„ატომური ელექტროსადგურის აფეთქება პრობლემა იქნება არა მარტო სომხეთისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვისაც და მთელი რეგიონისთვის“

„ატომური ელექტროსადგურის აფეთქება პრობლემა იქნება არა მარტო სომხეთისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვისაც და მთელი რეგიონისთვის“

აზერბაიჯანი სომხეთს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით ემუქრება. ეს მუქარა მას შემდეგ გახმიანდა, რაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერევანიც დამუქრებია აზერბაიჯანს მინგეჩაურის წყალსაცავზე შეტევით.

მეწამორის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ მეწამორთან, მის მახლობლად რამდენიმე ქალაქია, მათ შორის, მილიონიანი ერევანი სულ რაღაც 35 კილომეტრშია. აღნიშნული სადგური სომხეთში წარმოებული ელექტროენერგიის მესამედს გამოიმუშავებს.

რამდენად საშიში იქნება მუქარის განხორციელება საქართველოსთვისაც, თუკი მართლაც ასე მოხდება?

მწვანეთა მოძრაობის ლიდერი გია გაჩეჩილაძე აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმას გამორიცხავს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, ასე რომ მოხდეს, საშინელი ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს, პირველ რიგში, ბუნებრივია, ეს ტრაგედია სომხეთში დატრიალდება და შეიძლება ეს რეგიონალური მასშტაბითაც გავრცელდეს, განსაკუთრებით, საქართველოში.

გია გაჩეჩილაძის განმარტებით, ჩერნობილი 2000- 3000 კილომეტრითაა დაშორებული საქართველოდან, 1986 წელს ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა, მარტო უკრაინა კი არ დაზიანდა, ბელორუსიის ძალიან დიდი ნაწილი დააზიანა რადიაციამ, ასევე, რუსეთის გარკვეული ნაწილი და საქართველოც კი. ღრუბელი, რომელიც წამოვიდა ჩერნობილიდან, თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოში, დასავლეთ საქართველოში იმ დროს დაემთხვა შესაბამისი კლიმატური პირობები, ნალექიანი პერიოდი და იმ პერიოდში ძალიან მაღლა აიწია რადიაციულმა ფონმა საქართველოში.

„ეს მაშინ გასაიდუმლოებული იყო, საბჭოთა კავშირში ინახებოდა ეს მასალები და მერე რომ გაიხსნა, სასწაული აღმოჩნდა, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით გაიზარდა რადიაციული ფონი საქართველოში, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში და მთიან რეგიონებშიც. სხვათა შორის, განსაკუთრებით, აჭარა დაზიანდა და იქ მერე დაიწყო ჩიყვის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები. ამიტომ ეს საშიში პროცესია. 70-იან წლებში მეწამორის ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა და მაშინ გადავრჩით, რადგან მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა. ეს ატომური სადგური დღესაც ფუნქციონირებს და რუსების ხელშია. მე მგონი, „ინტერ რაოს“ მიჰყიდეს, თუ მისცეს ექსპლუატაციაში. სხვათა შორის, „მწვანეთა პარტიამ“ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი რომ შევიმუშავეთ 1999 წელს, იქ ჩავწერეთ, რომ ატომური სადგურების აშენება საქართველოში აკრძალულია, თუმცა 2007 წელს სააკაშვილმა ამ კანონიდან ამოიღო ეს მუხლი. სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფრანგულ უზარმაზარ კომპანიასთან, რომელიც ატომურ სადგურებს აშენებს, იგი დედოფლისწყაროს რაიონში აპირებდა უზარმაზარი, ჩერნობილის ტიპის სიმძლავრის ატომური სადგურის აშენებას. ძალიან დიდ თანხებზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები, 4 მილიარდზე, ფულის გათეთრების საკითხიც იდგა“,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

ამასთან, დეპუტატი განმარტავს, ჩერნობილმა რა უბედურება დაატრიალა რეგიონში და საქართველოშიც რაიმე უბედურება რომ მომხდარიყო, ან საომარი მოქმედებები დაწყებულიყო, ეს ხომ საქართველოს გენოციდს ნიშნავდა?!

