მიგრაციის შესახებ კანონი სასწრაფოდ არის მისაღები

მიგრაციის შესახებ კანონი სასწრაფოდ არის მისაღები

საქართველოს ხელისუფლება მიგრაციის შესახებ კანონზე დაჩქარებულად მუშაობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მიგრაციის კანონზე მუშაობა მისი დავალებით ხორციელდება.  
მისივე თქმით, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საქართველოშიც უნდა იყოს მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა და ამ კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ნებისმიერი პირის ქმედება, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველასთვის სასურველი უნდა იყოს, ყველას უნდა მოესვლებოდეს აქ და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, აქ ბიზნესი გააკეთოს.

For.ge დაინტერესდა, რამდენად საჩქაროა მიგრაციის კანონის ამოქმედება და რამდენად სახიფათო იყო ყოფილი ხელისუფლების პირობებში ასე უკონტროლოდ შემოყვანილი უცხოელები, რომლებმაც აქ მიწებიც შეიძინეს და საქართველოში დამკვიდრდნენ კიდეც. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ავტოქთონური მოსახლეობა სიმრავლით ნამდვილად არ დაიკვეხნის. ამის გასარკვევად ექსპერტებს ვესაუბრეთ. 

დემოგრაფს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს ანზორ თოთაძეს მიგრაციის შესახებ კანონის მიღება გადაუდებლად მიაჩნია, რაც არა მხოლოდ საქართველოდან გასულ ადამიანებს უცხოეთში ლეგალურად ჩასვლაში დაეხმარება, არამედ ჩვენს ქვეყანაში შემოსულ მიგრანტებსაც გააკონტროლებს, რადგან ასე ხელაღებით უცხოელების შემოშვება არ შეიძლება.

„ვისაც უნდა, ჩვენთან შემოდის. არადა, ჩვენ პატარა და მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და პატარა ქვეყნებს ძალიან უჭირთ ამ რაოდენობის კონტინგენტის მიღება. ამიტომ განსაზღვრული უნდა იყოს შემომსვლელთა კვოტა. ეს საკითხი დასავლეთ ევროპასაც საჭირბოროტოდ გაუხდა, რადგან თავის დროზე იქაც ასე ხელაღებით მიიღეს იაფი მუშახელი. ჭურჭლის დარეცხვა და ქუჩის დაგვა ევროპელებს არ უნდოდათ. ამიტომაც ახლა გაართულეს მიგრანტების მიღება და კვოტებს აწესებენ“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ლათინო ამერიკული ქვეყნებიდან, პაკისტანიდან, ჩინეთიდან, აზიის და აფრიკის ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნებიდან. ამიტომ მათთვის გარკვეული კვოტა უნდა დაწესდეს, თორემ ევროპელები, ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები მასობრივად აქ ჩამოსვლაზე თავს არ იკლავენ. ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს კი აქ შემოაქვთ სხვა რელიგია, სხვა ცხოვრების წესი. თუ აქამდე 400 ათასზე მეტი რუსი ცხოვრობდა ჩვენთან, ახლა რუსს თუ უკრაინელს იშვიათად ნახავთ ქუჩაში. უფრო მეტიც - ბოლო დროს ჩამოსულთა რიცხვიც გაუკონტროლებელია, რადგან აქ ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობას საზღვრის დაცვის დეპარტამენტი არ აქვეყნებს.

ამასთან, ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ უცხოელებისთვის ასე ხელაღებით მიწების მიყიდვა არ შეიძლება. მით უფრო, რომ მიწა ჩვენთან ძალიან იაფი ღირს და შეიძლება სულ რაღაც ოციოდე მილიონერმა ბურმა სულ მთლად იყიდოს მთელი კახეთი, ჩინელები კი უკვე სოფლებში გავიდნენ, იქ მიწები იყიდეს და შესანიშნავად არიან.   

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ მიგრაციის კანონში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტოქტონური ერისა და ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის ინტერესები. კერძოდ, ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი სამშობლოში და ეს უნდა იგრძნობოდეს სოციალური, ეკონომიკური კუთხით.

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ბოლო წლებში, როცა დაახლოებით 35 ათასი ჰექტარი მიწა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცათ. ფაქტობრივად, მიწას უყურებდნენ, როგორც საკუთრების და არა -მეურნეობის ობიექტს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერ სახარბიელოს არ უქადდა საქართველოს ეკონომიკას. ასე თანდათან, ქართული მიწა სხვა პირების საკუთრებაში გადადიოდა -ჩინელების, იტალიელების, ფრანგების და ა.შ. ამით დამატებითი სამუშაო ადგილები არ იქმნებოდა და ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ეკონიმიკური სივრცე სულ უფრო იზღუდებოდა.

