დასავლეთ საქართველო მიწისძვრით გამოწვეული პანიკითაა შეპყრობილი

დასავლეთ საქართველო მიწისძვრით გამოწვეული პანიკითაა შეპყრობილი

დასავლეთ საქართველოში მიწისძვრისგან გამოწვეული პანიკა ჯერაც არ ჩამცხრალა. საქართველოში წუხელ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5,5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან 29 და 32 კმ-ში 01:44 და 01:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად აჭარაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ამას წინ უძღოდა 23 დეკემბერს საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა, რომელიც თბილისის დროით 17:32 საათზე მოხდა. საქართველოს სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 5.9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები შავ ზღვაში, ქალაქ ფოთიდან დასავლეთით, 57 კილომეტრზე დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად იმერეთში საცხოვრებელი სახლები დაიბზარა. გავრცელებული ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორაში მიწისძვრამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედელი დააზიანა, ხოლო ქუთაისში, ე.წ. „პლაშადკის“ დასახლებაში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის  გვერდითი ნაწილი ჩამოინგრა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანიკის გამო ქუთაისსა და ბათუმში მოსახლეობა ქუჩებშია გამოსული, რადგან უფრო ძლიერ მიწისძვრას ელოდებიან.

„ახლახანს მეგობრებმა პორტიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კიდევ მიწისძვრა არის მოსალოდნელი და თან უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ამიტომ ქუჩაში უნდა გავიდეთ, რომ მიწისძვრამ სახლში არ მოგვისწროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბარში ბათუმის მაცხოვრებელმა. როდესაც ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა ეს ადამიანი, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, იგი ისეთ ეიფორიაში იყო, რომ არ დაგვიჯერა. მისი თქმით, ბათუმში ხალხი ქუჩებშია გასული და მიწისძვრის პანიკური მოლოდინი აქვთ. ჩვენი რესპოდენტის განცხადებით, საბავშვო ბაღებიდანაც ბავშვები ეზოებში გამოიყვანეს. გაუგებარია, როდემდე იდგებიან ბათუმელები ქუჩაში. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით იგივე ვითარებაა ქუთაისში.

For.ge შეეცადა სეისმოლოგებისგან მიეღო ინფორმაცია, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში მიწისძვრა და საერთოდაც, რამდენად შესაძლებელია მიწისძვრის პროგნოზირება.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დამუშავების ჯგუფის უფროსი სპეციალისტი, ნინო ჩიქოვანი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია და ამიტომ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაცია, მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ის სიმართლეს არ შეეფერება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, მიწისძვრა უნდა მოხდეს (თან შვიდბალიანი), ის, რომ საჭიროა, მოსახლეობამ რაღაც უსაფრთხოების ზომები მიიღოს, ასეთი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია და არც არავის ამ ქვეყანაზე“, - ამბობს ნინო ჩიქოვანი.

მისი თქმით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ე.წ. „ავთერშოკები“, ანუ განმეორებითი ბიძგები ხდება ხოლმე, მაგრამ ისინი პირველ ბიძგთან შედარებით ბევრად სუსტია და ხშირ შემთხვევაში, ადამიანი მათ ვერც კი გრძნობს. ამდენად, ნინო ჩიქოვანის თქმით, შესაძლოა „ავთეშოკები“ განმეორდეს, მაგრამ ამის გამო ხალხი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს.

ისე, მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ზომების მიღებას რაც შეეხება, მიწისძვრის დროს მოქცევის გარკვეული წესები არსებობს. სეისმური ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულია სასარგებლო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მიწისძვრის დროს:         

„თუ მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობის შიგნით, დაწექით იატაკზე  მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა შეწყდება. იმ შემთხვავაში თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც მერხი, დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით და მიწაზე დაწექით შენობის შიდა კუთხეში. თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრისგან, გასასვლელი კარისგან,  ყველაფრისგან, რაც შეიძლება ჩამოვარდეს. კარების შესასვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა“, - ნათქვამია სეისმური ცენტრის ვებგვერდზე.