„ჩვენ მაშინ საფრანგეთის მწვანეთა პარტიამ, ჩვენმა მეგობრებმა, მოგვაწოდეს ინფორმაცია ამის შესახებ, ჩვენ გავაჟღერეთ ეს ამბავი და, ბუნებრივია, შემდეგ ჩაიშალა ეს გეგმა, ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ. რაც შეეხება სომხეთს, მათ ატომური ელექტროსადგურის გაუქმებას ვერ მოვთხოვთ, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, თვითონ უნდა მიიღონ ამის შესახებ გადაწყვეტილება. მაგალითად, გერმანიაში დიდი რაოდენობის ატომური სადგურებია და იქ გერმანიის მწვანეთა პარტიამ მიაღწია იმას, რომ პროგრამა შედგა და 2030 წლისთვის ყველა ატომური სადგური უნდა გაჩერდეს“.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეს უფრო მუქარა ჰგონია და ეჭვობს, რეალურად განხორციელდეს.

„ღმერთმა ნუ ქნას, ის ატომური ელექტროსადგური თუ აფეთქდა, ან დაიბომბა, ან პრობლემები გაუჩნდა, ეს იქნება პრობლემა არა მარტო სომხეთისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვისაც და საქართველოსთვისაც, ყველა მოსაზღვრე ქვეყნისთვის, ასე მარტივი არ არის და კონტროლირება ამ პროცესის არავის შეუძლია. ჩერნობილის პრობლემებს დღემდე ებრძვიან არა მარტო ჩერნობილში, არამედ უკრაინასა და მთელ ევროპაში. თავისთავად სომხეთ- აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება სახიფათოა ყოველგვარი ატომური ელექტროსადგურების მიღმაც, არასტაბილური გარემო ამიერკავკასიაში ყველაზე მეტად ხელს აძლევს რუსეთს. გარკვეულწილად, ამას შეიძლება უკავშირდებოდეს ისიც, რომ მუდმივად არის ლაპარაკი ლუგარის ლაბორატორიაზე. თუ არასტაბილური გარემო გავრცელდა საქართველოზეც, რუსეთს შეუძლია ლუგარის არსებობა გამოიყენოს იმისთვის, მისი დაცვის ფუნქცია აიღოს საკუთარ თავზე და სამხედრო ძალა შემოიყვანოს საქართველოში. ამიტომ ეს პროცესი საკმაოდ რთული და არაერთგანზომილებიანია. ეგ ხომ ზღაპარია, თითქოს ღამურების დასაჭერად გადავიდა ჩვენი მოქალაქე დე ფაქტო საზღვარზე“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.

მისი მოსაზრებით, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა, სხვა მექანიზმები საქართველოში, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა იმისათვის, რომ ქვეყნის ანექსია მოეხდინა, არ არსებობს. ამიტომაც შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტშიც რუსული ინტერესები იკვეთებოდეს.

ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა, მოლაპარაკებებით ვერ გადაწყდეს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, მაგრამ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ზიანის მომტანი იქნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის და აზერბაიჯანი აღმოჩნდება სრულიად მარტო, 200- 300 კილომეტრის რადიუსით რადიაციის წყარო კატასტროფულად მაღალი იქნება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეჭვობს, აზერბაიჯანმა მუქარა სისრულეში მოიყვანოს.

მისი შეფასებით, ეს განცხადება აზერბაიჯანულმა მხარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც სომხეთიდან წამოვიდა განცხადება მინგეჩაურის წყალსაცავზე შესაძლო დარტყმის შესახებ.

„ეს თუ განხორციელდა, რეგიონში მოხდება ისეთივე კატასტროფა, როგორც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის დროს. ამას არავინ აპატიებს არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაცრად დასჯის ერთსაც და მეორესაც, თუ მსგავსი რამ ჩაიდინეს. მე ვფიქრობ, ორივე მხარე ამას კარგად აცნობიერებს“,- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ სომხეთში განსხვავებული სიტუაციაა. როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანთან კონფლიქტს, იქ დიდი გავლენა აქვს არმიას და ძალოვან სტრუქტურებს, რომელთაც ფაშინიანი ვერ აკონტროლებს, რადგან იქ ძირითადად არიან ყარაბახის ომის ვეტერანები და მათ უპყრიათ ხელში სადავეები.

„ამიტომაც მგონია, რაც ხდება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ჩარევის შემდეგ გადაწყდება. ეს ჩარევა მოხდება ძირითადად რუსეთის მხრიდან და რუსეთი აიღებს თავის თავზე ამ კონფლიქტის მოგვარებას. ეს მას აწყობს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კავკასიაში ახალი თავის ტკივილი აიცილოს, არამედ იმისთვის, რომ ევროპას და დასავლეთს, რომელთაც დღეს არ სცხელათ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისთვის, დაუმტკიცოს და აჩვენოს, მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი მშვიდობისმყოფელი. თუ აქედან ვინმე მიიღებს პოლიტიკურ და სტრატეგიულ სარგებელს, ისევ რუსეთი იქნება“.