„გუდაურში დამსვენებლებს სასმელის წყლით მოწამვლა ემუქრებათ“

„გუდაურში დამსვენებლებს სასმელის წყლით მოწამვლა ემუქრებათ“

ინდმეწარმე „ცხრაწყაროს“ დამფუძნებელი თამაზ სეთურიძე სააკაშვილის ხელისუფლებას მისთვის ბიზნესის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით სასამართლოში დავობს, თუმცა ამის პარალელურად საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეაქვს. ბიზნესმენთან დაკავშირებით განცხადებას პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით ლორთქიფანიძე აკეთებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ბიზნესმენი თამაზ სეთურიძე, რომელიც ახლა წესით მილიონერი უნდა იყოს, დღეს სოციალურად დაუცველთა სიაშია.

კომპანია „ცხრაწყარომ“ გუდაურის წყლით მომარაგების ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 2005 წლის აპრილში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ლიცენზია მიიღო. ტენდერის პირობების თანახმად, „ცხრაწყაროს“ გუდაურის წყლით მომარაგება ოცი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო. ტარიფიც განისაზღვრა და გუდაურში მოქმედ ობიექტებს კუბური მეტრი წყლის მოხმარების სანაცვლოდ „ცხრაწყაროსთვის“ 2.2 ლარი უნდა გადაეხადათ, რაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, კომპანიას წელიწადში დაახლოებით მილიონნახევარ ლარ მოგებას მოუტანდა. თამაზ სეთურიძის მიერ შესაბამისი გადასახადების გადახდის შედეგად კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიც იხეირებდა.

„ყოფილმა ხელისუფლებამ, თავისი მტაცებლური თვისებებიდან გამომდინარე, დააფიქსირა რა, რომ ამ ბიზნესიდან სერიოზული შემოსავლის მიღება შეიძლებოდა, სრულიად უცერემონიოდ და ქართული კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, კომპანია „ცხრაწყაროს“ შეუჩერა ლიცენზია. მოგეხსენებათ, სააკაშვილის მმართველობის პირობებში სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელი იყო და ეს ვერც თამაზ სეთურიძემ მოახერხა. ახლა კი ახლადაღმოჩენილი გარემოების საფუძველზე მან ხელახლა მიმართა სასამართლოს და საქმე კვლავ განხილვაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა თამაზმა კვლავ მოიპოვოს იმ საქმიანობის განხორციელების უფლება, რაც მას კანონით ეკუთვნის და ასევე ის, რომ გუდაურის დამსვენებლები დაცულები იყვნენ. დღეს იქ სრული უკონტროლობაა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის“, - აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, ლიცენზიის პირობების თანახმად, თამაზ სეთურიძეს წყლის სათავე ნაგებობები უნდა მოეწესრიგებინა და გუდაურისთვის სუფთა წყლის მიწოდება ეზრუნველეყო, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს. დღეს კი, ლორთქიფანიძის განცხადებით, გუდაურში სათავე ნაგებობები მორღვეულია და წყლის ხარისხიც არ კონტროლდება. მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში გუდაურის სასტუმროები კოლოსალურ მოგებას ღებულობენ, მაგრამ არც ერთი მათგანი წყლის გადასახადს არ იხდის.

თავად თამაზ სეთურიძე ამბობს, რომ ლიცენზია მას ისე ჩამოართვეს, რომ არანაირი განმარტება არავის გაუკეთებია. ამჟამად სეთურიძე სასამართლოში ჩივის და ითხოვს, მისთვის ლიცენზიის შეჩერების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილება ბათილად იქნეს ცნობილი. ამასთანავე, იგი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიზნესის შეჩერების გამო მილიონობით ზარალი ნახა და ამ ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვს.

თამაზ სეთურიძე: დავიწყეთ მუშაობა და რამდენიმე თვეში სრულიად უმიზეზოდ გაგვიუქმეს ლიცენზია. ამის შედეგად ჩვენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი მოგვადგა, ისევე, როგორც იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმაც. დღეს გუდაურს წყალი სანიტარული ნორმების სრული დარღვევით მიეწოდება და არის კატასტროფული მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ახლადაღმოჩენილი გარემოების საფუძველზე სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და საქმე განხილვაშია.

თქვენი აზრით, რატომ ჩამოგართვეს ლიცენზია და ვის ინტერესში შედიოდა წინა ხელისუფლების ამგვარი ქმედება?

- ეს იყო პოლიტიკური ნება და კერძო დაინტერესება, რადგან ეს საკმაოდ მომგებიანი საქმე იყო და წინა ხელისუფლებიდან ვიღაცას ჰქონდა ამ საქმის წარმოების სურვილი. მე დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვინ იყო ეს პიროვნება, მაგრამ უახლოეს მომავალში მთავარ პროკურატურას მივმართავ და ის გაარკვევს, ვისი ინტერესი იყო ამ სფეროში.

თქვენ თუ განგიმარტეს, რატომ ჩამოგართვეს ლიცენზია, ანუ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების ოფიციალური მიზეზი?

- ჩემთან არავის არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. მე ყოველთვის მქონდა კონტაქტი გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რადგან მის წინაშე ანგარიშვალდებული ვიყავი. ერთ დღესაც, როდესაც სამინისტროში ფინანსური ანგარიშის წარსადგენად მივედი, მითხრეს, რომ ლიცენზია აღარ მქონდა. რა თქმა უნდა, მე ვიკითხე, რის საფუძველზე შემიწყვიტეს ლიცენზია, მაგრამ არავინ არაფერი მითხრა. შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია ამოვიღე და სასამართლოს მივმართე.

სანამ სასამართლოში სარჩელს შეიტანდით, არ გქონიათ მცდელობა, გარემოს დაცვის მინისტრს შეხვედროდით და მისგან გაგერკვიათ ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზები?

- დიახ, რა თქმა უნდა, მე მინისტრსაც შევხვდი (მაშინ მინისტრი პაპუაშვილი იყო) და კიდევ ბევრ ჩინოვნიკსაც, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ამისხნა, მხოლოდ ის მითხრეს, რომ ბრძანება „ზემოდან“ მოდიოდა.

მაშინ თქვენ წააგეთ სასამართლო პროცესი?

- პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი მოვიგეთ, მეორე და მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება კი ჩემს საწინააღმდეგ იქნა გამოტანილი. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ინდმეწარმე „ცხრაწყაროს“ უნდა წარმოედგინა სათავე ნაგებობის მიწის მინაკუთვნის შესახებ თანხმობა, თუმცა მიწის მინაკუთვნს განსაზღვარს სამინისტრო და მე ამ დოკუმენტის წარდგენის არანაირი უფლება არ მქონდა, მას მეწარმე არ ადგენს. სწორედ ამ უსუსური მიზეზით დადგა ჩემი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ახლადაღმოჩენილი გარემოება კი, რომლის საფუძველზეც ჩემი საქმის წარმოება განვაახლე არის ის, რომ იმ სასამართლო გადაწყვეტილებაში სიყალბე ეწერა და სწორედ ამის საფუძველზე შევიტანე სარჩელი სასამართლოში.