეს. ეროვნულმა მუზეუმმა და კულტურის სამინისტრომ უარი თქვეს ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის შეთავაზებაზე, რომლის მიხედვით ეკლესია მუზეუმს მესტიის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს უთმობდა საცავად ახალი მუზეუმის აშენებამდე და სთავაზობდა საგანძური დროებით სწორედ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, დროებით დაებინავებინათ. ამ შეთავაზებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა.

2011 წლის 2 დეკემბერს საგანძური და სხვა ექსპონატები კონტეინერებიდან გამოიტანეს და სამი მანქანით გადაზიდეს მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნაპრალებიან და ნესტიან შენობაში.

მესტიის აეროპორტის გზაზე, დანგრეულ სახლებს შორის მდებარე ეს შენობა საგანძურის მისაღებად ასე მოამზადეს:

რამდენიმე დღით ადრე ეზო შემოღობეს, შენობას სახელდახელო, კოსმეტიკური რემონტი გაუკეთეს, ფანჯრებზე გისოსები ააკრეს, ფასადი გაღებეს, ნაპრალები ცემენტით ამოლესეს, შიგნით კედლებზე ე.წ. გიფსოკარდონი ააკრეს, იმ ოთახში, სადაც საგანძური შეიტანეს და ე.წ. კლიმატკონტროლის აპარატი დადგეს.

რატომ ამყოფა ყოფილმა ხელისუფლებამ საგანძური სამშენებლო ნაგავში, შემდეგ რატომ თქვა უარი საგანძურის უსაფრთხო გარემოში გადატანაზე, ეროვნული მუზეუმი რატომ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას (რომლის მიხედვით საგანძურთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია for.ge-ს უნდა გადმოსცენ), ამას  პროკურატურა გაარკვევს.

ჩვენი უფლებების დამცველ ადვოკატს მამუკა ნოზაძეს 2012 წლის 5 დეკემბერს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ჩემი, ნინო მიქიაშვილის განცხადება (საჯარო ინფორმაციის დამალვის ფაქტსა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ძიების დაწყების მოთხოვნით) მთავარი პროკურატურიდან თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა.

2011 წლის 18 ნოემბერს სვანეთის საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრების ხელმოწერით იმჟამინდელი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე კოლექტიური საჩივარი შევიდა. 30 ნოემბერს ეს საჩივარი სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელ მთავარ პროკურორს როლანდ ახალაიას გადაუგზავნეს. მას შემდეგ, ამ საჩივრის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩვენთვის უცნობია.

გასული წლის ნოემბერში საჩივარი ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა დაწერა. მასვე ეკუთვნის განცხადება, რომელიც იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე 2012 წლის 26 დეკემბერს შევიდა -  სვანეთის საგანძურის გადასარჩენად შექმნილი ჯგუფის წევრები ვითხოვთ წერილობით გვაცნობონ რა ზომები მიიღო პროკურატურამ ერთი წლის წინ შეტანილ საჩივართან მიმართებაში.

2012 წლის 8 დეკემბერს, კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილის სვანეთში სტუმრობისას, ტელეკამერებთან სვანეთის მუზეუმის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ხვიჩა ჩართოლანმა მე, ნინო მიქიაშვილს ჯაშუში მიწოდა, რისთვისაც პასუხს სამართლებრივი გზით მოვთხოვ და საბოლოო შედეგს მკითხველს აუცილებლად ვაცნობებთ.

14 დეკემბერს კულტურის მინისტრსა და ეროვნული მუზეუმის დირექტორს განცხადებით მივმართეთ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. მუზეუმიდან პასუხი 25 დეკემბერს მივიღეთ - იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც 14 დეკემბრის განცხადებაშია ჩამოყალიბებული, ამ ეტაპზე მუზეუმს არ შეუძლია. კულტურის სამინისტროდან ტელეფონით გვაცნობეს, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაცია მათთან არ ინახება. წერილობითი პასუხი ჯერ არ მიგვიღია. კულტურის სამინისტროდან წერილობით პასუხს ველოდებით, რის შემდეგაც ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან და for.ge-ს რედაქციასთან ერთად გადავწყვეტთ რას და როგორ გავაკეთებთ.

ამ აბზაცის ბოლოს იმ კითხვებს გთავაზობთ, რომლითაც გურამ ოდიშარიას და დავით ლორთქიფანიძეს 14 დეკემბერს მივმართე. ამ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ ცხადი გახდება რამდენად მზადაა ახლადააშენებული მუზეუმი საგანძურის მისაღებად. 14 დეკემბრის განცხადება ამგვარი შინაარსისაა:

„ბატონო მინისტრო, ბატონო დირექტორი, გთხოვთ, დაავალოთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებს მომცენ სვანეთის ახლადაშენებული მუზეუმის შენობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა სახის დოკუმენტაცია - კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლების თანახმად, ვითხოვ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციას:

1.საპროექტო დოკუმენტაციას;

2.საექსპერტო დასკვნას;

3.ნებართვას სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე;

4.საშემსრულებლო ტექნიკურ დოკუმენტაციას;

5.დამკვეთის მიერ გამოყოფილი კომისიის დასკვნას, შენობის ექსპლოატაციაში შესვლის შესახებ;

6.შენობის ლაბორატორიულ დასკვნას, ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე - კერძოდ, რადიაციაზე, რადონზე, მავნე ტოქსიკური აირების გამოყოფაზე;

7.როდიდან დაიწყო და როდის დასრულდა ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები?

8.რა მასალები გამოიყენეს ინტენსიური მშენებლობის დროს და როგორია ამ მასალების შრობის კოეფიციენტი;

9.როგორია შრობის დროს გამოყოფილი ანაორთქლების ქიმიური შემადგენლობა“.