„სტატია წავიკითხე, სადაც ყოფილი ამერიკის ელჩი აზერბაიჯანში და ახლა „სოკარის“ შვილობილი კომპანიის ბორდის წევრი - მეთიუ ბრაიზა აღშფოთებულია, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მარეგულირებლის ახალი კანონის გამო... მე კი ვემხრობი მარეგულირებლის ახალ კანონს, ვინაიდან არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველოსთვის კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქურაზე კონტროლის დაკარგვამ ქვეყნის საინფორმაციო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ახალი კანონი კი შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს რომ შეძლებისდაგვარად ასეთი საფრთხისგან თავი დაიცვას“, - ასე გამოეხმაურა „კავკაზუს ონლაინის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამია სანადირაძე მეთიუ ბრაიზას წერილს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, რუსეთთან გარგებაში დაადანაშაულა.
სინამდვილეში რა ხდება, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რატომ მიიღო მარეგულიებელმა კანონი, რომლის საფუძველზე, მას უფლება ექნება, სატელეკომუნიკაციო კომპანიაში დროებითი მმართველი განაწესოს? რა ინტერესები აქვს მეთიუ ბრაიზას და აზერბაიჯანულ მხარეს „კავკასუს ონლაინში“? - სწორედ ამ თემებზე, for.ge „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელს (რომელსაც ნაციონალების დროს იძულებით დაათმობინეს კომპანია), მამია სანადირაძეს ესაუბრა.
ბატონო მამია, რატომ დაინტერესდა მეთიუ ბრაიზა საქართველოს ტელეკომუნიკაციებით და, საერთოდ, რა ხდება „კავკასუს ონლაინის“ ირგვლივ?
მამია სანადირაძე: რამდენადაც ვიცი, მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი და ამჟამად „სოკარის“ შვილობილი კომპანიის ბორდის წევრია. წარმოიდგინეთ, მისტერ ბრაიზა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მარეგულირებლის ახალი კანონის გამო აღშფოთდა და სტატიაში წერს: „ხალხი ვაშინგტონში შეშფოთებულია... ვაუ, შეიძლება, ამ პროექტის გაუქმებას რაიმე საერთო ჰქონდეს რუსეთთან“.
ჩემი აზრით, მისტერ ბრაიზა აზერბაიჯანისთვის იღწვის, როცა საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის გამკაცრებისთვის. ცნობისათვის - აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე ყველა ინფრასტრუქტურული სატელეკომუნიკაციო კაბელი სახელმწიფოს ეკუთვნის, რადგან აზერბაიჯანში ასეთი კაბელების კერძო მფლობელობა კანონით აკრძალულია.
„კავკაზუს ონლაინის“ თავდაპირველი დამფუძნებელი გახლავართ, ამიტომ მეც მიმიძღვის მცირეოდენი წვლილი საქართველოს ტელეკომუნიკაციის განვითარებაში და საქართველო–ევროპის შემაერთებელი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე ჩადებაც მე განვახორციელე 2008 წელს.
ქართული სახელმწიფო მართალია იმაში, როდესაც ხედავს საშიშროებას, რომ „კავკაზუს ონლაინის“ აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნას. სავარაუდოდ, აზერბაიჯანელებს დაგეგმილი აქვთ, რომ არსებული „შავი ზღვის“ კაბელი პირდაპირ ბაქოს მიუერთონ, ამის შემდგომ კი საქართველოს უკვე ბაქოდან მიეწოდოს ინტერნეტის რუსულ–ევროპული ნაზავი. ანუ, ჰაბი გახდება ბაქო - თბილისი კი „აპენდიციტი“ ბაქოს ინტერნეტ ქსელში. აზერბაიჯანელები თბილისს რატომ გახდიან ჰაბს? ბავშვები ხომ არ ვართ ეს რომ დავიჯეროთ, როგორც მეთიუ ბრაიზა წერს: „არის იმედი, რომ თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს: „ამაზონი“, „გუგლი“ და „ნეტფლიქსი“ შემოვიდეს“-ო. სინამდვილეში, ბაქოში, თვითონ აზერბაიჯანელი „კავკაზუს ონლაინის“ ახალი მფლობელები უკვე აშენებენ ასეთ დიდ ცენტრს, სადაც პატიჟებენ სწორედ ამერიკულ კომპანიებს იმ ეგიდით, რომ ბაქო არის ჰაბი რეგიონში და არა თბილისი. მისტერ ბრაიზამ ან არ იცის ეს როგორ ხდება, ან აზერბაიჯანელების ინტერესების სასარგებლოდ ირჯება.
