სამშენებლო სექტორში არსებულმა ფინანსურმა მოდელმა, ფიუჩერსულმა კოტრაქტებმა, ე.წ ჰაერის გაყიდვებმა სამშენებლო სექტორი რამდენიმე წელია, კრიზისში ჩააგდო. დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტები დიდი ხანია, დედაქალაქის პრობლემად იქცა. როგორც ცნობილია, თბილისის მერია ამ პრობლემის საკუთარ თავზე აღებას არ აპირებს, თუმცა დარგის სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე ინიციატივას განიხილავს. ერთ-ერთი ვარიანტია, დეველოპერებს ობიექტებზე რამდენიმე სართულის დაშენების უფლება მისცენ, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული სახსრებით მშენებლობები დასრულდეს. ქართველი ექსპერტების მხრიდან ასეთი სქემის შეთავაზება ადრეც მოხდა, თუმცა მერიის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ეს სქემა ყველა შემთხვევაში არ ამართლებს. ლაპარაკია სპეციალური კომისიის შექმნაზეც, რომელიც არა მხოლოდ დეველოპერების, არამედ დაზარალებული მობინადრეების დახმარებას დაისახავს მიზნად. გიგი უგულავა მხარს უჭერს მოდელს, დაუსრულებელი ობიექტების კეთილმოწყობა და იქ საცხოვრებელი პირობების შექმნა ამხანაგობების თანადაფინანსებით მოხდეს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიის პროექტის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში დაიწყო, თუმცა, პრობლემა ამით არ ამოწურულა. როგორ გამოსავალს მოძებნის მერია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მანამდე ვიდრე პრობლემის გადაჭრის გზები მოიძებნება, უამრავი მობინადრის უფლება დარღვეულია.
პრობლემა თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას შეექმნა, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული დეველოპერები გაკოტრების ზღვარზე იმყოფებიან. ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელზეც ვისაუბრებთ სამშენებლო კომპანია „ევორდს“ ეკუთვის, თუმცა მშენებელის სხვა პროექტების მიმართაც არსებობს პრეტენზიები.
ამხანაგობა „გაზაფხული“ 2005 წელს შეიქმნა. საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც 2005 წლიდან მიმდინარეობს. როგორც მომავალ მობინადრეებს უთხრეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში ისინი ბინას მიიღებდნენ. კორპუსი მდებარეობს ანაგის ქუჩაზე და მის დასრულებას 170 ოჯახი ელოდება.
ვლადიმერ ზარდიაშვილი, ამხანაგობა „გაზაფხულის“ თავმჯდომარე: 2011 წლის ბოლოსთვის როდესაც ვნახეთ მობინადრეებმა, რომ მშენებლობას ბოლო არ უჩანდა, იძულებულები გავხდით შევკრებილიყავით და როგორც დაზარალებულებს ჩვენვე მიგვეხედა ამ შენობისათვის. გადავირჩიეთ ყოფილი თავმჯდომარე და დავიწყეთ გარკვევა, რასთან გვქონდა საქმე და რატომ ვერ ხდებოდა მშენებლობის დასრულება. მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ დაახლოებით 12 მილიონ დოლარამდე თანხა იყო შესული მთლიანობაში მობინადრეებისაგან. „ევორდის“ ყოფილი ბუღალტრის ინფორმაციით ამ შენობის მშენებლობაზე დახარჯულია დაახლოებით 4,5 მილიონი დოლარი. 2,5 მილიონი მიწის შეძენაში, ხოლო 2 მილიონი კარკასის აგებაში. თუმცა ეს კარკასიც ისევ დაუსრულებელია. დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი სჭირდება შენობის დასრულებას“.
„ევორდის“ დირექტორის, ლევან საყვარელიძის წინააღმდეგ, რომელიც ამავდროულად ამხანაგობნა „გაზაფხულის“ დამფუძნებელიც იყო, 2012 წლის ივნისის დასაწყისში მობინადრეებმა თბილისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. თუმცა, ჯერ, სასამართლო ჩანიშნულიც არ არის.
