საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ახალგორის მოსახლეობასთან მიმართებაში, მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება; თავის მხრივ კი
ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ედუარდ კოკოითის მიერ ხელმოწერილი ე.წ. დადგენილება (რომელიც ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორში კერძო საკუთრების “სახელმწიფო საკუთრებად“ გამოცხადებას), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროსტრუქტურების დახმარებით, იმ საერთო ბრძოლისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს, რასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად აწარმოებს.
იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს კოკოითის ხელმოწერილი “დადგენილების“ გამოცემის მიზანი და კონკრეტულად რა ქმედითი ღონისძიებები შეიძლება მოჰყვეს ამას, პრესა.გე ესაუბრა ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს. ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში გაეცნობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას კომენტარებს, ზემოხსენებულ “დადგენილებასთან“ მიმართებაში.
ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ერთ–ერთ მკვიდრს პრესა.გე ტელეფონით დაუკავშირდა და დაინტერესა როგორი ვითარებაა რაიონში, რა რეაქცია მოჰყვა “დადგენილების“ გამოცემას ადგილობრივ მოსახლეობაში და ამასთან, გადადგა თუ არა ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა რაიმე ქმედითი ნაბიჯები.
აი, რა გვიამბო ჩვენმა რესპოდენტმა (რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ ვასახელებთ, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით):
“ის კომუნალური ბინები და საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებიც აქაურებს 1991 წლიდან 2008–მდე დაუკანონდათ, კოკოითის “დადგენილების“ მიხედვით უკანონოდ ითვლება. ეს “დადგენილება“ 2–3 დღის წინ გამოიცა, რის შესახებაც ახალგორელების ნაწილმა იცის. ჯერჯერობით ამ კუთხით სხვა სიახლე არ არის და არ ვიცით ეს მარიონეტული რეჟიმი რას მოიმოქმედებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის რეაქციაზე საუბარი ნაადრევია. ისე, კოკოითის მარიონეტულ რეჟიმს აქცენტი აღებული აქვს სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებზე, რომლებიც წლების წინ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცათ. დაახლოებით ერთი წლის აღწერები სწორედ ასეთ კორპუსებში ჩაატარეს“.
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მიერ გამოცემულ “დადგენილებასთან“ მიმართებაში, მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება. კერძოდ, სააგენტო “ჯი–ეიჩ–ენთან“ საუბრისას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა მალაშხიამ, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას, კოკოითის “დადგენილების“ საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრება ურჩია.
მალაშხიას განმარტებით, ყველა საერთაშორისო სტრუქტურამ კარგად იცის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მარიონეტული რეჟიმის ნებისმიერი სტრუქტურის გადაწყვეტილება სამართლებრივი ძალის არმქონეა.
“იმ ადამიანებს, ვისაც კერძო საკუთრების ძალით ჩამორთმევას უპირებენ, ინდივიდუალურ რეჟიმში საერთაშორისო სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს – იგივე საკითხებს ჩვენ, როგორც საერთაშორისო სასამართლოში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვაყენებდით და კიდევ დავაყენებთ“, – ამბობს მალაშხია და იქვე დასძენს, რომ
იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სახლებიდან ძალით კიდევ ერთხელ გამოყრის, ეს შეფასებული იქნება, როგორც ეთნოწმენდის გაგრძელება.
პრესა.გე–მ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს პირველი კითხვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა
საქართველოს ხელისუფლებას, ამ ხალხის საერთაშორისო სასამართლოში გადამისამართების გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია?
მამუკა არეშიძე: ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება იქაურ მოქალაქეებს ორგანიზებულად უნდა დაეხმაროს: მიმართულება მისცეს, იურიდიული დახმარება გაუწიოს, საფოსტო და სამგზავრო დახმარება აღმოუჩინოს იმისთვის, რომ ახალგორელებმა ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი დავის სივრცე შექმნან.
ამასთან, ცნობილია, რომ ამ კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს. სახელმწიფომ მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიოს ამ ადამიანებს, როგორც მატერიალური, ისე იურიდიული და ინტელექტუალური თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დევნა დაიწყოს კოკოითის ხელისუფების წინააღმდეგ.
იმას თავი რომ დავანებოთ, საქმეს მოიგებენ თუ არა, ეს ნაბიჯი იმ საერთო ბრძოლისთვის იქნება სასარგებლო, რასაც საქართველო თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად აწარმოებს. ზემოხსენებული გზის გარდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას სხვა ბერკეტი არა აქვს; სხვანაირად ამ ამბის არდაშვება მხოლოდ ტანკით, ზარბაზნით და ავტომატითაა შესაძლებელი.
ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ, სახლები არავისთვის ჩამოურთმევიათ და
ასეთ პირობებშიც შეიძლება მიმართონ ევროპულ სასამართლოს?
– საქმის ვითარების გაცნობა და პრევენცია შესაძლებელია; იქნება ეს ეუთო, თუ ევროპარლამენტი, ეს დოკუმენტი უნდა გადავუგზავნოთ შესაბამისი კომენტარით, რომ თუ ეს განხორციელდა, ჩვენ ვიწყებთ შემდეგ ეტაპს. ამასთან, ამ საკითხის დაყენება ჟენევის ფორმატშიც შესაძლებელია. დადგენილება არის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო განხილვას ექვემდებარება.
საქართველოს ხელისუფლებამ საქმის ვითარება საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა გააცნოს; მაგალითად, “ამინისტი ინტერნეიშენალს“ და სხვებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი. ისინი ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართულები უნდა იყვნენ.
როგორ გგონიათ, სახლებიდან გამოაძევებენ იმ ადამიანებს, ვინც ამჟამად ოკუპირებულ ახალგორშია?
– ვფიქრობ, კოკოითის ხელისუფლება ადამიანების სახლიდან გამოყრას არ დაიწყებს.
კოკოითი ახალგორთან მიმართებაში მაქსიმალურად დელიკატურია, რომ იმიჯი გამოისწოროს და ჩამოირეცხოს ის ბრალდება, რაც მას აქვს მსოფლიო საზოგადოების თვალში, როგორც ეთნოწმენდის მომწყობ ადამიანს. მგონია, რომ იმ ადამიანების ბინების მისაკუთრება დაიწყება, რომლებიც ახალგორში არ ცხოვრობენ.
თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება კოკოითის მიერ “დადგენილების“ გამოცემა?
– როგორც ჩანს, ეს ხუთ–ექვს–სართულიანი კორპუსები სჭირდებათ ან სამხედროების განსათავსებლად, ან ცხინვალში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასაბინავებლად, თორემ ახლა ახალგორში დამბრუნებელი ოსები (20 თუ 30 კაცი), უკვე დაბრუნდნენ და დარწმუნებული იყავით, რომ სხვები არ დაბრუნდებიან.
ცხინვალში დანგრეული სახლები ყველას ხომ ვერ აუშენეს?! შეიძლება ცხინვალელი უსახლკაროების შესახლება დაიწყონ ახალგორში, “სახელმწიფო საკუთრებად“ გამოცხადებულ კორპუსებში. ალბათ, უნდათ რუსი სამხედროები, ან ომის დროს დაზარალებულები როგორმე გააჩუმონ, თორემ, ეს ხალხი გაგიჟდა უკვე – მესამე ზამთარი იწყება და მათი გარკვეული ნაწილს კაცი პატრონი არ ჰყავს.