„კორონავირუსის შემთხვევები რომ დასრულებულიყო სიცხეების დადგომისთანავე და მხოლოდ ადრე გაზაფხულისა და გვიან შემოდგომის დაავადებად მონათლულიყო ეს ვირუსი, მაშინ შეიძლება მის დასრულებაზე გველაპარაკა“, - აცხადებს For.ge- სთან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე.
ახალი შემთხვევების უმეტესობა შემოტანილია და ძირითადად ტრაილერის მძღოლებს უკავშირდება, მაგრამ მაინც ასეთი ნახტომისებრი ზრდა- ერთ დღეში 9 შემთხვევა რამდენად დამაფიქრებელია საქართველოსთვის?
- ჩვენ თუ შევძელით და მოვახერხეთ ყველა ინფიცირებული ადამიანის დიაგნოსტირება და ვირუსის შეჩერება, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება, ეს, რა თქმა უნდა, საშიშროების მოხსნაზე მეტყველებს. უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ მოხდეს კორონავირუსის უფრო მეტი შემოტანა. შემოტანის უფრო უნდა გვეშინოდეს, რადგან კორონავირუსის ნარჩენი მოვლენები იმდენად საშიში არ არის, როგორც ახლად შემოტანილი შემთხვევები. ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებში ჯერ კიდევ მუსირებს ეს ვირუსი და იმდენი ვირულენტურობა არ აქვს შეძენილი, რაც ხდება ხოლმე პასაჟირების დროს, ანუ ვირუსის გადაცემის დროს ხდება მისი გაძლიერება და უფრო რთულ ფორმებში მიმდინარეობს ხოლმე ინფექცია. იმიტომ არის საშიში შემოტანილი ინფექცია, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ძლიერი ვირულენტობის მქონე ვირუსი შემოიჭრება ქვეყანაში. მთლად რომ ჩავკეტოთ საზღვრები, მართლა სოციალურ პრობლემებთან მივალთ და მერე უკვე ძალიან ძნელი იქნება იმ ადამიანების შეჩერება, ვინც შიმშილობას დაიწყებს, თუკი სახელმწიფომ სპეციალური ზომები არ მიიღო. ყველა ადამიანი არ მუშაობს ისეთ სამსახურში, რომელსაც ყოველდღიური თუ არა, ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი აქვს.
ალბათ, არის გარკვეული ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ტურისტების შემოყვანას უნდა ვერიდოთ, მათ შორისაა რუსეთი.
- დღესდღეობით რუსეთი, სომხეთი, ამერიკა ყველაზე საშიშია ამ სიტუაციაში, მაგრამ ტურისტები შემოვლენ და გაივლიან კვლევის საფეხურებს. მე მაინც ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სწრაფი ტესტი, რომლითაც შეიძლება ტურისტების შემოწმება. ორკვირიან კარანტინს ვინ გაუძლებს და ვინ შემოვა საერთოდ ამდენხნიანი კარანტინისთვის? სწრაფი ტესტით ორ-სამ საათში უნდა დავადგინოთ, შემოსულ ვიზიტორს სჭირს თუ არა ეს ვირუსი. ამ ტესტების რამდენიმე ვარიანტი მოწოდებულია, მოგეხსენებათ, ჩინეთმა თავიდანვე მოგვაწოდა ტესტები, მაგრამ უხარისხო იყო. რამდენადაც ვიცი, ამერიკელებს ეს ტესტი უნდა ჰქონდეთ. ასე რომ, ტურისტები მხოლოდ სწრაფი ტესტების შემთხვევაში უნდა შემოვიყვანოთ, რადგან ჩვენ არ ვიცით, კიდევ რა მოხდება. მეორე მომენტიცაა, ყველა იძახის და დაუფარავად ამბობენ არა მარტო ექიმები, არამედ უბრალო ადამიანები, რომ საქართველოში მაცხოვრებლებს რაღაც იმუნიტეტი უნდა ჰქონდეთ.
ზოგიერთი ამას კავკასიურ გენებს მიაწერს.
