„ოცნების“ ამერიკელ ლობისტებს მათრახი სჭირდებათ

„ოცნების“ ამერიკელ ლობისტებს მათრახი სჭირდებათ

1992 წლის შემდეგ რთულია გაიხსენო საქართველოს რომელიმე არჩევნები, სადაც ასეთი დიდი დოზით ყოფილიყო საერთაშორისო ჩარევა და ამ მხრივ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად შევა ისტორიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით წარმართულიყო, ხოლო საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა აშშ-ს საელჩოში მომხდარიყოს. თუ რა სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა ახლავს თავად ამ ფაქტს, ქვეყნის სუვერენიტეტის ასპექტში, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ყოველივე რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა, რომ არა ის უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლა, რაც ხელისუფლებაზე განხორციელდა. ამ ზეწოლის ინიცირებაში კი ლომის წილი ოპოზიციაზე მომუშავე ლობისტურ კომპანიების ზეაქტიურობას და „ოცნებაზე“ მომუშავე ლობისტების პასიურობას მიუძღვის.

როგორც არ უნდა ეხამუშებოდეთ „ქართული ოცნების“ წევრებს და მათ მომხრეებს, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ნაციონალების ლობისტებმა აშშ-სა და ევროპაში, მათთვის სასურველი მოკლევადიანი, მაგრამ ხელშესახები შედეგი დადეს, რამაც ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესზე, გარკვეულწილად უკან დაახევინა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციამ ეს საკუთარ გამარჯვებად გაასაღა.

რას აკეთებენ ამ დროს „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ლობისტები აშშ-ში და რა შედეგს აჩვენებენ?! თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ მათ მიერ დაქირავებული Hogan Lovells ქმედებები (ისინი საჯაროა აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს საიტზე) კონკრეტულ ქეისზე - 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ხელმოწერილ გახმაურებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე The RSC National Security Strategy: Strengthening America & Countering Global Threats სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც პუტინის მოკავშირე და ა.შ.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე დღეში Hogan Lovells წარმომადგენელი ყოფილი სენატორი ნორმან ქოლემანი წერს აბსოლუტურად იდენტური შინაარსის წერილს იმ ანგარიშის ხელმომწერ კონგრესმენების აპარატის თანამშრომლებს(!!), რომელსაც თან ურთავს პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია უკმაყოფილება პარტიის თავმჯდომარის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიების გამო.

თუმცა, აქ საინტერესოა და ნიშანდობლივია ლობისტის მიერ სამიზნე აუდიტორიასთან გაგზავნილი წერილი, სადაც წერია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოხატავს „გარკვეულ შეშფოთებას“ პარტიის ლიდერის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიების გამო. დავიწყოთ წერილით. რამდენიმე კონგრესმენთან ელ-ფოსტით დაგზავნილი წერილები აბსოლუტურად იდენტურია როგორც შინაარსით, ისე პათოსით. ყველა წერილს ახლავს სტანდატული მორიგე პასაჟი, რომ „ქართული ოცნება“ მოუთმენლად ელის იმუშაოს ამ კომიტეტის წევრებთან აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გამყარებისათვის“.

თუმცა, ლობისტურ კონტექსტში უფრო საინტერესოა წერილის ბოლო წინადადება, სადაც ლობისტი ყოფილი სენატორი ნორმან კოულმენ კონგრესმენებს ეუბნება შემდეგს: „გთხოვთ მაცნობოთ, თუ რაიმე კითხვა გაქვთ და როგორც ყოველთვის მოხარული ვიქნები ნებისმიერი გამოხმაურების რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ“.

გამოვყოფ ორ ძირითად მომენს 1. ლობისტი ძალიან მსუბუქ ფორმებში აღწერს „ქართული ოცნების“ წუხილებს ანგარიშთან მიმართებაში, რითაც წერილის ადრესატს შეიძლება შეექმნას განცდა, რომ ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია პარტიისათვის. დიდი ალბათობით ადრესატები არც წაიკითხავდნენ „ქართული ოცნების“ ვრცელ განცხადებას, რომლის სტილის განხილვაც კიდევ ცალკე საკითხია.

  1. ლობისტი კონგრესმენებს უტოვებს გადაწყვეტილებას გამოეხმაურონ თუ არა წერილს, ანუ ლობირება წარმოებს არა აქტიურად, არამედ პასიურად.

სამწუხაროდ, არ გამაჩნია სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია თუ დამატებით რა ლობისტური აქტივობები განახორციელა ბატონმა კოლემანმა. თუმცა, შედეგი არის ის, რომ ამ დოკუმენტში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მან პირვანდელი სახით მოიარა დიდი აუდიტორია და შექმნა ნეგატიური განწყობები ივანიშვილის და „ოცნების“ მიმართ, რომლის გამოსწორებასაც გაცილებით მეტი დრო და რესურსები სჭირდება, თუკი საერთოდ არის შესაძლებელი.

ლობისტი ერთგვარი მედიატორია კლიენტსა და ლობიზმის ობიექტს შორის, მედიაცია კი არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ ხელოვნებაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ლობისტმა უბრალოდ მოვალეობა მოიხადა და „ქართულ ოცნებას“ დაანახა, რომ უსაქმოდ არ ზის და რაღაცას აკეთებს.