ქართული სახელმწიფო იმიტომ არის აღშფოთებული, რომ ეს ერთადერთი კაბელი, რომელიც 12 წლის წინ ჩაიდო - საქართველოს პირდაპირ ევროპის ინფრასტრუქტურასთან აკავშირებს, რუსეთის და თურქეთის გვერდის ავლით. ეს მაშინ გავაკეთეთ საქართველოს ინფორმაციული დამოუკიდებლობისათვის. „შავი ზღვის“ კაბელზე კონტროლის დაკარგვა კი ამ პირდაპირი დამოუკიდებელი ციფრული კავშირის გაუქმებას რეალურს ხდის, თბილისის ბაქოსთან ციფრულად მიერთების შემთხვევაში.
რამდენადაც ცნობილია, თქვენ ახალი თაობის საზღვაო კაბელს ამონტაჟებთ შავ ზღვაში და „კავკაზუს ონლაინის“ ახლანდელი აზერბაიჯანელი მფლობელები თქვენს პროექტში ინვესტორებად მოიაზრებოდნენ. ახლა რა შეიცვალა?
- კი ბატონო, მეც დავიჯერე ჩემს ახალ საკაბელო სისტემაში მითიური აზერბაიჯანული ინვესტიციების შესაძლებლობა და წელიწადნახევარი ბაქოში პრეზენტაციებს ვმართავდი, იმის იმედით, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები რეგიონალურ განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. საბოლოოდ კი ჩემი იმედები მცდარი აღმოჩნდა, რადგან მათ არსებული დეფიციტური ქართული საზღვაო კაბელი ჩაიგდეს ხელში. ახალი საზღვაო კაბელი კი ძველ დეფიციტურ კაბელს ღირებულებას დაუკარგავს. არსებული ზღვის კაბელის კონტროლი საშუალებას იძლევა, რომ ბაქო პირდაპირ მიუერთდეს ევროპის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას და თბილისი კი მიუერთდება ბაქოს ევროპულ-რუსულ ინტერნეტის ნაზავს, რადგან ბაქოს ინტერნეტ მომარაგება მნიშვნელოვანწილად ხდება მოსკოვიდან. ამ ინტერნეტ ნაზავის შემადგენლობას კი ქართული სახელმწიფო მომავალში ვერანაირად ვეღარ გააკონტროლებს. შედეგად, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ციფრულ-ინფორმაციული ნაკადები საქართველოდან ევროპაში ბაქო-მოსკოვის გავლით გადამისამართდება.
გამოდის, რუსულ ინტერესებს ახმოვანებს ბრაიზა და მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“?
– ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამერიკელი საქართველოს კეთილმოსურნე არ არის და მათ შეიძლება პირადი, ჩვენგან დიამეტრალურად საპირისპირო, ინტერესები ამოძრავებდეთ როცა ისინი საქათველოს მთავრობას მოძღვრავენ.
რაც შეეხება მისტერ ბრაიზას, ის, ბუნებრივია, აზერბაიჯანულ ნარატივს ანვითარებს და ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფოს შიშები მისთვის მეორეხარისხოვანია.
ყველა სახელმწიფო შეძლებისდაგვარად, თავისებურად ცდილობს დაიცვას საკუთარი ინფორმაციული და ეკონომიკური უსაფრთხოება. მარეგულირებელი კომისია სწორედ ამიტომ ცდილობს მიიღოს კანონი, რომ მას ჰქონდეს კანონიერი უფლება, რათა მის მიერ რეგულირებად სატელეკომუნიკაციო კომპანიაში დროებითი მმართველი განაწესოს და დაიცვას ქვეყნისთვის კრიტიკული ინტერესები - რა თქმა უნდა, თუ ამისთვის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. თვითონ კანონი შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ იგი შესაძლოა, მომავალში დაიხვეწოს. საერთოდ, ღია და ლიბერალური სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოს და დასავლურ ქვეყნებს მეტნაკლებათ გააჩნიათ, ყველგან არის საშიშროება, რომ ინვესტორის ეგიდით ქვეყანაში შემოსულმა კომპანიებმა საკუთარი აქტივი მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება სცადონ. ამიტომ, ყველა ქვეყანაში არსებობს ანალოგიური კანონიერი მექანიზმები და ბერკეტები.
