„სააკაშვილის რიტორიკა არ შეცვლილა, რომ თურმე გადმოცურავს ზღვას და შემოვა საქართველოში“

„სააკაშვილის რიტორიკა არ შეცვლილა, რომ თურმე გადმოცურავს ზღვას და შემოვა საქართველოში“

„ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში იქნება, ის დაბრუნდება საქართველოში. - როდის? როცა ამის დრო დადგება“,- ეს სააკაშვილმონატრებული რომან გოცირიძის სიტყვებია.

თავად სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება საქართველოში ჩამოსვლის სურვილის შესახებ და, როგორც წესი, ეს განცხადებები ყოველთვის საარჩევნო პერიოდს ემთხვეოდა.

სააკაშვილის დაბრუნების ნოსტალგია საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ ის უკრაინაში ვერ იქნება, ვერც მსოფლიო მოქალაქე ვერ გახდება, რადგან გამუდმებით საქართველოში დაკარგული ძალაუფლება ენატრება.

საქართველოში მას მხოლოდ რომან გოცირიძე არ ელის. ჯერ კიდევ შარშან ნუგზარ წიკლაური ამბობდა, რომ „სააკაშვილის დაბრუნება ჩვენი, ქართველების მთავარი ნაციონალური მიზანი და ამოცანაა“.

რას ნიშნავს უკრაინაში ყოფნა სააკაშვილისთვის და რა უფრო არსებითია მისთვის - უკრაინის, თუ საქართველოს პოლიტიკა?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რომან გოცირიძე, როგორც პარტიის ერთ-ერთი ფუნქციონერი, საკუთარი ლიდერის, ანუ სააკაშვილის ნათქვამის გადამღერებას ახდენს. კერძოდ, სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

„უკრაინის პოლიტიკა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, მას ჰყავს გარკვეულ მხარდამჭერთა ჯგუფი დასავლეთში და სწორედ მათი მეშვეობით მოახერხა უკრაინაში იმ თანამდებობის შოვნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა თანამდებობაზეც ახლა არის. ეს არის არაოფიციალური თანამდებობა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის, რომელიც მას იმის თავისუფლებას აძლევს, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და იყოს თავისუფალი თავის ქმედებებში. იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება საქართველოში კონიუნქტურა და როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, ამისდა მიხედვით გადაწყვეტენ ნაციონალები, წავიდნენ რევოლუციურ სცენარზე, თუ არ წავიდნენ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბარში და 2016 წლის პერიოდს იხსენებს, როცა საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, მაშინაც აბსოლუტურად მსგავსი რიტორიკით საუბრობდა სააკაშვილი, რომ გადმოცურავდა ზღვას, შემოვიდოდა საქართველოში და ჩაერთვებოდა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში.

თუმცა იმხანად მოვლენებმა ისეთი განვითარება განიცადა, რომ სააკაშვილმა ეს ვერ გაბედა. დღესაც თუ ეს ხელისუფლება ფატალურ შეცდომებს არ დაუშვებს, საზოგადოებას თავის წინააღმდეგ არ განაწყობს და ხალხს ქუჩაში არ გამოიყვანს თავისი გადაწყვეტილებებით, არანაირი საფუძველი რევოლუციური განწყობების აგორების არ არსებობს. მით უმეტეს, თუკი ამ რევოლუციური განწყობის ავანგარდში იდგება „ნაცმოძრაობა“.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამის ძალიან მკაფიო მაგალითია 20 ივნისის მოვლენები. როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდები გვერდით ჩააჩოჩეს და მოვლენების მართვის სადავეები ხელში აიღო „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და მათი ინიცირებული იყო პარლამენტის შტურმი, ნელ-ნელა მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა ესეცაა, როცა ისინი გვარწმუნებენ, რომ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში. სწორედ სააკაშვილის დაბრუნება არ უნდათ იმ ადამიანებს, ვისაც „ოცნება“ გულზე არ ეხატება, მაგრამ, თუ არჩევანი დადგა, ისევ „ოცნებას“ დაუჭერენ მხარს იმიტომ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს.

„მცდარი მესიჯები აქვს ოპოზიციას, მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილი წყნარად და მშვიდად რომ ყოფილიყო და, დავუშვათ, ლექციები ეტარებინა, ან კონფერენციებში მიეღო მონაწილეობა, ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა, გარწმუნებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ნაციონალები სწორედ იმას აკეთებენ, რის გამოც მათ 2012-ში უარი უთხრეს. „ნაცმოძრაობამ“ უნდა მოახდინოს იმიჯის რებრენდინგი, გააანალიზოს, რატომ დაკარგა ძალაუფლება, რა იყო მიზეზები, როდესაც მათ ხალხმა არ მისცა ხმა, მაგრამ ნაცები დღესაც ვერ აკეთებენ ამას“,- მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე აზრით, სააკაშვილი უკრაინაში ჯერჯერობით სათამაშო ფიგურაა, არასდროს გავლენა მას უკრაინის პოლიტიკაზე არ ჰქონია და ვერც ექნება. არც თანამდებობა აქვს ისეთი. პოროშენკოს დროს უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა, ვიდრე დღეს აქვს - სააკაშვილს ხომ დღეს ენჯეო-ს მსგავსი თანამდებობა აქვს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge- სთან საუბრისას.

Temo ბატონო ზაალ, მიუხედავად მის, რომ თქვენს აზრს დიდ პატივს ვცემ, ამჟამად ცდებით, რადგან მიხოს დასავლეთშია კი არ ჰყავს ლობისტები და პატრონები, არამედ რუსეთში. ის ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ახორციელებდა და ახლაც ასეა. ერთ კანტორას ემსახურებიან სააკაშვილიც და, უკრაინელთა საუბედუროდ ზელენსკიც. ისე, რუსეთს დასავლეთშიც ჰყავს თავისი კაცები...
4 წლის უკან
petrekupry სრულიად მართალი ბრძანდებით!
4 წლის უკან
Katana . უკეთესი ვარიანტი: ბმული
4 წლის უკან