ბიძინა ივანიშვილის ახალი გზავნილები მოსახლეობას - რას პირდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საზოგადოებას და რა იქნება მისი მთავარი საარჩევნო ხაზი?
ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ კვლავ აქვს ძალა იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. მისი განცხადებით, „ოცნება“ ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში“ ცხოვრების გამო ხელისუფლება ვალდებულია მაქსიმალურად შეამციროს რისკები და თავიდან აიცილოს ყველა შესაძლო პროვოკაცია. თუმცა აქვე ამატებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი მართვის სადავეების ხელში ჩაგდება და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
პირველი გზავნილი მის სიტყვაში იყო ის, რომ დარწმუნებულია თავისი პარტიის „დამაჯერებელ გამარჯვებაში“:
„ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლას და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ. კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია. კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ. კვლავ ერთად საქართველოს წარმატებისთვის“.
შემდეგ მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი:
„საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი მოსახლეობას კვლავ აფთხილებს, რომ ოპოზიციისთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში:
„მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ“.
ივანიშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანა დასახულ საგარეო კურსს არ გადაუხვევს და მუდამ ერთგული ვართ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის:
„ვრჩებით ევროპული და ევროატლანტკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია“, - ამბობს ის.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი for.ge-სთან ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებს. ის ამბობს, რომ ყველა დეპუტატის კანდიდატურა რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა. ვოლსკის თქმით, ისინი თავის რეგიონში საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანები არიან და ამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრ მათგანს რეგიონში კარგი საქმეები აქვს გაკეთებული და ხალხის მხრიდან მათ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვთ. დეპუტატი ამბობს, აბსურდია ოპონენტებისგან ბრალდებები იმის შესახებ, რომ რომელიმე მათგანი წარსულში მათი ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა.
„ყველა კანდიდატი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა, თავის რეგიონში საკამოდ ცნობილი და თავისი საქმით გამორჩეული ადამიანები არიან. ისინი რეგიონში კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ და ხალხისთვისაც ამ კუთხით მისაღები კანდიდატები არიან. რაც შეეხება იმ ბრალდებებს რომ ვიღაცა მათი ხესლისუფლების დროს მუშაობდა, აბსურდია. 2008 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვიცით რა სიტუაციაც განვითარდა, მათ თანამდებობები დატოვეს და წავიდნენ. 2006 წელს მეც სახელმწიფო აპარატში ვმუშაობდი, მერე რა? ეს გონიათ, რომ რამის თქმის საშუალებას აძლევთ?!
რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდეა, რა თქმა უნდა, ეს „ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა. მან არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებული სტაბილურობაზე, არამედ რეგიონში არსებული რისკები და საფრთხეებიც იგულისხმა. ვფიქრობ და დარწამუნებული ვარ ჩვენ გავიმაჯვებთ“,-ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.
რაც შეეხება ჩვენს კითხვას - იქნება თუ არა „ოცნების“ წინასაარჩევნოდ მთავარი გზავნილი ქვეყანაში არსებული სტაბილურობა, ვოლსკი გვპასუხობს, რომ ქვეყნისთვის ყველაფერთან ერთად ერთ-ერთი მთავარი სიმშვიდე და სატბილურობაა. მისი თქმით, ოპოზიცია არც მალავს, რომ მათი მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა. დეპუტატის განცახდებით, 2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მუდმივად მოუწოდებდა, რომ არჩევნები ჩაეშალა და ქვეყანაში გადატრიალება მომხდარიყო.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე for.ge-სთან ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი რიტორიკით წარიმართება. ივანიშვილის განცხადებამ მას დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ძირითადი ბრძოლა ისევ ორ პოლუსზე „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის მოხდება. გოგუაძე აცხადებს, რომ ამის საშულება მათ დანარჩენმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ უნდა მისცენ.
„ივანიშვილის გამოსვლა ისევ სიკეთესა და ბოროტს შორის დაყოფა იყო. ის საზოგადოებას ისევ ორ ძალას შორის აპირისპირებს. სიკეთის სახით თავად გამოდის, ხოლო ბოროტი ისევ სააკაშვილი და „ნაციონალები“ არიან. ხდება საზოგადოების ფობიებზე, სიძულვილზე და ტრავმებზე თამაში. მისი გამოსვლიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის საზოგადოებას შორის ისევ სიძულვილის გაღვივებას ცდილობს. მისი ნათქვამი ასე ჟღერდა, რომ ახლა ისევ 2012 წელია და შესაკავებელი და მოსაშორებელი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გვყავს. ამდენი აგრესია სახელმწიფოს და საზოგადოებას ანგრევს. პროპორციული არჩევნები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენს პოლიტიკურ ველზე მარტო ბიძინა და სააკაშვილი არ იყვნენ“, - ამბობს ნინო გოგუაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ის ელის, რომ საკამოდ აგრესიული წაინასაარჩევნო პერიოდი იქნება, რომელიც ძირითადად შავ პიარზე იქნება აგებული, რადგან ივანიშვილს ამის გარდა სხვა რესურსი აღარ გააჩნია და ის ისევ ძველ ხერხს იყენებს. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამის უფლება ოპოზიციამ არ უნდა მისცეს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან საინფორმაციო ომს აგებს. მისი თქმით, პოლიტიკურ ველზე არსებული ჩამოუყალიბლებობა, ივანიშვილს საშუალებას მისცემს, რომ 2018 წლის მსგავსად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იგივე ხერხი გამოიყენოს. მისი აზრით, დაშინების ტაქტიკა მოსახლეობის ნაწილში კვლავ გაჭრის.
„ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებას კვლავ შეძლებს, რომ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნება, ქვეყანაში დიდი უბედურება მოხდება. ვფიქრობ ამაში ივანიშვილს ხელს ოპოზიციაც უწყობს. იქ არსებული დაპირისპირება, გაუგებრობა და გადაუწყეტელობა, ხალხს შიშის საფუძველს აძლევს. ივანიშვილთან ოპოზიცია საინფორმაციო ომს აგებს. იმ ბრალდებების გასაბათილებლად, რაც ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ ჟღერდება, თავს არავინ იწუხებს. საზოგადოებაში კი ეს შიში კვლავ არსებობს. ივანიშვილის გარდა სხვა ლიდერს ვეღარ ხედავენ. ვერ ენდობიან ოპოზიციაში არსებულ ლიდერებს, ამიტომაც შეუჩვეველ ჭირს ისევ შეჩვეული ურჩევნიათ. საკმაოდ მძიმე წაინასაარჩევნო პერიოდი იქნება. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს და ამიტომ რაიმე ახალის თქმისგან თავი არც შეიწუხა“,-ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.