რაც შეეხება „კავკაზუს ონლაინს“ არსებობს საშიშროება, რომ ამ ერთადერთი კაბელის გაკონტროლება აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ სტრატეგიულმა რეგიონალურმა სატელეკომუნიკაციო ჰაბმა, თბილისიდან ბაქოში გადაინაცვლოს. საერთოდ, დედამიწაზე არსებობს ორი მთავარი სატელეკომუნიკაციო კვანძი – ევროპა და ამერიკა. ევროპასთან მისაერთებლად საქართველოს რეგიონში აქვს გეოგრაფიული უპირატესობა და ჩვენმა პირველმა შავი ზღვის კაბელმა ბოლო 12 წლის მანძილზე, თანდათანობით თბილისი ჩამოაყალიბა სატეკომუნიკაციო ჰაბად რეგიონში. აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანიც ამ კაბელზე არიან მიერთებული. სომხეთი არასოდეს არ მიუერთდება აზერბაიჯანს. ირანიც ერიდება ბაქო-მოსკოვის მიმართულებით ევროპაში ციფრული ნაკადების გატარებას და ერევანი-თბილისის გავლით ამჯობინებს ამის გაკეთებას. მოსკოვს და ბაქოს საქართველოს შავი ზღვის კაბელის გაკონტროლება აძლევთ იმის საშუალებას, რომ თეირანი-ერევანი-თბილისის ნაკადები ბაქოსკენ მიმართონ. ამას სომხეთი არ დაუშვებს და ციფრული ნაკადები შეწყდება. მხოლოდ საქართველოს თავისი ლიბერალური და გახსნილი სატელეკომუნიკაციო რეჟიმით ბუნებრივად შეუძლია რეგიონალური ჰაბის როლი შეასრულოს, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელოვნურად წინ არავინ აღუდგა, საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მარეგულირებლის ახალი კანონი მიმართულია ტელევიზიების გასაკონტროლებელად და შემდეგ დასახურად...
– ეს სასაცილოა. თუ სახელმწიფოს უნდა ტელევიზიის დახურვა, მას სხვა გზებით შეუძლია ამა თუ იმ ტელევიზიას შეუქმნას პრობლემები და დახუროს. თვითონ მიშა სააკაშვილი ავტომატის კონდახებით ხურავდა ტელევიზიებს და საერთოდ არ სჭირდებოდა არანაირი კანონი. აუცილებელია ასეთი კანონი, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ სახელმწიფო ინტერესებს და სატელეკომუნიკაციო დეფიციტურ ინფრასტრუქტურას.
ჩემი ახალი შავი ზღვის კაბელი 2022 წლის პირველ კვარტალში ჩაირთვება, ამის შემდეგ, პოტენციური საშიშროება ამ მხრივ საქართველოს აღარ ექნება, ვინაიდან ახალი თაობის ალტერნატიული შავი ზღვის კაბელი ასჯერ უფრო მძლავრი იქნება ძველზე და ის ბევრად იაფად და ხარისხიანად მოემსახურება სატრანზიტო ციფრულ ნაკადებს ევროპისკენ. ეს თავის მხრივ მოხსნის მარეგულირებელის და სახელმწიფო უსაფრთხოების თავის ტკივილებს, რადგან ალტერნატიული კაბელი არჩევანის საშუალებას მისცემს ყველას.
ახალი „შავი ზღვის“ საკაბელო სისტემა იქნება ე.წ. „ღია საკაბელო სისტემა“. ყველა რეგიონალურ თუ გლობალურ ოპერატორებს თანაბარი წვდომა ექნებათ „შავი ზღვის“ საკაბელო სისტემასთან, რათა დამოუკიდებლად განახორციელონ ციფრული ტრანზიტი „შავი ზღვის“ კაბელის გამოყენებით. შედეგად საქართველო მიიღებს უამრავ ახალ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს, რომლებიც საქართველოს მოაწვდიან ევროპულ ინტერნეტს. ხოლო საქართველოდან უკვე კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩინეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორები თვითონ იზრუნებენ ინტერნეტის საკუთარი ბაზრების მიწოდებისათვის. სწორედ ეს არის ლიბერალური და გახსნილი „ბაზრის უხილავი ხელის“ ხიბლი. თბილისი სტიქიურად და სამუდამოდ გახდება სატელეკომუნიკაციო ჰაბი ამ რეგიონში, ყოველგვარი მითიური მილიარდიანი ინვესტიციების გარეშე, რადგან თბილისს ამისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს.
21–ე საუკუნეში ჭარბი და იაფი ციფრული ინფორმაცია საწინდარია ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ წარმატებისა. საქართველომ უნდა უზრუნველოს მაღალი კონკურენცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რათა სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ციფრული ინფორმაცია ბაზარზე იყოს ჭარბად და იაფად. ჩემი აზრით, სწორედ გამოყენების შემთხვევაში, ახალი კანონი საქართველოს მისცემს დამატებით ბერკეტებს ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.
ახლა კი, მეთიუ ბრაიზას ნაკლებად დიპლომატიურად მინდა ვკითხო – „ვაუ, ეგ პროექტი მოსკოვში ხომ არ დაიგეგმა?“