„ვირუსი არსად წასულა და ის ნულამდე კიდევ კარგა ხანი არ ჩამოვა, დღეში 30-მდე ზრდაც რომ იყოს, საშიში არაფერია“

„ვირუსი არსად წასულა და ის ნულამდე კიდევ კარგა ხანი არ ჩამოვა, დღეში 30-მდე ზრდაც რომ იყოს, საშიში არაფერია“

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხე? - ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7-ის პირველწყარო დაუდგენელია. ასევე გვყავს მე-16 გარდაცვლილი, რომლის ოჯახის ყველა წევრიც კორონავირუსით არის დაავადებული. ბოლო შემთხვევათა უმეტესობა კი გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან მოდის. არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღისთვის მზად და დღეში რამდენი ადამიანი უნდა დაინფიცირდეს, რომ ქვეყანაში ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს?

For.ge-სთან ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები აცახდებენ, რომ ჯერჯერობით მეორე ტალღის დაწყების საფრთხე არ არსებობს და დღეში 10- დაინფიცირებული საგანგაშო რიცხვი არაა. ხოლო, თუ მეორე ტალღა დაიწყება, ქვეყანა ამისთვის სრულიად მზად არის, როგორც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის კუთხით, ასევე ჯანდაცვის პრაქტიკითაც. მათივე თქმით, დღე-დღეზე ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდაც დასრულდება და მეორე ტალღა ისეთივე საშიში აღარ იქნება, როგორც პირველი. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის ბუნების შესწავლა თითქმის მოხდა და მისი კონტროლი ქართველ ექიმებს მეორე ტალღის შემთხვევაში აღარ უნდა გაუჭირდეთ.

რაც შეეხება კორონავირუსის მე-16 მსხვერპლს, მისი ოჯახის წევრები ლილოსა და დინამოს მიმდებარე ბაზრობებზე მუშაობდნენ, შესაბამისად კონტაქტების წრე საკმაოდ ფართოა.

ეპიდემიოლოგები, ამ დროისთვის ცდილობენ ზუსტად გაარკვიონ, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ მათ შეხება. ამ კლასტერში ინფიცირების წყარო უცნობია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი გააქტიურდება. მისი თქმით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გარდაბანში, ამ ეტაპზე კონტროლის მეტად გამკაცრება აუცილებელი არ არის და თუ საზოგადოება ყველანაირ რეკომენდაციას დაიცავს, ქვეყანას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

„გარდაბანში მოსახლეობა საკმაოდ მობილიზებულია და იქ მიმდინარე ტესტირების ფარგლებში მოსახლეობა მედიკოსებთან და ეპიდემიოლოგებთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ რაიმის გამკაცრება საჭირო არ გახდება. მთავარია, ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას უმარტივესი წესები. უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება. აუცილებელია, რომ ყველას ნიღაბი გვეკეთოს და სოციალური დისტანცია დავიცვათ“, - განაცხადა იმნაძემ for.ge-სთან.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც საუბარი დღის განმავლობაში კორონა ვირუსით დაინფიცირების 5 და 10 შემთხვევაზეა, რა თქმა უნდა, ყურადღება მისაქცევი ფაქტია, თუმცა არა საგანგაშო. ინფექციონისტი ამბობს, რომ რეალურად ყოველთვის ცუდს უნდა ველოდოთ, რომ კარგი მივიღოთ. მით უმეტეს რეგიონში და სამეზობლოში განვითარებული მოვლენების ფონზე.

ინფექციონისტი ფიქრობს, რომ საქართველომ კორონავირუსის მართვა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში წარმატებით შეძლო და ახალა, როდესაც მისი თვისებები და ცნობადაობა შედარებით უკეთესია, ქვეყანას მეორე ტალღის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს - მით უმეტეს ვირუსის ახალი კერები ძირითადად გარედან არის შემოტანილი.

რაც შეეხება ჩვენს კითხვას - დღის განმავლობაში რამდენით უნდა გაიზარდოს დავირუსებული ადამიანების რიცხვი, რომ კვლავ კარანტინი გამოცახდდეს, ინფექციონისტი ამბობს, რომ მაშინ ზრდა ყოველღიურად დინამიკური უნდა იყოს და მისი რიცხვი დღეში 30-დან 50-მდე უნდა იზრდებოდეს. ეს კი, უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვირუსის მეორე ტალღა იწყება.

„მეორე ტალღა თუ დაიწყო, რისი ალბათობა ჯერჯერობით არ არის, რა თქმა უნდა, უფრო მომზადებულები შევხვდებით. ვირუსის ხასიათი უკვე ვიცით და მისი მართვის გამოცდილებაც გვაქვს. ნაკლებად სანერვიულოა, რადგანაც დღე-დღეზე ვაქცინის გამოცდაც დაიწყო და რუსეთმაც ორი აქტიური პრეპარატის შესახებაც გამოაცხადა, რომელიც უკვე მოქმედებს. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. იქნება მეორე ტალღა და იყოს, უფრო იოლად გადავიტანთ. არ მგონია, თუ მეორე ტალღა დაიწყო წინას მსგავსად კარანტინის გამოცხადება დაგვჭირდეს.

საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროდა, როგორც მკურნალობის, ასევე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით როგორ ვაკონტორლოთ ვირუსი. ამიტომ მთელი რიგი პრეპარატები გამოიცადა და ქართველებმაც საკამოდ დიდი პრაქტიკა დააგროვეს. მათ რომ არ ეყოჩაღათ, სომხეთის სიტუაციას მივიღებდით. ასევე საინტერესო მოვლენაა ისიც, რომ საქართველოში ამ ვირუსს ფეხის მოკიდება უჭირს“, - აცხადებს ინფექციონისტი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ კი აღმოჩნდება, რომ გარდაბანში ახალი უკონტროლო კერები გაჩნდა, მაშინ მისი ჩაკეტვა უნდა მოხდეს. საქართველოს მაგალითზე კარგად გამოჩნდა, რომ სწრაფი რეაგირება ვირუსზე გამარჯვების წინაპირობა ხდება. ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ვირუსის ადგილობრივი გავრცელება აღარ ხდება და ეს ძირითადად გარედან შემოტანილია.

ხმალაძის მსგავსად ჯერჯერობით მეორე ტალღის საფრთხეს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურლგულაძეც ვერ ხედავს. სუგულაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დღის განმავლობაში დაფიქსირებული 10 შემთხვევა საგანგაშო არ არის და არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ვირუსის მეორე ტალღა იწყება. მისივე თქმით, თუკი დღის განმავლობაში შემთხვევების ზრდა დაიწყება, მაშინ გამოდის, რომ ახალი კერები შეიქმნა და მისი დადგენა უნდა მოხდეს. ექსპერტი ამბობს, რომ მთავარია ჩვენმა ჯანდაცვამ გაუძლოს და ხელახალი კარანტინის გამოცხადება მეორე ტალღის შემთხვევაში აუცილებელი აღარ გახდება. მისი თქმით, კვირის განმავლობაში კორონა ვირუსით დაავადებულთა რიცხვის 63-მდე ფაქტი საგანგაშო ციფრი არ არის.

„საქართველოში კორონავირუსი ფაქტობრივად არ არის. მისი შემოტანა მხოლოდ გარედან ხდება. როგორც ჩანს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ძირითადად, ქვეყანაში ისინი შემოდიან. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გამახვილდეს ყურადღება. როგორც მედიაში ვნახე შსს-ს ინფორმაციით, 43 ათასამდე ადამიანმა ჯერ მარტო რუსეთიდან გადმოლახა საზღვარი. ოფიციალური მონაცემებით მათ კარანტინი გაიარეს, მაგრამ რამდენი შეიძლება გაეპარათ, კაცმა არ იცის. ამის კონტროლი აუცილებელია.

რაც შეეხება იმნაძის განცხადებას ბაზრების კონტორლთან დაკავშირებით, სრულად ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ყურადღება ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამახვილდეს. რაც შეეხება კითხვას - განგაშის საფუძველი გავქვს თუ არა, რა თქმა უნდა, არა, რადგანაც დღეში 10 შემთხვევა არაფერია. მეტიც რომ იყოს, მაინც საშიში არაა, რადგანაც ვიცით, რომ ვირუსი არსად წასულა და ის ნულამდე კიდევ კარგა ხანი არ ჩამოვა. დღეში 30-მდე ზრდაც რომ იყოს, საშიში არაფერია“,-ამბობს სურგუალაძე for.ge-სთან.

ლაზი პირბადის ტარების კონტროლია ასამოქმედებელი. დღეს თბილისი ბათუმის მიკროავტობუსში არც ერთ მგზავრს პირბადე არ ეკეთა. პირბადე ყველას ან ხელში ეჭირა ან მაჯაზე ჰქონდათ წამოცმული. იგივე მდგომარეობა იყო ზესტაფონი ქუთაისის მიკროავტობუსებშიც. ამ პერიოდში ( და საერთოდაც) მიკროავტობუსი ძალიან საშიშია. ეს საერთოდ არ არის სამგზავრო ტრანსპორტი და საერთოდ უნდა აიკრძალოს მათი სამგზავროდ ექსპლუატაცია. მართალია, პირბადით კი არა უამისოდაც ვერ სუთქავს ადამიანი მიკროავტობუსში ანუ ე.წ. მარშრუტკაში, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს, აქ პირბადე დაცვის ერთად ერთი საშუალებაა.
საერთოდ პირბადის ტარების წესების დაცვა აუცილებელია და კომტროლის მექანიზმი თუ არ ამოქმედდა საფრთხე რეალობად გადაიქცევა.
4 წლის უკან