ეროსი კიწმარიშვილის წაგების, მოგების, ზიზღის, აღტაცებისა და მედიის მშენებლობის 20 წელიწადი

ეროსი კიწმარიშვილის წაგების, მოგების, ზიზღის, აღტაცებისა და მედიის მშენებლობის 20 წელიწადი

როცა „რუსთავი 2“-ს ან „მაესტროს“ ახსენებს ბიძინა ივანიშვილი, მე შემომხედოს თვალებში, რადგან მე ბევრი რამ ვიცი, რაც მოხდა. ან თქვას ივანიშვილმა, რას გულისხმობს და გახსნას ყველა ფრჩხილი, ან სამუდამოდ დახუროს ეს თემა, რადგან მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემაზე ლაპარაკი მისთვისაც და ზოგადადაც ძალიან მძიმე იქნება, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, ნუ იქნება მხარე „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“ წილებთან დაკავშირებით გასამართი სასამართლო პროცესის წინ, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის პოზიცია სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება.

კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე პოლიტიკაში შემოსვლა დაიწყო მასთან დაპირისპირებით, თუმცა თავად მისი მხრიდან ივანიშვილის მიმართ არაკორექტული გამონათქვამები არ ყოფილა. პირიქით, როცა ივანიშვილი „მაესტროს“ მართვის უფლებას ითხოვდა, იგი ტელეკომპანიას ერთ ლარად უთმობდა და, საერთოდ, ერთი წელია, მას ხმა არ ამოუღია, რათა ივანიშვილისთვის ხელი არ შეეშალა ყოფილ ხელისუფალთა მოცილების საქმეში. არც ახლა აპირებდა საჯარო აქტიურობას და ივანიშვილთან წარსულში არსებული გაუგებრობის ფრქვევას, რადგან ე.წ. გადამგდებების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის სასამართლოში გაგრძელების ეიმედებოდა. ამ შემთხვევაში, საუბარია „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ის ქეისებზე. 

საქმე ისაა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დავალებით ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ქიბარ ხალვაშს, რათა მოეცილებინათ ეროსი კიწმარიშვილი.

თავად ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონკრეტულ საუბარს არ აპირებს, არც მის პრემიერ-მინისტრობას ეხება. ამის შესახებ კიწმარიშვილმა For.ge-ს საპასუხოდ განაცხადა, როცა ჩვენ დავინტერესდით, თუკი მისი ვერსია სწორია, მაშინ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილს და საერთოდ, იგი რატომ უნდა დახმარებოდა ქიბარ ხალვაშს, მით უფრო, სააკაშვილის დავალებით?! ეს მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პირადად არც იცნობდა ქიბარ ხალვაშს.

კიწმარიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როცა სააკაშვილის თხოვნით ბიძინა ივანიშვილი მას შეხვდა, რა დროსაც თურმე ეროსის მისთვის უთქვამს, მე არ მინდა ვიყო ბერლუსკონიო. თუმცა, ამ ნათქვამიდან, კიწმარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რატომღაც ის დასკვნა გამოიტანა, რომ ეროსის თითქოს, პრემიერ-მინისტრობა უნდოდა. სინამდვილეში, კიწმარიშვილი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკურ ანგაჟირებაში იძულებით მოხვედრის გამო „რუსთავი 2“-დან დისტანცირება და ამ არხის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაცია სურდა.   

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიწმარიშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლების სხვადასხვა დროინდელი ვიდეო-ჩანაწერებიც წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ივანიშვილის ინტერესი ჩანდა მისი ჩამოცილების მიზნით. ამის საილუსტრაციოდ კიწმარიშვილი იხსენებს ივანიშვილის ცალკეულ ნათქვამებს, კერძოდ:

„როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერი ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი?!“   

„მინდა მივმართო „მაესტროს“ წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს, შალვა, შენ აკეთებდი „დარდუბალას“... დღეს რა დაგემართა, ასეთი ნიჭით დაჯილდოებული კაცი უნიჭოებს როგორ ემსახურები? შენ ახალ „დარდუბალას“ უნდა ქმნიდე, ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული „მაესტროს“ მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა.“

„ბატონო დავით (აქუბარდია), თქვენ ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და, თუ პირველ გადაცემაში მოწოდების სიმაღლეზე იყავით, კიწმარიშვილთან საუბრისას დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და გეტყობოდათ, დაკვეთას ასრულებდით.“   

ასევე, კიწმარიშვილმა ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ იმ პერიოდში, როცა „რუსთავი 2“-ს ბოროტების მანქანად მოიხსენიებდნენ, ამ საქმეში ქიბარ ხალვაშის ჩართვა აბსოლუტური შემთხვევითობა და ფორმალობა იყო და, სინამდვილეში, ამ ტელევიზიას აკონტროლებდა სააკაშვილი.

„ხოლო ეროსიმ მოახერხა და თავისი პარტნიორები გააცურა, ძირითადი თანხა კი აიღო და ისინი ჩამოიშორა, ამ ყველაფერს კი მომავალში თავად ქიბარ ხალვაში იტყვის“.  

„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ ფრაზებსაც იშველიებს, როცა პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი მასთან საუბარშიც არ მალავდა და ეხვეწებოდა, რომ ეროსი ჩამოეშორებინათ. მართლაც, თურმე ივანიშვილი, სააკაშვილის თხოვნით, იმ დროს იძულებით შეხვდა ეროსი კიწმარიშვილს.

„მერე რა, რომ პრემიერ-მინისტრი ჟვანიაა, ეროსის აქვს პრემიერ-მინისტრობის სურვილი და არ გამოვრიცხავ, ქიბარ ხალვაშმა მეგობრულად რაღაც პოზიცია დაიჭირა, რადგან ისიც გრძნოდა, რომ ახალი ხელისუფლებისთვის მხარი უნდა დაეჭირა და ეროსი ჩამოეშორებინათ, რომელიც თავს აბეზრებდა სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის მოთხოვნით“, - მოჰყავს კიწმარიშვილს ბიძინა ივანიშვილის ციტატა ირმა ინაშვილის ინტერვიუდან.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა დახურა „მე-9 არხი“ და ეს ტელევიზია „რუსთავი-2“-ს გადასცა (და არა საზოგადოებრივ მაუწყებელს), როგორც მადლიერება იმისა, რომ „რუსთავი 2“-მა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.

კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მან 2009 წელს უფლებების შელახვის გამო თავად უჩივლა ქიბარ ხალვაშს, რათა დაკარგული უფლებები აღედგინა. ამდენად, თუკი მართალია ბიძინა ივანიშვილი, რომ ქიბარ ხალვაშმა და მან რაიმე ისეთი იციან, რაც მან არ იცის, უმჯობესია, ან ხმამაღლა გამოცხადოს, ან სამუდამოდ გაჩუმდეს.

ეროსი კიწმარიშვილი ამჟამად ელოდება, წაიღებს თუ არა ივანიშვილი თავის სიტყვებს უკან. იგი მზადაა, დაელოდოს „რუსთავი 2“-თან და „მაესტროსთან“ დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს, როგორც დაზარალებული. თუ მოვლენები მისი სურვილისამებრ არ განვითარდება, ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მას ბრძოლის არ ეშინია, რადგან მის მიერ მედიაში გატარებული 20 წელიწადი იყო ბრძოლის, წაგების, მოგების, ზიზღის, ლანძღვის, აღტაცებისა და ამავდროულად, მედიის მშენებლობის ისტორია.