- გენეტიკური ეს იმდენად არ უნდა იყოს, რამდენადაც თავის დროზე აქ აცრები რომ ტარდებოდა, ჯვარედინი იმუნიტეტი თითქოს გამომუშავდა. ყოველ შემთხვევაში, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა შემოვა, როგორ მოდიფიცირებას განიცდის ვირუსი, შეიძლება გარეგნულად ვირუსი არ იცვლება, მაგრამ იცვლება მისი გენური მომენტები, რომელიც მის ვირულენტურობასა და გადაცემაზე მოქმედებს. ის მაინც არ შეიცვალოს, რომ მეტ- ნაკლებად მსუბუქად მიმდინარეობს ეს დაავადება ახალგაზრდებსა და ბავშვებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საბჭოთა პერიოდში რუსეთშიც ხომ ტარდებოდა აცრები, იქ რატომ არის ამხელა მსხვერპლი?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ყველგან არ ტარდებოდა აცრები. რუსეთი ძალიან დიდია. თუ დავუკვირდებით, რუსეთის დიდ ქალაქებში იმდენი შემთხვევა არ უნდა იყოს, რამდენიც რაიონებში. ნუ გვავიწყდება, ჩვენთან დღემდე ტარდება აცრები, ხოლო რუსეთში, რაც დაილია და დაიშალა საბჭოთა კავშირი, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ იცის. თქვენ არ იცით, რუსეთში რა ცუდ მდგომარეობაშია მედიცინა, როგორი დაბალი ხელფასები აქვთ, ყველა კარგი ექიმი გაქცევაზეა, თუ უკვე არ გაიქცა. რაღაც ეჭვი მეპარება, გეგმური აცრები ისე, როგორც ჩვენთან, საქართველოში ტარდება, რუსეთშიც ტარდებოდეს. ინფექციონისტი ვარ და სულ ამას ვამბობ, იცოდეთ, ყოველთვის წინ გაიხედეთ, აცრები თავის შედეგს თავის დროზე გამოიღებს. მართალია, ყივანახველასა და სხვა ინფექციებზე არ არის ახლა საუბარი, კოვიდი გახდა პრობლემა, მაგრამ, როგორც ჩანს, აცრებმა იმუშავა. ამ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს. საერთოდ, ცნობილია, რომ ადამიანს როდესაც ძლიერი ზოგადი იმუნიტეტი აქვს, ის ბევრად უკეთ უმკლავდება ვირუსებს. არსებობს იმუნიტეტი სპეციფიკური და არსებობს იმუნიტეტი ზოგადი. სპეციფიკური იმუნიტეტი კონკრეტული დაავადების მიმართ გამომუშავებულ ანტისხეულებზე დაყრდნობით ვითარდება, მაგრამ ზოგადი იმუნიტეტია, როცა ადამიანი უძლებს ინფექციებს. არის ადამიანი, რომელიც არ ცივდება, როგორც ვიცით ხოლმე თქმა, მისი ფაგოციტური სისტემა უძლებს გარკვეულ ინფექციებს, თუნდაც ტუბერკულოზს, ანუ ის დაავადება, რომელიც ხშირია, ამ ადამიანს არ ემართება. ამგვარი იმუნიტეტის გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა ექნება ყოველთვის და ამაზეც უნდა ვიმუშაოთ.
ამ რამდენიმე ხნის წინ ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს მიმართავდა, თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება. ეს ნიშნავს, რომ შემოდგომაზე შესაძლოა აღარ იყოს კორონავირუსი, თუ მაინც ელით სპეციალისტები მორიგ ტალღას?
- მე მაინც ველი. ეს ჩემი ინდივიდუალური აზრია, რადგან ძალიან გაიწელა ეს პროცესი. მეორე ტალღაზე რა გითხრათ, ტალღას დაარქმევენ ამას, თუ სხვა რამეს, ახალი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, ვფიქრობ, იქნება. კორონავირუსის შემთხვევები რომ დასრულებულიყო სიცხეების დადგომისთანავე და მხოლოდ ადრე გაზაფხულის და გვიან შემოდგომის დაავადებად მონათლულიყო ეს ვირუსი, როგორც ყველა სხვა ვირუსი, მაშინ შეიძლება მის დასრულებაზე გველაპარაკა, მაგრამ ძალიან გაიწელა ეს პროცესი. ჯერ არ დასრულებულა და რომელ ტალღებზეა საუბარი. როცა ვირუსის ერთი ან ორი შემთხვევა მაინც არის, ყოველთვის არის შანსი იმისა, რომ სხვა ადამიანს გადაეცეს. ამიტომ ტალღას მხოლოდ მაშინ არ ელიან, როცა მთლიანად ლიკვიდირებულია ვირუსი.
თქვენც ასე ფიქრობთ, რომ კორონას მორიგი ტალღა შეიძლება ისეთი სიძლიერის არ იყოს, ან პირიქით, უფრო მეტი სიძლიერის იყოს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ღმერთის წყალობით, საქართველოში განსაკუთრებული ამბავი არ მომხდარა, მერწმუნეთ, ბევრად უფრო მეტი ადამიანი ვიცი გარდაცვლილი ჩვეულებრივი გრიპით და, სხვათა შორის, ახალგაზრდები, შარშან ამ მხრივ ძალიან ცუდი შემთხვევები იყო, რამდენიმე ექიმიც გარდაიცვალა, ასე რომ, ბევრად მეტი ადამიანი იღუპება ჩვეულებრივი გრიპით ყველგან, მსოფლიოში, ამერიკაში 600 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად გრიპის ვირუსით. ამიტომ ავადმყოფს, მეორადი პრობლემების მქონეს, დიაბეტიანს და ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მქონე ადამიანს დაემართოს ვირუსი და გარდაიცვალოს, ეს გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, თუმცა ასეთ შედეგს ყოველთვის უნდა ველოდოთ და არ არის გასაკვირი, მაგრამ, როდესაც ახალგაზრდებზეა ლაპარაკი, აქ ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი უფრო მეტად აზიანებს მოსახლეობას, ვიდრე კოვიდვირუსი. რაღაც ახალი ვირუსის შემოიჭრისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.
საბჭოთა პერიოდში რუსეთშიც ხომ ტარდებოდა აცრები, იქ რატომ არის ამხელა მსხვერპლი?
კი მაგრამ ან ჟურნალისტს ,ან ექპერტს წვდომა არა გაქვთ მსოფლიო ოფიციალურ სტატისტიკასთან?(covid 19 live) თუ ოფიციალური მსოფლიო სტატისტიკა იტყუება?