როგორც გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებას გადაეცა, (გამომძიებელი ეკა თევზაძე, პროკურორი - ქეთევან ჩაჩავა), თუმცა ვლადიმერ ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ფაქტობრივად, გამოძიება არც დაწყებულა.
„არც მობინადრეთა დაკითხვა მიმდინარეობდა, ზოგიერთი მობინადრე თვითონ გამოცხადდა, თხოვნით, რომ დაეკითხათ. ოქტომბერში კი ისიც აღმოვაჩინეთ, რომ თავად ლევან საყვარელიძეც კი არ ჰყავდათ დაკითხული.
მარტო ჩვენი პროექტი ხომ არ არის, რამდენადაც ვიცი, საყვარელიძეს უჩივლა „დიღმის“ ამხანაგობამაც, პრობლემებია „ფიქრის გორის“ პროექტშიც. რომ დაითვალეს, ამ პროექტებში გაფლანგული თანხა 50 მილიონამდე ადის, თუმცა გამოძიება რატომღაც პასიურობს. ჩვენს საქმეში ისეთი დეტალებია დასაზუსტებელი, რომ სერიოზული მუშაობა სჭირდება. კორპუსში ბევრ ადამიანს აქვს ბინა, მაგრამ არ აქვს თანხის გადახდის ქვითარი. ზოგ ადამიანს აქვს ჩათვლა, რომ „ევორდს“ გარკვეული ტიპის სამუშაო შეუსრულა და ჩვენთან ბინა მისცა. არის ბარტერებიც სადაც ბინა გაცვლილია სამშენებლო მასალებში. არის ისეთი მობინადრეების ნაწილიც, ვისაც ქვითარი კი აქვს, მაგრამ რეალურად ფული შეტანილი არ აქვს. გამომძიებელს მოვთხოვეთ ყველა დაეკითხა. თუმცა, რატომღაც თავს არიდებდა. ბოლოს გვითხრა, კარგით ლევან საყვარელიძის ნომერი მოგვეცით, ეგებ დავურეკოვო. მივეცით ბუღალტრის ნომერიც. გვაქვს ინფორმაცია, რომ საყვარელიძეც დაიკითხა და ბუღალტერიც, თუმცა ამ უკანასკნელისგან ბევრი ვერაფერი გაიგეს, რადგან განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი საყვარელიძეთან იყო და ასე ზეპირად არ ახსოვდა. „ევორდის“ ოფისიდანაც არ განუხორციელებიათ დოკუმენტების ამოღება“,- ამბობს ზარდიაშვილი.
ამხანაგობის წევრები ამბობენ, რომ ბოლოს ლევან საყვარელიძემ თავადვე შესთავაზა, ციხეშიც რომ ჩავჯდე, თანხას მაინც ვერ მოვიტან და 600 ათასს როგორმე შეგიგროვებთ, რომ მშენებლობა დასრულდეს და მორიგებაზე წავიდეთო. ეს ახალი მიზეზი აღმოჩნდა პროკურატურისათვის, რომ საქმის ძიება შეეჩერებინა.
„ჩვენამდე მოდიოდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ საყვარელიძეს პროკურატურაში მფარველობდნენ. ფაქტი სახეზეა, რომ გამოძიება გაჭიანურდა და საქმე ნორმალურადაც არ არის გამოძიებული. საყვარელიძეს წლების განმავლობაში ვთხოვდით მშენებლობის დაჩქარებას, თუმცა თავის გასამართლებლად მიზეზი არ გამოლევია, ხან ძნელაძეზე მიწის ნაკვეთის შეძენას იმიზეზებდა, ხან სასტუმრო „კემპინსკის“ შეძენას, თუმცა გვაიმედებდა, რომ მშენებლობა დაზღვეული ჰქონდა და აუცილებლად დასრულდებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ობიექტები არჩევნებამდე ბანკ „ქართუში“ ჩადო. გახსოვთ ალბათ, რაც მოხდა, ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცა და ბანკი „ქართუ“ დღესაც ითხოვს ამ ქონებაზე უფლების აღდგენას. თხოვნაც დავწერეთ ბანკის, რომ თუკი ქონების რეალიზაციის პროცესი დაიწყება, როგორც დაზარალებუილები ჩვენც გაგვითვალისწინონ, რადგან ლევან საყვარელიძე თვითონვე აცხადებდა, რომ ეს ქონება, ჩვენი, მობინადრეების ფულით აქვს შეძენილი“,- აცხადებს ზარდიაშვილი.
