“გარდაცვლილი თამუნა ბაჩალიაშვილის მხარე არ ენდობა გამოძიებას, სახელმწიფო ექსპერტიზას და საქმეში რუსეთის მოქალაქე, უკრაინელი გიდის, გალინა კარმუშინას ჩართვას ითხოვს. ამ ფაქტმა და ამ ქალბატონის შაქარაშვილის საქმეზე „საექსპერტო“ განცხადებებმა, მოვლენათა განვითარებას საინტერესო და გასაანალიზებელი მიმართულება შესძინა, როდესაც მე დამირეკა ჩემმა ახლობელმა მღვდელმსახურმა.
მამაოსთან საუბარში შევიტყვე, რომ გალინა კარმუშინას სახით, მან ამოიცნო ის გიდი, რომელმაც შარშან მის ტაძარში რუსულენოვანი ტურისტების ჯგუფი შემოიყვანა, რა დროსაც აწვდიდა მათ იმდენად დამახინჯებულ და ცილისწამებლურ ინფორმაციას ქართული ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ისტორიის თაობაზე, რომ ტაძრის სხვა მსახურებთან ერთად, მამაომ სთხოვა ამ ქალბატონს ტურისტებთან ერთად დაეტოვებინათ ეკლესიის ტეროტორია. გალინა კარმუშინას „საექსპერტო“ მონაყოლით, ტურისტებმა გაიგეს, რომ „მართლმადიდებლობა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, ხოლო აღნიშნული ტაძარი (მე-6 საუკუნის!!!) მას შემდეგ გახდა ქართული, რაც იგი სომხურ ეკლესიას უკანონოდ ჩამოართვეს“.
ამ ზარმა ბიძგი მომცა ეს თემა ოდნავ ფართოდ გამეშალა და ერთ პარადოქსსაც მივადექი. თავის დროზე მეც მქონდა მცდელობა, რუსულენოვანი ტურისტების ბაზარზე შევსულვიყავი, როგორც არასტანდარტული ტურების სცენარისტი და ტურისტული ჯგუფების გიდი. ამ მიმართულებით სოციალურ ქსელებში, ტურისტულ საიტებზე და ცალკეული ტურისტული კომპანიების დონეზე წავაწყდი ერთ საინტერესო კანონზომიერებას - ტურიზმის კონკრეტულად ეს სეგმენტი (რუსეთი/უკრაინა) დიდი ხანია ნაცმოძრაობის რუსულენოვანი კონტინგენტის კონტროლის ხელშია, რომლის ერთ-ერთ „რუხ კარდინალს“ წარმოადგენს საქართველოში თავის დროზე სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი და მისი პირადი მეგობარი, რუსული წარმოშობის ჟურნალისტი, თავის უკრაინელ მეუღლესთან ერთად.
სწორედ ის და მასთან დაახლოვებული ნაცსექტანტების სხვა წარმომადგენლები ფლობენ ტურიზმის ამ მიმართულებით ე.წ. საკონტროლო პაკეტს. ხოლო საკუთარ კლიენტებში, მეფის რუსეთისა და საქართველოზე ბოლშევიკური შეხედულებების საუკეთესო ტრადიციებში, ახდენენ ჩვენს ქვეყანაზე, მის ისტორიაზე გაუკუღმართებული წამოდგენების ჩამოყალიბებას. ამას ჰქვია "მეხუთე" კოლონა, ამას ჰქვია ჰიბრიდული ომის ნაწილი, ამას ჰქვია რუსეთის ოკუპაციის გაგრძელება/ხელშეწყობა და ყოველივე ამით დაკავებულია ნაცსექტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი - "ჩემი შენ გითხარის"-ს პრინციპით აპრავებს ყოველივეს.
აქვე დავძენ, რომ ჩემი ბაზრის ამ სეგმენტში შეღწევის მოუფიქრებელი და მოუმზადებელი მცდელობა - ამ ჯგუფის მიერ მყისიერად იქნა დაბლოკილი, თუმცა საქმის ვითარებაში გარკვევის შემდგომ, ამ ეშმაკის მოციქულებთან ძალისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვის სურვილი აღარც მე დამრჩენია.
ჩემს მიერ გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ, ნაცმოძრაობის - როგორც ნეოტროცკიზმის, ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მემკვიდრის - ზოგად დახასიათებაში, კიდევ ერთი დამატებითი „პაზლი“ ჩამასმევინა გრიგოლ ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და საბჭოთა ავტორიტარულ ლიდერებზე შეყვარებულ სააკაშვილთან ერთად. ხოლო მოქმედი ხელისუფლების რუსეთის მიმართ სიყვარულში დადანაშაულების მიღმა, საკუთარი პარტაქტივის რუსეთზე ფინანსური და იდეოლოგიური მიბმის მხოლოდ და მხოლოდ გადაფარვის ეშმაკური მცდელობაა. სამწუხაროა, რომ მათ ამ დაგებულ ხაფანგებში ხვდება ჩვენი ზოგიერთი დასავლელი მეგობარი. თუმცა მათი ამ ხაფანგებიდან განთავისუფლება და მოვლენათა განვითარების რეალურ სურათზე სწორი ხედვების ჩამოყალიბება - ჩვენი პარტნიორული ვალდებულებაა.“
?
ამ განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა ფასი, თუ დაასახელებდით ამ პიროვნებას!..
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იგივეა, რასაც აკეთებს ნაც-მედია: "როგორც სანდო წყარომ გვაცნობა..."