„აია სოფიას შემთხვევაში სახიფათო გლობალური პრობლემა იქმნება, ადრე თუ ერდოღანი ვაჭრობდა, ახლა ქმედით ღონისძიებებზე გადავიდა“

„აია სოფიას შემთხვევაში სახიფათო გლობალური პრობლემა იქმნება, ადრე თუ ერდოღანი ვაჭრობდა, ახლა ქმედით ღონისძიებებზე გადავიდა“

„ეს არის დასავლურ-აღმოსავლურ სამყაროებს შორის დაპირისპირების რეალური გაღვივება, რომლის შედეგებიც, ღმერთმა დაგვიფაროს და, შეიძლება მოვიმკათ კიდეც“,-აცხადებს For.ge-სთან საუბრისას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე.

ათათურქმა ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთებული ეს ქრისტიანული ტაძარი მუზეუმად აქცია. თუმცა ერთი საუკუნის შემდეგ აია სოფია ისევ მეჩეთად უნდა იქცეს. რამ განაპირობა ეს ფაქტი, თურქეთი რადიკალურ ისლამისტური ხდება და სეკულარობაზე უარს ამბობს?

- ალბათ, ცოტა რადიკალური განცხადებაა, რომ სეკულარული სახელმწიფო აღარ იქნება თურქეთი, მაგრამ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილმა თურქმა მწერალმა ორჰან ფამუქმა სწორედ ეს თქვა, რომ სეკულარული სახელმწიფო აღარ არის თურქეთი. მე ცოტა სხვანაირად შევხედავდი ამას, სეკულარიზმის ნიშნები ბოლო პერიოდში ისლამიზმის ხარჯზე უკანა პლანზე გადადის თურქეთში, მაგრამ არის ერთი მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ნეოოტომანიზმის, ან ნეოოსმალიზმის იდეის აღორძინება, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების სათავეში ერდოღანის მოსვლას და შემდგომ ჯერ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ, ხოლო შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დავუთოღლუს კონცეფციას ნეოოტომანიზმის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ აღმოსავლეთისკენ, ისლამის სამყაროსკენ უნდა შეტრიალდეს თურქეთი. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ოსმალეთის იმპერიისა და სახალიფოს აღდგენაზე, მაგრამ ლაპარაკია იმ გეოპოლიტიკური, გეოკულტურული სივრცის აღდგენაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიას ეკავა და, რომელშიც მუსლიმი ხალხები იყვნენ გაერთიანებულნი.

თქვენ მიიჩნევთ, რომ ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე არ არის საუბარი, მაგრამ იყო ასეთი მესიჯები, მათ შორის, დავუთოღლუს მხრიდან, რომ თურქეთს მხოლოდ თავისი სამეზობლო აინტერესებს. რადიკალი თურქების სურვილია, აღადგინონ პოზიციები ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთსა და კავკასიაში. ეს არ ნიშნავს ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე ფიქრს, რაც 70-მდე ამჟამინდელ სახელმწიფოს მოიცავს?

- ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები, მაგრამ თურქეთის მეთაურობით, ერთი მხრივ, თურქული მოდგმის ხალხების გაერთიანება, გეოპოლიტიკური, გეოკულტურული ერთობა და მეორე მხრივ, ისლამური სამყაროს ერთობა, რომლის სათავეშიც სწორედ თურქეთია, არ ნიშნავს ახალი ტერიტორიული წარმონაქმნის, ახალი ტიპის იმპერიის შექმნის იდეას.

თვით თურქ ხალხშიცაა აზრთა სხვადასხვაობა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. როგორია თურქების განწყობა ამ ტაძართან მიმართებით? ეს ხომ არ გამოიწვევს დაპირისპირებას ისლამისტებსა და ქრისტიანებს შორის?

- მე ვიყენებ ტერმინს „ჰაგია სოფია“, ბერძნული ძველი ფორმის მიხედვით. თურქული საზოგადოება, ამ საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, საკმაოდ პოლარიზებულია და გაყოფილია რელიგიური ნაციონალიზმის მომხრეებს, ლიბერალებსა და ათათურქის სეკულარისტული იდეების მომხრეებს შორის. ეს დაყოფა საკმაოდ რთულია. მოდერნისტები დავარქვათ ამას, ბუნებრივად გახსნილი საზოგადოება უფრო არის დიდ ქალაქებში, როგორიცაა სტამბოლი, ანკარა, იზმირი. ტრადიციული ფასეულობების მიმდევარი მოსახლეობა კი უფრო სასოფლო რეგიონებშია. უფრო მეტიც, მერის ბოლო არჩევნებში რთული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ერდოღანის მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა, დიდი პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით. ამიტომ თურქული საზოგადოება არ არის ერთიანი და თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერდოღანის მხარე ვერ მოიპოვებდა გადამწყვეტ უპირატესობას, რომ არა ულტრა ნაციონალისტები, რომლებიც ასევე ძალზე მცირედ, მაგრამ წარმოდგენილნი არიან თურქეთის სახელისუფლებო სტრუქტურებსა და პარლამენტში. თურქული პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ჩახლართულია. კოვიდთან მიმართებით „სწორად“ არის შერჩეული დრო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.

შესაძლოა, მსოფლიოს არ სცალია ამ ტაძრისთვის კორონავირუსის პერიოდში, თუმცა იუნესკომ მოიცალა და მასთან შეთანხმების გარეშე აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა აკრძალა.

