ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში 20 დან 24 რიცხვამდე ზრდა ფიქსირდება, მაინც ჩნდება კითხვა, დაიწყო თუ არა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა? ხომ არ მოხდება ქვეყნის კვლავ ჩაკეტვა და რა სახის დინამიკა უნდა განვითარდეს დღის ან კვირის განმავლობაში, რომ ისევ ამ საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ?
ხელისუფლებამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარის ჩაკეტვა გადაწყვიტა. დასახლებაში ყველა შესასვლელსა და გასასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ. სოფელში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში 41 დადასტურებული შემთხვევაა.
ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი უკვე დაიწყო. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ლილოში გამოკვლევების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაირკვა, რომ გარდაბნიდან ბაზრობაზე სამუშაოდ ბევრი მოქალაქე ჩამოდის. სწორედ ლილოს ბაზრობიდან არის დღეს გამოვლენილი ახალი ინფიცირებულებიდან 8 შემთხვევა.
ადგილზე მომუშავეების განცხადებით, რეგულაციები გამკაცრებულია და ისინიც ცდილობენ, რომ რეკომენდაციები სრულად დაიცვან, მათ შორის, დისტანციის, დეზინფექციის და პირბადის ტარების წესები.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 19 შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 5 გაჩიანიდან, 2 იმპორტირებული, (აქედან ერთი სატვირთოს მძღოლი), 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 214 პაციენტი მკურნალობს.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპი დაიწაყო, მიზანშეწონილი არ არის: „ეს მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში ეპიდაფეთქებაა, რომელიც აქამდე გვქონია და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ადვილად განმხუტულა“. ინფექციონისტი ამბობს, რომ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევებით იმედია, რომ რეგიონში კორონავირუსის კონტროლი ადვილად მოხდება და მისი გავრცელება მასშტაბური არ იქნება.
„ჩაკეტვის შემდეგ მოსახლეობის მასიური გამოკვლევა მოხდება, უახლოეს ერთ-ორ კვირაში გამოჩნდება, არის ეს მეორე ტალღა, თუ უბრალოდ, ერთ კონკრეტულ რეგიონში გვაქვს გავრცელება. ამ ორი დღის მაჩვენებლით, მეორე ტალღის დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. საყურადღებოა, რომ მატება გვაქვს, მაგრამ კონკრეტული პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. თუკი 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მყარი ზრდა გვექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა. ახლა თუ მწვანე ზონად ვითვლებით, თუ ამ დროის განმავლობაში დინამიკური ზდა გვქონდა, მაშინ სიტუაცია უკვე საგანგაშო იქნება“, - ამბობს ინფექციონისტი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ რეგიონში პირველწყარო გაიპარა, რადგანაც არ იქნა მოსახლეობისგან სათანადო ყურადღება მიქცეული. მისი თქმით, რაც არ უნდა ყველა წესი დავიცვათ, პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები, შესაძლოა, რეგიონში მაინც გვქონდეს. უბრალოდ ამაზე რეაგირება სწრაფი უნდა იყოს და დანარჩენმა მოსახლეობა რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
„ალბათ იმის ბარლიც არის, რომ მოსახლეობა რეკომენდაციების შესრულებას მოეშვა, გაჩნდა იმის განცდაც, რომ კორონავირუსი არ არსებობს და ეს ხელოვნურად მოგონილი ამბავია. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგანაც ვხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ყველაზე საშიში ისაა, როცა მტერს სათანადოდ ვერ დააფასებ. ჩვენ ეს არ უნდა დაგვემართოს და კორონავირუსი სათანადოდ უნდა დავაფასოთ“, - ამბობს ინფექციონისტი for.ge-სთან.
ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანაში კორნავირუსის გავრცელების კუთხით საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, დღეში მაქსიმუმ 30-მდე დაინფიცირების შემთხვევა რომ გვქონდეს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. „რეგიონების ჩაკეტვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არც 19 და არც 20 შემთხვევა დღეში საგანგაშო არაა. უფრო მეტიც, 30-მდეც რომ გაიზარდოს, მაინც არაფერს ნიშნავს. ჩვენივე ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით კვირაში 300-მდე შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს ესეც დიდი არაფერია. ჩვენი ჯანდაცვის სიტემა მშვენივრდა გაუძლებს. ეს არ არის მეორე ტალღა. მსგავსი მატება როდესაც ჩაკეტილი ქვეყანა იხსნება გასაკვირი არაა. ჩვენ გვაჩვევენ იმას, რომ დღეში მხოლოდ 3 შემთხვევა უნდა იყოს, ასე არაა. კორონავირუსი არსად არ წასულა და არც წავა.
ამიტომაც ასეთ ისტერიკაში მუდმივად ვერ ვიცხოვრებთ. მისი მართვა მშვიდად უნდა ვისწავლოთ. ამ ყველაფერში პოლიტიკურ მიზნებს ვხედავ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ რამეს გვაჩვევდნენ. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში იმ ქვეყნებშიც, სადაც ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივად და ასეთ პანიკაში არავინ ვარდება. ეს ქვეყანას ეკონომიკური კუთხით უფრო დიდ ზიანს მოუტანს ვიდრე კორონავირუსი“, - ამბობს ჩიხლაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ კი კვირის განმავლობაში 400-მდე ადამიანი დაინფიცირდება, მაშინ ეს უკვე საშუალო დონის განგაშია და რაღაცა კონკრეტულ ზომებზე ვიფიქროთ: „როდესაც კვირის განმავლობაში ამ რიცხვს ასცდება, მაშინ ეს უკვე განგაშის მიზეზი უნდა გახდეს“.