და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გარემოება. როდესაც თხოვნით მოგმართავენ, მით უმეტეს რაღაც საქმის გასაჩარხად - ფაქტიურად ესაა ლობისტობა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ მოგმართავს, როგორია მისი წონა, გავლენა, ნდობა და ა.შ.

ყოფილი სენატორი ნორმან კოულმენი მისი ბიოგრაფიით https://en.wikipedia.org/wiki/Norm_Coleman თუ ვიმსჯელებთ, არ განეკუთვნება წონად ფიგურებს, მან უშედეგოდ გააპროტესტა 2008 წელს არჩევნებში დამარცხება, ეჭვმიტანილი იყო კორუფციულ სკანდალში და ა.შ. რაც მთავარია, ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-ში ის ამა წლის იანვრიდან გადადგა მთავრობასთან ურთიერთობისა და სახელმწიფო საქმეების სექციის ლიდერის თანამდებობიდან და მხოლოდ უფროსი კონსულტანტის ფუნქცია დაიტოვა. ეს კი არცთუ უმნიშვნელო ნიუანსია, ლობისტური საქმიანობისას. ლობისტის სტატუსი ბევრ რამეს განაპირობებს. შესაძლოა, სწორედ ასეთი წვრილმანებიც განაპირობებს იმას, რომ ჯერჯერობით „ოცნების“ ამერიკელ ლობისტებს შედეგის კუთხით სატრაბახო არაფერი აქვთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკასა და ევროპაში ლობისტური ქსელის შექმნა და სხვა ფორმალური თუ არაფორმალური კავშირების გაბმა არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი. 2016 წელს გუნდში ამ საქმისთვის მოყვანილმა შემადგენლობამ კი, რომ იტყვიან, ვერ ივარგა.

უცხოეთში ქართული პოლიტიკური პარტიების ლობისტური საქმიანობის შეფასება ჩვენთან ხშირად ისეთივე ზედაპირულია, როგორც სხვა საკითხების. მაგალითად, საკმარისი იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობ კონგრესმენ ადამ კინზინგერს განეცხადებინა, რომ რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტი, სადაც საქართველოსთვის დახმარების 15% შესაძლო შემცირებაზეა საუბარი, არ გულისხმობს სანქციებს, როგორც ამას ნაციონალები ამტკიცებენ, ეს მაშინვე მიჩნეულ იქნა „ოცნების“ ლობისტების მუშაობის შედეგად. არადა, კარგი იქნებოდა დეტალურად წაეკითხათ თუ რა წერია კანონპროექტსა და მის განმარტებით ბარათში და გაერკვიათ, არის თუ არა კინზინგერი „ოცნების“ ლობისტთა ადრესატების სიაში. ინფორმაცია ხომ საჯაროა! „ოცნების“ ლობისტების მუშაობის ავკარგიანობა კი გამოჩნდება იმით, თუ რა სახით დამტკიცდება ეს კანონპროექტი კონგრესსა და სენატში და რას დაწერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.

შესაბამისად, ლოგიკა კარნახობს „ქართულ ოცნებას“ (და არა მხოლოდ მას), რომ რაც შეიძლება გულდასმით შეარჩიონ ლობისტური კომპანიები და როგორც კლიენტმა სათანადო კონტროლი გაუწიოს მათი საქმიანობის ხარისხს.

 

Katana . ეეჰ!..
როგორც მაკიაველი ამბობს, ლიდერზე (მთავარზე) უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა ხალხს შემოიკრებს თავის გარშემოო...

ახლა, მე რომ დამსვა სიმფონიურ ორკესტში და სულაც სტრადივარიუსის ვიოლინო დამაჭერინო, არ ვიცი დაკვრა და მომკალი!

(გურულს რომ ეკითხებიან, პიანინოზე დაკვრა იციო? - მეცოდინება, ალბათ!
ზოგიერთსაც ასე ჰგონია - ორკესტრში თუ დასვამ, დაუკრავს კიდეც.
ვერ დაუკრავს!)
4 წლის უკან
Katana . „ოცნების“ ამერიკელ ლობისტებს მათრახი სჭირდებათ"
მათრახი იმას სჭირდება, ვიც ესენი შეარჩია ლობისტებად და ამათ ახარჯავს ბიუჯეტის ფულს!
4 წლის უკან
ზურაბი რომელ კორუფციის აღმოფრხვაზეა საუბარი,როდესაც არსებობს ლობისტობის ინსტიტუტი, სადაც არის პრეისკურანტი,ეს ადამიანი ამდენადაა შეფასებული ის იმდენად. ესაა პოლიტიკა? ესაა ჩვეულებრივი მოსყიდვა რომელიც დაამხეცა წინა ხელისუფლებამ,მოისყიდა ის ხალხი ვინც საქართველოზე მუშაობდა,ამათ კი მეორედ გაყიდვა აღარ უნდათ,საკმაოდ სარფიანი მყიდველი ჰყავთ,ალბათ ჯიბეშიც უკუჭავენ და კომპრომატებათ ექნებათ შენახული. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
4 წლის უკან