„საქართველოში ლიდერების დრო არასოდეს არ დამთავრდება. რატომ აქვს „ევროპულ საქართველოს“ სულ 5%? რადგან მას არ ჰყავს გამორჩეული ქარიზმატული ლიდერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ოპოზიციის განცხადებით, „ედისონ რისერჩის“ ბოლოდრინდელი კვლევა, როგორ ფიქრობთ, პანდემიის მონაცემებია, თუ რეალობასთან ახლოსაა და, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ შეუკვეთა კვლევა, მაინც ვერ დაიმალა რეალობა?
- თქვენ თვითონ გაეცით თქვენს კითხვას პასუხი, რომ ედისონ რისერჩი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაუკვეთა კვლევა, ვერ წავიდოდა რეალობის წინააღმდეგ ისე, რომ საკუთარი იმიჯი და პროფესიული რეპუტაცია დაეზიანებინა. კვლევამ ასახა ის რეალობა, რაც არის - „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ჯერჯერობით ლიდერია. ეს შეგვიძლია დავუკავშიროთ, მათ შორის, კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლასაც, ასევე, თვითონ ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებს და მათ აგრესიულ რიტორიკას, საზოგადოებაში „ევროპული საქართველოს“, „ნაცმოძრაობის“ და მათი განშტოებების თუ სატელიტების მიუღებლობას. ალბათ, ყველა ფაქტორი ერთობლიობაში თავის როლს ასრულებდა, როცა ეს გამოკითხვა ჩატარდა. თუმცა, მე ვფიქრობ, უშუალოდ პარტიების რეიტინგი, გარკვეულწილად, ახლოსაა რეალობასთან, რადგან, მაგალითად, თვენახევრის წინ, მაისში „გორბიმ“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები და „ნაცმოძრაობას“ ერგო 12%, ანუ სულ 4%-შია განსხვავება. ახალი გამოკითხვით, 4%-ითაა მომატებული „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, რაც სტატისტიკურად ბევრს არაფერს ნიშნავს. ახალი კვლევა უფრო ადრე ჩატარებულ სხვა სოციოლოგიურ გამოკითხვას რომ შევადაროთ, აშკარაა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, უკვე წლების განმავლობაში, ბოლო 8 წელიწადში, რაც ის ოპოზიციაშია, მერყეობს 15%-დან მაქსიმუმ 20%-ის ფარგლებში. 20%, მგონი, არც უჩვენებია „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
თქვენ ამბობთ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 15-20%-ია, თითქოს მათ სცადეს განცალკევება საკუთარი ლიდერისგან-სააკაშვილისგან უმწიკვლობის იმიჯის შესაქმნელად, მაგრამ არ გამოსდით ამ იმიჯის მორგება?
- ვერ მოხდა მათი განცალკევება სააკაშვილისგან. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ფორმალურ თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე, ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ პარტიის ფაქტობრივი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, მისგან მოდის პარტიის ფინანსებიც და სხვა მხარდაჭერაც. გარდა ამისა, თვითონ პარტიამ ე.წ. პოლიტიკური რებრენდინგი ვერ განიცადა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანუ მათ არ შეცვალეს რიტორიკა, არ მოიხადეს ბოდიში საზოგადოების წინაშე იმ საძაგლობების გამო, რაც ხდებოდა მათი მმართველობის პერიოდში. აშკარა დანაშაულს უწოდებენ შეცდომას თუ გადაცდომას, რომელიც თურმე გარდაუვალია ე.