„ეს ყველაფერი მიგრაციის შესახებ კანონპროექტში უნდა აისახოს. საერთოდ, თავისი ბუნებით კაპიტალი კოსმოპოლიტურია, მას არ აქვს ეროვნული განცდა, პატრიოტიზმი არ გააჩნია და, სადაც მეტი მოგებაა, იქ მიდის. თუ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით, ეს ასეა, მაგრამ ამას გარდა, საზოგადოების ცხოვრებას არეგულირებს არა მარტო ეკონომიკური კანონები, არამედ ზოგად პოლიტიკური, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეთიკური პარამეტრები“, - აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ კანონებს შორის კოლიზია არ უნდა არსებობდეს.

ხოლო, თუ კოლიზია მაინც მოხდება, მაშინ გარკვეული პრიორიტეტი უნდა შეირჩეს, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის- ეთიკური ელემენტების დაცვა, კულტუროლოგიური ფაქტორების გათვალისწინება თუ წმინდა ეკონომიკური ფაქტორების წინ წამოწევა.

„ბერძენ ფილოსოფოს დიოგენესთან როცა მივიდა ალექსანდრე მაკედონელი და ჰკითხა, რას მთხოვო, დიოგენემ უპასუხა: ცოტა გვერდზე გაიწიე, მზეს ნუ მიბნელებო. ფილოსოფოსისთვის მზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სურვილების ასრულება თითქმის მსოფლიოს მბრძანებლის მხრიდან. ასევეა ამ შემთხვევაშიც“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.   

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარკ ჰულსტი აცხადებს, რომ მიგრაციის შესახებ კანონი მართლაც დასახვეწია და მასში არსებული მუხლები  წინააღმდეგობაში მოდის. ამ მხრივ მარკ ჰულსტი არალეგალ უცხოელთა იძულების წესით სამშობლოში დაბრუნების მუხლს გამოყოფს, რაც, ფაქტობრივად, ვერ ხორციელდება, რადგან ამის ფინანსური საშუალებები საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს.

„თუ უცხოელის საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდი უკვე გასულია და იგი არ რეგისტრირდება სამოქალაქო რეესტრში, ამასთან, არ სურს საქართველოს ტერიტორიის დატოვება, მისთვის უნდა არსებობდეს იძულებითი დაბრუნების მექანიზმი, რასაც კანონი დახვეწილი სახით ჯერ არ გვთავაზობს და ბუნდოვანია. ამასთან, უნდა იყოს მიგრაციის მონაცემთა ბაზა, რაც არ მომხდარა. თუ ვინმე შემოდის საქართველოში, არ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას იმ ვადაში, რაც მას აქვს განსაზღვრული და ბინადრობის მოწმობის გარეშე რჩება, ფაქტობრივად, ის ხდება არალეგალი მიგრანტი. ამაზე კი არანაირი რეაგირება არ ჩანს. თუმცა პირდაპირ გაძევებაზე ვერ ვისაუბრებთ, ჯერ უნდა ამოქმედდეს ნებაყოფლობითი დაბრუნების მექანიზმი“, - აცხადებს მარკ ჰულსტი.

მისივე თქმით, ევროპაში მოქმედებს სავიზო პოლიტიკა, რაც საქართველოში არ არის და ბევრი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ჩამოვიდეს საქართველოში. ეს გადაწყვეტილება მაშინ იმით იყო განპირობებული, რომ, რაც უფრო მეტი უცხოელი ჩამოვიდოდა, საქართველოს ეკონომიკისთვის უკეთესი იყო. ამდენად, მარკ ჰულსტის აზრით, დასარეგულირებელია არალეგალური მიგრაცია და კარგი იქნება, სავიზო პოლიტიკა შევიდეს ძალაში, რაც საქართველოში ხალხის ჩამოსვლას დაარეგულირებს.

რაც შეეხება ჩინელების მოზღვავებას, მარკ ჰულსტი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ჩინელები საქართველოში დიდი ხნით არ რჩებიან და ხშირად გადაადგილდებიან. მხოლოდ პატარა ნაწილი რჩება აქ და რჩებიან ბიზნესმენები ან მოკლევადიანი ვიზიტორები, რომლებიც ჩინელ ინვესტორთა პროექტებზე მუშაობენ.