გია ხუხაშვილი ნაციონალებს ქართული „ვიკილიქსით“ ემუქრება

გია ხუხაშვილი ნაციონალებს ქართული „ვიკილიქსით“ ემუქრება

"საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა“ ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა წინა ხელისუფლების ბიზნესთან ურთიერთობის გარკვევას. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, „საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა“ კვლევა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ჩაატარა და წინა ხელისუფლების ბიზნესთან ურთიერთობის ანატომიას იკვლევდა. ექსპერტის განცხადებით, კვლევის ფარგლებში ბევრ ბიზნესმენთან ჩატარდა გასაუბრება და ამასთანავე, ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ ადამიანებსაც გაესაუბრნენ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ.

„ჩვენი კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორი იყო სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობის ანატომია, რა ტიპის კავშირები არსებობდა და როგორ იყო ეს ყველაფერი სტრუქტურირებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი კვლევა. ამ პერიოდში საკმაოდ სპეციფიური საქმიანობით ვიყავით დაკავებულები. ვხვდებოდით ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ კომუნიკაციის სისტემის აწყობაში ჩართულ ადამიანებს. ამ პერიოდში არ ვაკეთებდი არანაირ კომენტარს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დამეფრთხო ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით მოდიოდნენ ასეთი ტიპის საუბრებზე. ამიტომ, ჩემს გარშემო რაღაც მითებიც კი შეიქმნა“, - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ბიზნესის და ხელისუფლების ურთიერთობა ძირითადად სამი ფორმით იყო სტრუქტურირებული. ექსპერტის შეფასებით სამივე კრიმინალური სქემა იყო. პირველი იყო ის, როდესაც ბიზნესმენებს არაპროფილური ხარჯების გაწევას, ანუ სხვადასხვა პროექტებში თანხების ჩადებას აიძულებდნენ. ურთიერთობის მეორე ფორმა იყო, როდესაც ბიზნესიდან სხვადასხვა სახელისუფლო სალაროებში ფული პირდაპირ „ქეშად“ მიედინებოდა. აქვე ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საამისოდ წინა ხელისუფლებაში ძირითადად ორი ცენტრი არსებობდა, ესენი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სალაროები. მესამე ფორმა კი იყო, ხელისუფლების სხვადასხვა დახმარების სანაცვლოდ პირდაპირი ინტეგრაცია, ანუ ბიზნესწილების პირდაპირი გადანაწილება.

„ამ ხორცის მანქანაში ბიზნესის გატარების მექანიზმი კი გახლდათ პროკურატურა, ანუ ძირითადად პროკურატურაში ხდებოდა ქონების გადანაწილება, წილებში ჩაჯდომა და ა.შ. ეს იყო კრიმინალური თამაშის წესები, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლება პრაქტიკულად მთელს ქართულ ეკონომიკას ეთამაშებოდა. ამიტომ, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ძალიან ცინიკურად ჟღერს ის რიტორიკა, რასაც უკანასკნელ დღებში ვისმენთ“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, შესაბამისად, ეს პოლიტიკური კომპონენტი ფასწარმოქმნაში იყო ჩადებული და იგი სხვადასხვა სახელისუფლო პოლიტიკურ ცენტრებში შემდგომი მოხმარებისთვის მიედინებოდა. ამით ხსნის გია ხუხაშვილი საქართველოში მაღალი ფასების არსებობას. ექსპერტი ამბობს, რომ ახლა გარკვეული პროდუქციის ფასების კლება სწორედ ამ პოლიტიკური კომპონენტის ხარჯზე ხდება.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კვლევის ფარგლებში „საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს“ უამრავი ფაქტობრივი მასალა დაუგროვდა და სააკაშვილის ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის სწორედ ამ სამი ფორმის ურთიერთობა გამოიკვეთა. ექსპერტი აცხადებს, რომ ეს დოკუმენტური მასალები გადაეგზავნება როგორც ხელისუფლებას, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს.

„ეს ყველაფერი ფაქტობრივი მასალების თანდართვით გადაეგზავნება საელჩოებს, რომლებსაც სააკაშვილი თავის არაკორუმპირებულობაზე ელაპარაკება და ამით იწონებს თავს. ამ მასალებს მივაწვდით იმისთვის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კარგად დაინახონ, რა იყო სააკაშვილის რეჟიმის ანატომია“, - აცხადებს ექსპერტი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ ბიზნესი სისტემის მძევალი იყო და მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. ამიტომ ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესმენებს ამაში ნაკლები დანაშაული მიუძღვით, მაგრამ მათ კომფორმიზმთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია. ექსპერტი ამბობს, რომ ამჟამად ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს, რაც ქართული ბიზნესისთვის პოზიტიური მოვლენაა. ამასთანავე, ხუხაშვილი ამბობს, რომ მართალია მის ხელთ არსებულ მასალებს ხელისუფლებას და დიპკორპუსს გადასცემს, მაგრამ ჯერჯერობით მათი განსაჯაროვება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. თუმცა, ექსპერტი მის განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეაგირებას დაელოდება და თუ „ნაციონალების“ მხრიდან აგრესიული განცხადებები გაკეთდება, ხუხაშვილი მათ ქართული „ვიკილიქსით“ ემუქრება.

„საქმე ძირითად მსხვილ ბიზნესს ეხება, წვრილ ბიზნესთან დაკავშირებით სიტუაცია კიდევ განსხვავებულია. ჩვენს კვლევაში მოხვდა მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. როდესაც „ინტერ რაოში“ მილიონ დოლარის ქრთამის აღებაზე არის საუბარი, მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ის ოთხი ადამიანი, რომელიც დააპატიმრეს, ამ საქმის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი იყვნენ ინსტრუმენტები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული „ნაციონალური მოძრაობის“ სალაროში წავიდა. შესაბამისად, კახა დამენია, ნიკა გვარამია და სხვები არ შეიძლება განხილულები იყვნენ, როგორც ორგანიზატორები. ისინი იყვნენ გამტარები. იგივე „თელასში“ ჩვენ ვიცით, რომ სხვა ისტორიებიც არის. მაგალითად, ხუთ მლნ დოლართან დაკავშირებით, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებზე სოლიდური პრემიერი გამოიწერა, რომლებიც მათ თვალითაც არ უნახავთ. ეს პრემიები შეგროვდება და „ნაციონალების“ სალაროში წავიდა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

იგი ამბობს, რომ უამრავი ამგვარი ფაქტი არსებობს, მაგრამ მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ბიზნესგარიგებებში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კვალი იკვეთება, ხოლო თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე გია ხუხაშვილი უახლოეს მომავალში საკმაოდ საინტერესო ამბებს გვპირდება. თუმცა, აქვე ამბობს, რომ მთლიანად სისტემა იყო დანაშაულებრივი.

„მე ამას კოლექტიურ სააკაშვილს ვუწოდებდი. სააკაშვილმა შექმნა ურჩხული სისტემა, რომლის მძევლადაც მოგვიანებით თვითონ გადაიქცა ისევე, როგორც მისი ხელისუფლების სხვა წევრები. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ თავად სააკაშვილიც სისტემის მძევალი იყო და იგი საკმაოდ ტრაგიკული პიროვნებაა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სფეროში ისევ აფათურებენ ხელს და არც იმას გამორიცხავს, რომ ახალ ხელისუფლებაშიც ვინმეს გაუჩნდეს ბიზნესის „დაკრიშვის“ სურვილი და ამიტომ, ბიზნესმენებს მიმართავს, რომ ამგვარ მექანიზმებს არ დაექვემდებარონ.