ცხინვალის რეგიონში თურმე 5 ათას დოლარად შეფასებული ღამურების მოზღვავებაა. სწორედ ამით ახსნა ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საქართველოს მოქალაქის მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი. ცხინვალში ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიას აქვს გაძლიერებული ინტერესი სამხრეთოსური ღამურების მიმართ.
ინფექციონისტი პაატა იმნაძე ცხინვალის განცხადებას ერთი ფრაზით აფასებს, „სატირალი რომ არ იყოს, - სასაცილოა“. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღამურების კვლევა ლუგარში ტარდება, მაგრამ ნიმუშებს სპეციალური ჯგუფები ეძებენ და არა უბრალო ადამიანები.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე for.ge-სთან საუბრისას თავის ემოციებს ვერ მალავს: „რა სისულელეა, რა ღამურები, რის ღამურები, ეს რუსეთმა შავი პიარის მიზნით წამოიწყო“.
გია გაჩეჩილაძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაა მოწოდებული, რათა შეაჩეროს ინფექციების, ეპიდემიების გავრცელება. თანაც, ასეთი ლაბორატორია მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია, მათ შორის, აზერბაიჯანშიცაა, სომხეთშიც, რუსეთს უამრავი ასეთი ლაბორატორია აქვს. უბრალოდ, რადგან საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის გახსნა ამერიკელების დაფინანსებით მოხდა, ამიტომაც ატყდა ერთი ამბავი. რუსეთი ამას იყენებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის ჩასაშლელად, შავი პიარისთვის.
„რუსეთის ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია. კორონას საშინელი ეპიდემიის გამო ლამის დაიშალოს ქვეყანა, ჩრდილოეთ მხარეში ხალხი უკვე გამოდის ქუჩაში და ამბობს, არ გვინდა რუსეთი, სეპარატისტული მოძრაობები დაიწყო ამის გამო. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უვადოდ უნდა პუტინს იქ არსებობა. როცა რუსეთს უმძიმდება სიტაუაცია, გარე პრობლემებზე ცდილობს ყურადღების გადატანას და ასეთ სისულელეებს იგონებს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმიც რუსეთის დამხმარედ გამოდის, რადგან პირდაპირ რუსეთის სამხედრო ჩექმაზეა ჩამოკიდებული. ასეთ პირობებში აფხაზები და ოსები უნდა ეცადნენ, თავი გადაირჩინონ, საქართველოს დაუბრუნდნენ, რადგან მათი პერსპექტივა აღარ არსებობს, განსაკუთრებით, აფხაზეთში, სადაც საშინელი დემოგრაფიული სიტუაციაა. ნელ-ნელა, მე მგონი, ჭკუაზე მოდიან აფხაზები, თუ რა შეცდომა დაუშვეს საკუთარი გენოფონდის წინააღმდეგ. ასეთივე მდგომარეობაა ცხინვალშიც. იქაც ნელ-ნელა რუსები გენოფონდს შეცვლიან“,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე იუმორით უდგება ამ საკითხს და ამბობს, რომ ამას წინათ მის ფანჯარაში ღამურა შეფრინდა და ნახევარი საათი სდია, რომ გაეგდო. რომ სცოდნოდა $5 ათასს იხდიდნენ ღამურაში, დაიჭერდა.
„ასე რომ იყოს, თურმე სადღაც საზღვრისპირა სოფელში ვიღაცამ იცის, რომ $5 ათასს იხდიან ღამურებში, მთელი ალექსეევკა და მთელი თბილისი დაკავებული იქნებოდა ღამურების დაჭერით. 5 ათასი დოლარი წლიური შემოსავალია ხალხისთვის. ეს ხომ აბსურდია. აქ მე ვხედავ ერთ რამეს, რომ დაკავებებს, რასაც უკანონოდ ახორციელებს რუსეთი (და ვიცით, რამდენი ტრაგედია მოხდა ამის გამო და დაიღუპნენ ჩვენი თანამოქალაქეები), რაღაც გამართლება უნდათ მოუძებნონ. საკმაოდ ხმაურიანად მოხდა ბოლო დაკავებაც, გასროლა იყო და ამას ვერ მიჩქმალავენ. ამიტომ ახალი სცენარი უნდათ ააგონ ლუგართან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ლუგარის თემით წლების განმავლობაში არ იღლებიან. საამისოდ იყენებენ ჩვენს დევნილ უშიშროების ექსმინისტრს (იგორ გიორგაძე, რედ.), რომელიც აფრიალებს სულელურ ქაღალდებს. ლუგარის მსგავსი ლაბორატორიები იმავე პროგრამით, სენატორ ნანისა და სენატორ ლუგარის ინიციატივით, ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში აშენდა. არის უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არის აზიისკენ, ყაზახეთში, ყირგიზეთში. ამ ლაბორატორიების დანიშნულება ის იყო, რომ საბჭოთა არმიის მიერ დატოვებული სხვადასხვა მავნე ნივთიერებების გამოკვლევა და გაუვნებელყოფა მომხდარიყო“,- აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარდა ეს ლაბორატორია სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით. ლაბორატორია არ არის არც ამერიკის, არც სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, არც კურატორობის, არც გავლენის თვალსაზრისით. ის ჯანდაცვის სისტემის დაქვემდებარებაშია და ემსახურება გარანტირებულად სამშვიდობო, სამედიცინო, სამეცნიერო მიზნებს. ამ ლაბორატორიის მნიშვნელობა კარგად დაინახა რუსეთმა, რადგან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით შედეგები განსხვავებულია ჩვენთან და მათთან. ამიტომ რუსეთს სჩვევია საკითხის გადაფარვა, ისრების მიტრიალება, ნაცვლად იმისა, პრობლემები საკუთარ თავში ეძებონ.
