საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია „ფრონტერას“ მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%–ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკანვე დაუბრუნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით. კერძოდ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს.
ამასთან, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აშშ–თან ურთიერთობა, რომელიც საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში „ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს.
როგორც ცნობილია, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ დაევალა ძებნა–ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება. ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარია.
აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კარგი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის ღია საუბრისთვის და კომუნიკაციისთვის.
„ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის ღია საუბრისთვის და კომუნიკაციისთვის. შესაბამისად, კარგი იქნება თუ შედგება კომუნიკაცია და დიალოგისა და შეთანხმების მიღწევის გზით გადაწყდება ეს საკითხი. საქართველოს მხრიდან სურვილი და ღიაობა კომუნიკაციისა არსებობს“, –განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის ქვეყნის ბიზნეს გარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. გიორგი გახარიას განცხადებით, „ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო და აქტივის 99% დაიბრუნა. 1%, რომელიც საქართველოს სამართლებრივად, ფორმალური და იურიდიული მხარით შეეძლო დაებრუნებინა, პროცესის დაწყებაზე უარი თქვა.
„რატომ? – იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნეს გარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ეს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე – არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა თარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ. მესამე საკითხი - რა თქმა უნდა, იქ არიან დასაქმებული ქართველი ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერსებიც გათვალისწინებული უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკული ინვესტიციები ქვეყნისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციებია, ისევე როგორც ევროპელი პარტნიორების ინვესტიცია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ აღქმის საშუალება დარჩეთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით.
ვიცე–სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლების მხარეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„არბიტრაჟის გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს იმას, თუ ვინ გაიმარჯვა ამ დავაში. ხელისუფლებამ დავაში არათუ გაიმარჯვა, არამედ უფლება აქვს, კონტრაქტი სრულად შეწყვიტოს. თუმცა, ამას იმის გამო არ ვაკეთებთ, რომ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ვაფასებთ და პირიქით ვცდილობთ, მათ ისეთი გარემო შევუქმნათ, რაც მათ კეთილსინდისიერი მუშაობის საშუალებას მისცემს.
სწორედ ეს იყო შეთავაზების არსი, თუმცა ვხედავთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები არ ცდილობენ, ამასაც დაეთანხმონ. მათ ის ვალდებებულებებიც აქვთ გასასტუმრებელი, რაც თანამშრომლებს უკავშირდება. თუ არ ვცდები, მათთვის ერთი წლის ხელფასები აქვთ დასაფარი და კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდიან. თუ უნდათ კეთილსინდისიერი მუშაობის გაგრძელება, შეთავაზება უნდა გამოიყენონ და ამ კუთხით მხარდაჭერა ბოლომდე ექნებათ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური ვირეშმაკობის მაგალითია, ქვეყნისთვის ბრიყვული და მავნებლური. მისი თქმით, „ფრონტერასთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა ქვეყნის იმიჯი უკვე დააზიანა, რადგან, როგორც ბოკერია აცხადებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მდიდარი კომპანიის ინტერესებს კი არა, საშუალო და გაჭირვებული კლასის მოქალაქეებს ეხება.
„აქ ფულის დახარჯვა დაკავშირებულია რისკთან. მთავრობა ოლიგარქის დავალებით შეიძლება ჩაგერიოს და წაგართვას, სასამართლო ხომ საერთოდ არ არსებობს. ეს არის ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახზე აისახება, განსაკუთრებით მათზე, ვისაც უჭირს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. დამატებითი სიბრიყვეა ის, რომ ახლა უკან იხევენ, ოღონდ პრობლემა ამით ბოლომდე არ იხსნება. ამდენი სისულელე და მავნებლობა ერთად, მარტო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შეუძლია“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი თვლის, რომ კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებით საქართველომ აშშ–ს აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს, ამერიკულ ბიზნესს ხელი შეუწყოს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ მოესპობა შესაძლებლობა, ამერიკელ კანონმდებლებს ლობისტების დახმარებით დროდადრო აწოდოს არასწორი ინფორმაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ბიზნესგარემოსი. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, „ფრონტერამ“ სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორიის ის 99 პროცენტი, სადაც მას ძებნა–ძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია“, – აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი.
?
გამწარებულია ბოკერია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში საქმე წააგო "ფრონტერამ" და მილიარდები, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვდა, ვერ წაართვა საქართველოს!!!
პირიქით, დააბრუნებინა საკონტრაქტო ტერიტორიის 99% და ეს გააკეთა არა "ბიძინას სასამართლომ", არამედ საერთაშორისო არბიტრაჟმა!!!
და ამითი გამწარებულია საქართველოს მოქალაქე!..
წარმოგიდგენიათ?!
მერე იტყვიან, სამშობლოს დარდი გვაქვს და იმიტომ ვცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებასო!
იმდენი თქვენი დ მ !...