პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მთავრობის და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით
თუკი ნოემბერ-დეკემბერში პრემიერ გიორგი გახარიას სარეიტინგო ქულა 21 იყო, მაისში ის უკვე 65 გახდა. 43-დან 69-მდე გაიზარდა პოლიციის შეფასების მაჩვენებელმა, 9-დან 30-მდე პარლამენტის, პრეზიდენტისა კი 9-დან 25-მდე.
მოსახლეობა თითქმის 100 პროცენტით დადებითად აფასებს ექიმების საქმიანობას კორონავირუსის პერიოდში. კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული საქმიანობის შეფასება ასევე მაღალი იყო ყველა სხვა ინსტიტუტის შემთხვევაში, მაგალითად: პოლიცია - 88 ქულა, ლუგარის ლაბორატორია - 88 ქულა, კონკრეტულად გიორგი გახარია - 87. 68 ქულით შეფასდა პარლამენტი, პრეზიდენტი კი უფრო ნაკლებით - 51.
მოსახლეობისგან დიდწილად მოწონებული იყო ის შეზღუდვები, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაწესდა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა ნიღბის ტარებასა და კომენდანტის საათის შემოღებას. ყველაზე ნაკლები მოწონება (44%) ზოგიერთი პროდუქტის ონლაინ გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესებას ხვდა. ასევე ყველაზე ნაკლებად მხარდაჭერილ ღონისძიებათა შორის იყო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების გადაწყვეტილება - მას მხოლოდ 55% ეთანხმება.
Covid 19-ის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 000-მდე ადამიანი გამოიკითხა. ცთომილების ოდენობა დაახლოებით 3.0%-ა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ორგანიზაციას საქართველოში არა ერთი კვლევა ჩაუტარებია და მისი ცდომილება დიდი არ ყოფილა. ხშირ შემთხვევაში დამთხვევა დიდი და შესაბამისად მისდამი ნდობაც უნდა იყოს. ჩიტიძე ამბობს, რომ CRRC-მა გაამოკითხვები ჩაატარა, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო და თბილისის მერის არჩევნების წინ, შესაბამისად ყველა მათგანში არც თუ დიდი ცდომილება ყოფილა. ამიტომაც ნიკა ჩიტიძე, არ გამორიცხავს, რომ პანდემიის დროს მთავრობის და პრემიერ გახარიას რეიტინგი გაზრდილიყო.
„პირველ რიგში, აღნიშნულ კვლევას შეგვიძლია, რომ ვენდოთ და მეორე საკითხია, რომ გაჩნდება კითხვა - რატომ აიწია გახარიას რეიტინგმა ამ დონემდე? მით უმეტეს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ვიცი, რომ 20 ივნისის აქციიდან გამომდინარე, მისი რეიტინგი დავარდა. თუმცა გვინდა არ გვინდა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რეიტინგმა აიწია. პირველ რიგში, კი, ეს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც მეზობელ ქვეყნებისგან განსხვავებით წარმატებული აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ლომის წვლილი ჩვენს ექიმებს მიუძღვის, საზოგადოების ნაწილმა ეს გახარიას კარგ მუშაობას დაუკავშირა და მის წარმატებად ჩათვალა. რა თქმა უნდა, გახარიას დიდი წვლილიც არის, რომ როგორც მენეჯერმა სწორი ნაბიჯები გადადგა და არცთუ ცუდად იმუშავა. რაც შეეხება იმას გამოიყენებს თუ არა „ოცნება“ ამას წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, და ეს გასაკვირიც არ იქნება. ივანიშვილმა, ვნახეთ, რომ სიტყვით გამოსვლისას ამაზე ისაუბრა კიდეც. გახარიას ფიგურა, როგორც ვხედავთ მის მოწინააღმდეგეებშიც საინტერესოა. ოპოზიციაშიც აღიარებენ, რომ წინა მინისტრებისგან განსხვავებით, ის უფრო კარგი მენეჯერია“, - ამბობს ჩიტიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, არ არის გამროიცხული, რომ არჩევნებისთვის თუკი რიგი ეკონომიკური პრობლემები გაიზრდება, გახარიას და მთავრობის რეიტინგი ისევ დაეცეს. თუმცა ჩიტიძე აქვე დასძენს, რომ ხელისუფლებამ 8 მილიარდი სესხი აიღო და შესაძლოა, წინასაარჩევნოდ, ეს თანხა რიგი პრობლემების გადასაჭრელად და ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენოს. ამიტომაც ახლა ამ პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ხელისუფლება გაზრდილი რეიტინგის შენარჩუნებას.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს for.ge-სთან არ უკვირს, რომ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების და გახარიას რეიტინგი გაიზარდა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 100 დღეში ხელისუფლებამ ამ რეიტინგის შენარჩუნება მოახერხოს. ანალიტიკოსის თქმით, არც ის არის უცნაური, რომ „ოცნება“ ამ წარმატებას წინასაარჩევნოდ გამოიყენებს, რადგანაც ნებისმიერი ხელისუფლება ასე მოიქცეოდა.
„ხელისუფლების რეიტინგი იმიტომ გაიზარდა, რომ მსოფლიოში ახლა ყველაზე საშიში ვირუსი საქართველოში წარმატებით ლოკალიზებულია. იმ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, შესაძლოა, ითქვას, რომ შეუძლებელი შევძელით. ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით, მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში ვართ, რომლებსაც ჩვენზე მეტი ეკონომიკაც და ჯანდაცვის სფეროში უფო დიდი შესაძლებლობები აქვს. ეს ხალხმა დაინახა და ბუნებრივია, შემდეგ ხელისუფლების მხარდაჭერაში გადაითარგმნა. კი გასაგებია, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ექიმებმა შეასრულეს, მაგრამ რომ არ ყოფილიყო მათი მხადაჭერა ხელისუფლების მხრიდან, ისინი ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და ფინანსური ხელშეწყობა ჰქონდათ იმისთვის, რომ ეს წარმატება დამდგარიყო.
ახლა მეორე საკითხია შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლება ამ რეიტინგს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული „ოცნება“ და გახარია, შემდგომ პოსტპანდემიულ კრიზისს როგორ გაუმკლავდება, რომელიც ეკონომიკურ ხასიათს ატარებს. მოსახლეობა ახლა უკვე ნაკლებად ფიქრობს იმაზე, კორონავირუსი შეეყრება თუ არა. ახლა მოსახლეობის მთავარი საფიქრალია, როგორ იშოვოს დაკარგული სამუშაო და როგორი იქნება მისი ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომაც არჩევნებამდე ამ 100 დღეზე იქნება დამოკიდებული გახარია და მისი გუნდი რას შეძლებს. ეს კი მის სამომავლო რეიტინგს განსაზღვრავს“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
სავსებით გეთანხმებით!.. მეც ასე მგონია.