„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაიწყო, 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროპორციული სიის წარდგენაა, თუმცა როდის, ამ ეტაპზე უცნობია. მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები ასე გადანაწილდა: დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი; ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი; სამგორი - სოზარ სუბარი; გლდანი - ლევან კობიაშვილი; საბურთალო - დავით სერგეენკო; ვაკე - ნოდარ ტურძელაძე; მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია; ისანი - კახი კახიშვილი.
რაც შეეხება რეგიონებს, მმართველი გუნდის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
ქუთაისი – ზაზა ლომინაძე; საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი პაატა კვიჟინაძე იბრძოლებს. ზუგდიდში მმართველი გუნდის სახელით კენჭს ირაკლი ჩიქოვანი იყრის, ხოლო ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მაჟორიტარობისთვის - ირაკლი ხახუბია იბრძოლებს.
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველ პარტიას ბეჟან წაქაძე წარმოადგენს, სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარობისთვის ისევ გივი ჭიჭინაძე იბრძოლებს. რუსთავის მუნიციპალიტეტში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში კი ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებს.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, კანდიდატები ასე გადანაწილდა: ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია, ლენტეხი - გოჩა ენუქიძე; გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო - დათო სონღულაშვილი; მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი- შალვა კერესელიძე; მარნეული, გარდაბანი - ზაურ დარგალი;
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო - გოგი მეშველიანი;
გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი;
ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე;
ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი;
ახალქალაქი, ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი;
ბათუმი - რესან კონცელიძე;
ქობულეთი - ზაალ მიქალაძე;
ხულო-შუახევი, ქედა - ანზორ ბოლქვაძე;
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი;
რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას, მოქმედი გუბერნატორი კენჭს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში იყრის.
მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარსდგენას ესწროებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, წინა ხელისუფლებას არ ეყო ძალა ქვეყანა კრიზისიდან გამოეყვანა და ისინი ქვეყნიდანაც კი გაიქცნენ. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმაც მათი მხრიდან ხავსის ჩაჭიდებას ჰგავდა.
„ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ კრიზისი თავიდან აერიდებინა და ვხედავდით, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან. სულ ახლახან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი ეყრებოდა, მათ უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება.
მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, ვინც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ. მე მჯერა, რომ ჩვენს ხალხს შეუძლია სწორი დასკვნების გაკეთება. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ ყველა ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ამ არჩევნებს ჩაატარებს უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ. გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით.
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამ 2012 წლის შემდგომ ქვეყნის შენება ყოველდღიურად დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე - ეს გახდა მხოლოდ ამიტომ შესაძლებელი. პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე.
ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქართველი ამომრჩევლის ბრძნული გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს თავდაცვის მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს მშვიდობასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც იდგა 2012 წლამდე – ძალადობა, ადამიანის ჩაგვრა, მკვლელობები, ომი, ტერიტორიის დაკარგვა და ათასი უბედურობა, რომელიც ხალხმა გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. მისივე თქმით, დღევანდელი კანდიდატები პროფესიონალური ნიშნით არიან შერჩეულები და მათ კარგად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე.
„8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანას მოუტანა უპრეცედენტო თავისუფლება, ღირსება, სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა. ეს 8-წლიანი, გრძელვადიანი მშვიდობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი უახლესი ისტორიის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას აქვს სრული მშვიდობა და სტაბილურობა და ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება.
დღევანდელი კანდიდატები შერჩეულები არიან პროფესიონალური ნიშნით, მათ კარგად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგელობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მჯერა, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც იდგა 2012 წლამდე - ძალადობა, ადამიანის ჩაგვრა, მკვლელობები, ომი, ტერიტორიის დაკარგვა და ათასი უბედურება, რომელიც ჩვენმა საყვარელმა ხალხმა გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. მჯერა, რომ ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლიანი პოლიტიკით მოიგებს არჩევნებს, გააგრძელებს შრომას, რათა მომავალი ოთხი წლის შემდეგ საქართველო იყოს უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და განვითარებული. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გეგმა და პროგრამა არის ის, რომ გააგრძელოს ხაზი, რაც 2012 წელს დაიწყო. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას, წულუკიანის განცხადებით, მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ 2012 წელს საფუძველი ჩავუყარეთ მშვიდობიან და სტაბილურ პირობებში, მიუხედავად ოკუპაციისა და მრავალმხრივი პოლიტიკური გამოწვევებისა, ჩვენს ქვეყანაში განვითარებას, წინსვლას, ადამიანის უფლებების დაცვას, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ეს არის ჩვენი სამომავლო მიზანი, რომ დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და მომავალი ოთხი წლის თავზე, როდესაც შევიკრიბებით და შევაფასებთ ჩვენს საქმიანობას, ვნახოთ, რომ საქართველო არის კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ევროპული და თითოეულ ოჯახში არის ეკონომიკური კეთილდღეობა, ნაკლები გაჭირვება, ვიდრე დღეს. ბუნებრივია, ვიქნები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, როგორც ვიყავი და ვარ 2011 წლიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა იმ საშინელების წინააღმდეგ, რომელიც იმედი მაქვს, 2020 წელს საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს“, – აცხადებს თეა წულუკიანი.