- რა თქმა უნდა, პროტესტი არის ამერიკიდანაც, რუსეთიდანაც, ვატიკანიდანაც, ხაზი გაესმება ხოლმე, რომ ეს ძალიან საწყენია, ძალიან ცუდია, თურქეთს მოვუწოდებთ, ეს არ გააკეთოს, მაგრამ ბოლოს დასძენენ ხოლმე, რომ ეს არის თურქეთის საშინაო საქმე. თვითონ ათათურქის იდეა რა არის? რომ ეს ტაძარი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ძეგლია, რომელიც ყველას ეკუთვნის და არ ეკუთვნის მარტო თურქეთს. გარდა ამისა, ელემენტარულად, იუნესკოს დაქვემდებარებაშია ეს ძეგლი. სხვა თუ არაფერი, დასავლურ სამყაროს, ევროპას და, ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროს ძალიან დიდი ფული აქვს ჩადებული ამ ძეგლის რესტავრაციაში ამდენი ათწლეულების მანძილზე.

შემთხვევითი არ არის, რომ სოლომონის ტაძარს ადარებდნენ ამ ძეგლს.

- ამასთან დაკავშირებით ორი პარალელი შემიძლია მოვიყვანო, ერთი პარალელია, რომ, როდესაც ათათურქმა ეს ტაძარი მუზეუმად აქცია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და, ათათურქის პოლიტიკიდან გამომდინარე, პოლიტიკური აუცილებლობა. ეს ძალიან კარგად გაიაზრა ათათურქმა, რომელიც ევროპისკენ იყო გახსნილი. მსგავსი გამორჩეული ძეგლი, რომელიც არსებობს, არის კორდობას მეჩეთი ესპანეთში. კორდობას მეჩეთი ქრისტიანების მიერ ესპანეთის დაბრუნების შემდეგ გადაიქცა ეკლესიად, დღესაც ეკლესიად ფუნქციონირებს და არა მუზეუმად. საქმე ისაა, რომ კორდობას შემთხვევაში ამის არავითარი პოლიტიკური აუცილებლობა არ არსებობდა, ჰაგია სოფიას შემთხვევაში კი ნამდვილად არსებობდა პოლიტიკური აუცილებლობა და დღეს რაც ხდება, ეს არის არა მხოლოდ თურქულ და მუსლიმურ საზოგადოებაში არსებული ძალიან ძლიერი პოლარიზაციის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, არამედ, ასევე, დასავლურ-აღმოსავლურ სამყაროებს შორის დაპირისპირების რეალური გაღვივებაც, რომლის შედეგებიც, ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება მოვიმკათ კიდეც. იგივე იერუსალიმის შემთხვევა ავიღოთ, ალ-აქსას მეჩეთზე, კლდის გუმბათზე ერთხელ რომ ავიდნენ ებრაელები, გამოაცხადონ უცებ ან სინაგოგად, ან დაანგრიონ და აღადგინონ სოლომონის ტაძარი, ეს იგივე იქნება. თანაც, როგორც თურქებს აქვთ დაპყრობილი ბიზანტია, ასევე, ებრაელებმა დაიპყრეს პალესტინა, ოღონდ კიდევ მეტი უფლება აქვთ ებრაელებს იმის გამო, რომ მათი წინარე სამშობლო იყო ის ტერიტორია.

სხვათა შორის, ტრამპის მიერ გოლანის სიმაღლეებსა და იერუსალიმზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ აპირებდა ერდოღანი აია სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭებას და შეასრულა კიდეც ეს დაპირება.

- ტრამპმა აღიარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი, ისრაელში ცოტა სხვანაირი სიტუაციაა, რეალურად ორი დედაქალაქია მაინც, პარლამენტი იერუსალიმშია და მთავრობა თელავივში. რაც შეეხება ჰაგია სოფიას, ძალიან არასასიამოვნო რამ მოხდა მასთან მიმართებით, ზოგჯერ ქართველები სოციალურ ქსელებში საკმაოდ არაადეკვატურ პოსტებს დებენ იმ თვალსაზრისით, რადგან რუსულმა ეკლესიამ დაგმო ამ ტაძრის მეჩეთად გადაკეთების ფაქტი, ე.ი. კარგი გააკეთა. პომპეო მაშინ ცუდია, რომელმაც თურქეთს მოუწოდა, ჰაგია სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს? ჰაგია სოფიას შემთხვევაში ძალიან სახიფათო გლობალური პრობლემა იქმნება. ადრე თუ ერდოღანი უფრო ვაჭრობდა, მე ამას გავაკეთებ, თუ იმას არ გამიკეთებთო, ახლა ქმედით ღონისძიებებზე გადავიდა.

სანქციები არ მოჰყვება იუნესკოსგან, ან ცალკეული ქვეყნებისგან ერდოღანის ნაბიჯს?

- იუნესკო რომ რაღაცას მოიმოქმედებს, ეს ფაქტია, მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე ასეთ საკითხში ჩარევა, რაც არ უნდა დასაგმობი იყოს, ალბათ, არ მოხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გრიგორი კორდობას მეჩეთის შედარება აია-სოფიასთან უადგილოა! კორდობაში უცხოელი დამპყრობლები მოვიდნენ, ეჩეთი ააშენეს და წავიდნენ. მეჩეთი იქაურ მცხოვრებ ხალხს დარჩა და ისინი ქრისტიანები იყვნენ! აია-სოფიას ამშენებლები კი კონსანტინოპოლიდან გააძევეს და მათი ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. დამპყრობლები კი არსად წასულან. სხვისი ტაძარი მიითვისეს!
4 წლის უკან