„გვიან დაიწყო რუსეთმა პანდემიასთან ბრძოლა, შემდეგ მოთოკეს ეს ვითარება, ოღონდ საკმაოდ მძიმე შედეგებით. მსგავსი ლაბორატორიები არის რუსეთშიც, 80-ზე მეტი ლაბორატორია აქვს მხოლოდ როსპოტრებნადზორს რუსეთის ყველა რეგიონში. არის კიდევ ნოვოსიბირსკის ცნობილი ლაბორატორია. ვირუსის გაჟონვაც კი ხდება ყველგან და ამისგან ტრაგედიას არავინ ქმნის, თუკი შედეგები არ არის მძიმე. საქართველოს მხრიდან არანაირი საფრთხე არ ჰქონია რუსეთს ისევე, როგორც იმ ლაბორატორიების მხრიდან, რომლებიც სხვა რესპუბლიკებშია. რატომღაც მაინცდამაინც საქართველოში განლაგებული ლაბორატორია აწუხებთ, რომელიც ერთი არ არის, მთელი კომპლექსია, მთელი სისტემა შეიქმნა უკვე და განსაკუთრებით განვითარდა ამ პანდემიის დროს. ტესტების ჩატარება ყველა რეგიონში ხდებოდა იმისთვის, რომ თბილისში არ ჩამოეყვანათ ადამიანები“.
ამირან სალუქვაძე იხსენებს, რომ ბევრჯერ მოვიწვიეთ რუსი სპეციალისტები და მედია საქართველოში, იუთუბზეცაა ეს ვიდეომასალები, რუსულ მედიას პრაქტიკულად ყველა კუთხე- კუნჭული აჩვენეს. დღესაც მზად ვართ, ნებისმიერი მასშტაბის რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს საქართველოში, ოღონდ საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად. თუმცა რუსებს არ აწყობთ ეს წინადადება, რადგან მუდმივად სჭირდებათ დაძაბულობა, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყურადღება ლუგარზე გადაიტანონ.
ამირან სალუქვაძის აზრით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როგორც ლუგარის ლაბორატორიის საკითხს, ასევე, პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან, ლავროვის ან სხვების განცხადებებს, ჩვენი პოლიტიკური ძალები შიდა ინტერესებისთვის იყენებენ. ეს მაშინ, როცა აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული მსგავსი მძიმე განცხადებების დროს ყველა ერთ პოზიციაზე უნდა დადგეს და საკადრისი პასუხი გასცეს ოკუპანტ სახელმწიფოს, დაანახოს მათ, რომ აქ არ აქვთ დასაყრდენი, არ მოჰყვება ამას პოლიტიკური დაძაბულობა და არეულობა ქვეყანაში. ოკუპანტები წლების განმავლობაში ეფექტურად იყენებენ საოკუპაციო ხაზის გავლებას, დაკავებებს, აგრესიულ განცხადებებს. ყველა ასეთი ქმედების შემდეგ საქართველოში იწყება შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ვისმენთ ოპოზიციონრების განცხადებებს, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება აძლევს რუსეთს მსგავსი ქმედებების უფლებას, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ გაათამამა რუსეთი.
„გათამამებული არ ჰყავდათ რუსები 2008 წელს, ან მანამდე, ან მის შემდეგ? სანამ ჩვენ არ გავერთიანდებით დეოკუპაციის საკითხში და, სანამ რუსეთი ვერ შეძლებს შიდა პოლიტიკური თემების ასაწევად გამოიყენოს ეს საკითხები, მანამ ვერაფერს ვერ მივაღწევთ“.