ანტიმონოპოლიური სამსახურის ნაცვლად, დროებით „ანტიმონოპოლიური ხაზი“ იმუშავებს

ანტიმონოპოლიური სამსახურის ნაცვლად, დროებით „ანტიმონოპოლიური ხაზი“ იმუშავებს

სამწუხაროდ, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვა-დამტკიცება და მით უფრო სამსახურის ამოქმედება წლის ბოლომდე ვერაფრით მოესწრება. სამაგიეროდ, ეკონომიკის სამინისტროში  24 დეკემბრიდან ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი ამოქმედდება.

წესით და რიგით, ყველა და საშუალო ბიზნესის ყველა წარმომადგენელმა, ვინც სხვადასხვა კარტელური შეთანხმებების გამო, ვერ ახერხებს ფეხი მოიკიდოს და აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა საქართველოს ბაზრებზე, სწორედ ამ „ხაზის“ მეშვეობით უნდა იმოქმედოს. საგაზაფხულოდ კი ანტიმონოპოლიური სამსახურიც ამოქმედდება და მათი ყოფა უფრო გაიოლდება.

„ჩვენი მიზანია, სტიმული მივცეთ და სამეწარმეო მუხტი გავუღვიძოთ მათ, ვისაც კვლავ აქვს ბიზნესის წარმოების სურვილი და საშუალება. ამ მიზნით, ორშაბათიდან, 24 დეკემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამოქმედდება ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომრებზე: 299 10 02; 299 10 03; 299 10 04.

სამწუხაროდ, მონოპოლიურ ეკონომიკას დიდი ინერცია აქვს, ჩვენი მიზანია, უმოკლეს დროში დავძლიოთ ეს ინერცია და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება მოვახერხოთ. ვიდრე არსებული კარტელური ურთიერთობები არ მოშლილა და არ შექმნილა კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება ჯგუფი, რომელსაც პირადად მე ვუხელმძღვანელებ.

საქმე ეხება არა კომპანიებისთვის ფინანსურ დახმარებას, არამედ საუბარია მხოლოდ იმ ბიზნესმენების მხარდაჭერაზე, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ფინანსური წყარო ან საბანკო რესურსი და სურვილი აქვთ, საქმიანობა კანონიერი გზით დაიწყონ ან განაახლონ“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

კანონი ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ უკვე დაწერილია, მაგრამ სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია უცნობია.  ბაზრის რა პროცენტს უნდა ფლობდეს კომპანიამ, რომ ის მონოპოლისტად განისაზღვროს, ჯერჯერობით ამასაც არ ახმაურებენ. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, კანონპორექტში ეს განსაზღვრულია და მისი გასაჯაროების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

კანონპროექტი პარლამენტში განხილვის დაწყების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. ზოგადი პრინციპი კი იურიდიული კომიტეტის ინფორმაციით, ასეთია: კანონპროექტი ევროპული სტანდარტებით არის შედგენილი და მონოპოლისტად კომპანია ევროკავშირში მიღებული მაჩვენებლების მიხედვით დასახელდება.

პარლამენტში კი, ჯერჯერობით, ანტიმონოპოლიური სამსახურის კანონპროექტი არ შესულა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ კანონპროექტი მზად არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის განხილვას საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე ვერ მოასწრებს. ეს თავისთავად ცხადია, რადგან პარლამენტის საშემოდგომო სესია პარასკევს ოფიციალურად დაიხურა.

სპეციალისტები დადებითად აფასებენ მძლავრი ანტიმონოპოლიურ სამსახურის ამოქმედებას. როგორც ექსპერტი პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, სამსახურმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და ქვეყანაში მონოპოლიები არ დაუშვას.

„ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. იგი სახელმწიფოს თვალი და ყური უნდა იყოს. მისი მეშვეობით მონოპოლიები და კარტელური შეთანხმებები არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში.

ანტიმონოპოლიურ სტრუქტურას თავისი ფუნქცია აქვს, ხოლო ბიზნესომბუდსმენი უნდა მოქმედებდეს, როგორც არასამათვრობო ორგანიზაცია.

სხვათა შორის, ანტიმონოპოლიურ სამსახურზე დღეს რომ ვიღაცები უარყოფით კონტექსტში საუბრობენ, მათ შორის, რამდენიმე იმ ანტიმონოპოლიური სამსხაურის ხელმძღვანელი იყო თავის დროზე. თითქოს, კვალიფიციურ მოსაზრებებს რომ გამოთქვამენ, ნურას უკაცრავად, ასეთი სტრუქტურა ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და მას საპატიო და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, - აღნიშნავს კოღუაშვილი.

ამასთან, კოღუაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთან გაერთიანება არასწორია, რადგან იგი ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.