მობინადრეები ამბობენ, რომ ლევან საყვარელიძეს დაპირებული 600 ათასიც არ მიუტანია და არც დაპატიმრებულია, „გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თვითონ პროკურატურაც იყო დაინტერესებული ამ საქმით“,- ამბობს ზარდიაშვილი.
ბ.ბ. დაზარალებული: „2006 წლის დასაწყისში შევიტანე თანხა და მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით 2007 წელს, წელიწადნახევარში უნდა დასრულებულიყო. თანხა პირველივე დღეს გადავიხადე სესხით და მას შემდეგ ქირით ვცხოვრობ. ასეთი ბევრი მობინადრეა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენობას სახურავი არ აქვს და ისიც ზიანდება, რაც აშენებულია“.
იმ მობინადრეებმა ვისაც ფული ბოლომდე არ ჰქონდა შეტანილი, გარკვეული თანხა, დაახლოებით 400 ათას დოლარამდე შეაგროვეს და გადაწყვიტეს, რომ ბოლო სართული და გადახურვა, რომელიც დასასრულებელი დარჩა, საკუთარი ძალებით დაესრულებინათ.
სხვათა შორის, 2011 წელს „ევორდმა“ ამხანაგობის წევრებთან შეთანხმების გარეშე შენობას 2 თუ 3 სართული დაამატა. მერიამ ნებართვა გასცა, რომ სართულები დამატებოდა. შესაბამისად, საყვარელიძეს ნებართვის მიღებამდე არქიტექტურის სამსახურში ე.წ. კოეფიციენტის თანხა უნდა გადაეხადა. როდესაც მობინადრეებმა მშენებლობის გაგრძელება დააპირეს, აღმოჩნდა, რომ ეს თანხა გადახდილი არ ყოფილა და შესაბამისად, მშნებლობას ვეღარ აგრძელებენ. ლაპარაკია 468 ათას ლარზე. მობინადრეები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ, თუნდაც ის, როგორ პატიობდნენ ბიზნესმენს თანხების გადაუხდელობას.
„ერთადერთი რაც მივიღეთ, არის ის, რომ პროკურატურამ დაზარალებულ ამხანაგობად გვცნო და ახლა „ევორდთან“ საერთო აღარაფერი გვაქვს, მაგრამ მერია, რომელიც „ევორდსა“ და მის მიერ დაფუძნებულ ამხანაგობებს წლების მანძილზე თანხებს წინასწარ არ სთხოვდა, ახლა ამ თანხას ჩვენგან ითხოვს. მერიის ერთ-ერთ სხდომაზე გიგი უგულავამ ისიც თქვა, რომ მერიის ბიუჯეტში 50 მილიონს გავითვალისწინებთ დაზარალებული ამხანაგობების დასახმარებლადო, თუმცა, როგორც ჩანს ჩვენ ვერ მოვხვდით იმ დაზარალებულთა სიაში, რომელსაც მერია დაეხმარება“,- ამბობს ზარდიაშვილი.
For.ge-ს ინფორმაციით, ლევან საყვარელიძე ყოფილი მთავარი პროკურორის, დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის ნათესავია და არჩევნებამდელი პროკურატურა რატომ არ იყო დაინტერესებული საქმის კვალიფიციურად გამოძიებით, ყველასათვის გასაგებია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღეს საქმეს იგივე ხალხი იძიებს, რომელსაც მშენებარე სახლის მობინადრეები პასიურობაში ადანაშაულებენ, ამიტომაც იმედი არ აქვთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქმის ობიექტურად გამოძიება მოხდება.