"2013 წელი საქართველოს ისტორიაში ინვესტიციების მხრივ ყველაზე წარმატებული იქნება“ - ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ერთმანეთის პარარელულარად აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ძველი ფინანსური ჯგუფის „ჯიპი მორგანის“ შემოყვანას გეგმავს. არანაკლები გეგმები აქვთ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს.
დაინტერესდებიან თუ არა ქართული ბაზრით მსოფლიო საინვესტიციო გიგანტები? მით უფრო მაშინ, რომ მსოფლიო ახალი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას? ბევრი რამ იანვარშივე გადაწყდება, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავა. სწორედ აქ ეცდება იგი „ჯიპი მორგანთან“ წარმატებული მოლაპარაკების წარმოებას.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2013 წელს ინვესტიციების მოზიდვა მარტივი იქნება. იგი იმ სავარაუდო ნიშნულსაც ასახელებს, რომელზეც ქვეყანამ სწორება უნდა მოახდინოს.
„2 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შესაძლებელია. ინვესტირების საშუალება იქნება, მაგრამ როგორ მოხდება მისი განთავსება, ეს მეორე პრობლემაა. ამისთვის კარგი პროექტები უნდა არსებობდეს, საინტერესო და რენტაბელური“, - აღნიშნავს ივანიშვილი.
პრემიერმა კონკრეტული ინვესტორების ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა მას აქვს იდეა, კომერციულ სტრუქტურებში განაცხადი შეიტანონ, ვის რა პროექტი აქვს და მათი განხილვა მოხდეს.
2-მილიარდიანი ზღვარი არცთუ დაუძლევლად მიაჩნია ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსაც. მისი აზრით, ახალი მთავრობისთვის შეუძლებელი არ იქნება 2007 წლის მაჩვენებლის გამეორება. ხადური კაპიტალის წარმომავლობასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ პასუხს იძლევა და აცხადებს, რომ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს ევროპული ქვეყნებიდან.
ექსპერტები ცოტა არ იყოს ეჭვის თვლით უყურებენ მთავრობის წევრთა ესოდენ თამამ განნცხადებებს. საინვესტიციო კომპანია „ჯიაიჯი პლიუსის“ ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში საფონდო ბირჟების შესახებ კანონის დარეგულირებამდე ქართული ბაზრით საინვესტიციო ფონდები არ დაინტერესდებიან. დავით ასლანიშვილის თქმით, საქართველოში საინვესტიციო გარემოს მსგავსი გიგანტების შემოსვლა გააქტიურებს, თუმცა საკითხავია დაინტერესდებიან თუ არა ისინი ქართული ბაზრით. ქვეყანაში საბროკერო ფირმები ფაქტობრივად აღარ არსებობს და ასეთ პირობებში საქართველოში თანხას არცერთი საინვესტიციო კომპანია არ ჩადებს.
საინვესტიციო კომპანია „სიეფესში“ კი აცხადებენ, რომ „ჯიპი მორგანის“ მსგავსი კომპანიებისთვის ქართული ბაზარი მწირია, თუმცა კომპანიის ადგილობრივი ფინანსური ბაზრით დაინტერესების შესაძლებლობა მაინც არსებობს. „სიეფესის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მსხვილ ინვესტორთა მოზიდივის კუთხით ქართული მხარე შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც გაატარებს.
თუმცა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ მხოლოდ ადგილობრივი პრობლემები კი არ გვეღობება, არამედ გაცილებით გლობალური. საქმე ისაა, რომ ახალ წელს მსოფლიოს, შესაძლოა, ახალი მასშტაბური ფინანსური კრიზისი დაემუქროს და ეს ყველა გეგმას თავდაყირა დააყენებს. The Financiali times-ის საიტზე საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ინგლისის ბანკის ყოფილი წარმომადგენელი დე ანე ჯულიუსი გლობალური კრიზისი შესახებ შესაბამის დასკვნებს აკეთებს.
„ერთმა ან რამდენიმე ქვეყანამ, შესაძლოა, დატოვოს ევროზონა. ძალადობა შეიძლება მთელ ახლო აღმოსავლეთზე გავრცელდეს. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის კონგრესმა ქვეყანას „ფინანსური უფსკრულიდან“ რეცესიისკენ უბიძგოს. შესაძლოა, დაიწყოს კუნძულებზე დავა ჩინეთსა და მის მეზობლებს შორის და აშშ იძულებული გახდეს ჩაერიოს“, - აცხადებს ჯულიუსი.
ყველაზე დიდი საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ–ერთი ამ მოვლენათაგანი (ან ყველაფერი ერთად) მსოფლიოს ახალ ფინანსურ კრიზისში შეიყვანს.
„ამას სამი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკა 2007–08 წლების შემდეგ ფეხზე ვერ დადგა. მეორეც, ეკონომიკურმა პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა. ორივემ - ფინანსურმა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ, თავიანთი ეფექტურობის ზღვარს მიაღწია. ბოლო მესამე მიზეზი კი არის პოლიტიკური სისუსტე. ეკონომიის გაჭიანურებული პოლიტიკა მმართველი პარტიებისადმი ნდობას არყევს. ევროზონის პერიფერიული ქვეყნები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. იტალიაში სუსტი კოალიცია არჩევნების შემდეგ გაზაფხულზე, ან კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა გამარჯვება, შესაძლოა, არა მხოლოდ ევროს დასასრულის დასაწყისი, არამედ ახალი ფინანსური კრიზისის სტარტი გახდეს,“ – ამბობს ექსპერტი.