წ. რეფორმების დროს. ანუ მათ ვერ დაინახეს საზოგადოების დაკვეთა. გარდა ამისა, თავად პარტიაში (მე ვგულისხმობ ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს) უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ისინი ოპოზიციაში არიან, პერსონალური განახლება არ მომხდარა, ერთ და იმავე სახეებს ვხედავთ, რომლებიც საზოგადოებაში აფილირებული და ასოცირებული არიან სერიოზულ დანაშაულებთან, თითოეულ მათგანს ძალიან მძიმე შლეიფი მოსდევს თავისი ბიოგრაფიიდან. აქედან გამომდინარე, გარდა მათი გულმხურვალე მხარდამჭერებისა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში რაღაცნაირად წინ იყვნენ წამოწეულნი და მადლიერების განცდა აქვთ, ან მათთან ღირებულებითი თუ მსოფლმხედველობრივი ერთობა აკავშირებთ, მათი მხარდამჭერების ბაზა მთელი ამ 8 წლის განმავლობაში არ გაზრდილა. აქედან გამომდინარე, დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რატომ ხდება ასე? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არის საზოგადოებაში რაღაც სეგმენტი, რომელიც უჭერს მათ მხარს და, ალბათ, დარჩება ასეთივე სეგმენტი, სანამდე არ გამოჩნდება რომელიღაც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ სეგმენტის რაღაც ნაწილის თავისკენ გადაქაჩვა. თუ არ გამოჩნდება ასეთი ძალა, ნაციონალები იქნებიან ასე, ეყოლებათ თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი და ყოველთვის განაცხადებენ პრეტენზიას, რომ არიან ძირითადი ოპოზიციური ძალა. არც ის არის გამორიცხული, რომ მათ თავად ჰქონდეთ კარგად გაცნობიერებული, რომ ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს და აწყობთ კიდეც, იყვნენ რიგით მეორე პოლიტიკური ძალა, მიიღონ ბიუჯეტიდან დაფინანსება, ჰქონდეთ საპარლამენტო ტრიბუნა, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც აქვთ და ამით იყვნენ ბედნიერნი და ასე იტივტივონ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე.
თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, გამოჩნდეს რაღაც პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაქაჩავს ნაცების მომხრეთა ხმებს, მაგრამ ჩვენ თუ ამოვალთ იმ თეზისიდან, რომ მონანიე ნაცი ბუნებაში არ არსებობს, ახალი ძალაც, ალბათ, აგრესიული უნდა იყოს, რომ დააკმაყოფილოს ნაცების ელექტორატის მოთხოვნები.
- ნაციონალების ელექტორატი არ არის ერთგვაროვანი. რა თქმა უნდა, იქ არის მისი აგრესიული სეგმენტი, მაგრამ არიან ზომიერებიც, რომელთაც რაღაც მიზეზების გამო არ მოსწონთ „ქართული ოცნება“, ან სხვა პოლიტიკური ძალები. იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, თავისი მსოფლმხედველობითი, ღირებულებითი პრინციპებით შეიძლება გარკვეული სეგმენტი გადაიბიროს.
„ევროპულ საქართველოზეც“ მინდა გკითხოთ. როდესაც ვახსენე, რომ ნაცებმა დისტანცირება სცადეს სააკაშვილისგან, ამ შემთხვევაში, სწორედ „ევროპული საქართველო“ ვიგულისხმე, განსაკუთრებით, გიგა ბოკერია, რადგან ხშირია მისგან და მისი მეუღლისგან ვერბალური დარტყმა სააკაშვილზე. ამანაც კი არ უშველა ევრონაცებს და 5%-იც კი არ დაუჭერს მხარს ედისონ რისერჩის კვლევით ამ არჩევნებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ელექტორატი იოლად არ ტყუვდება?
- დიახ, ჩვენი ელექტორატის მოტყუება „ევროპულ საქართველოსთან“ მიმართებით ძალიან რთულია. გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, დაიჯეროს მათი რიტორიკა. ის ვითომ დაპირისპირებაც, რაც არის სააკაშვილსა და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს შორის, ეს უფრო ზედაპირული დაპირისპირება მგონია, შეიძლება დღეს ერთმანეთთან ვერ მორიგდნენ, მაგრამ, თუ დასჭირდებათ, შეიძლება ძალიან კარგადაც შეთანხმდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთიც და მეორეც არიან ევროპის სახალხო პარტიის გაერთიანებული წევრები და მათ, თუ არ ვცდები, შარშანწინ ბრიუსელში გააფორმეს ხელშეკრულება, რომ არჩევნებში ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან და ერთობლივად იმოქმედებენ. ასე რომ, აქ ორაზროვნებისთვის ადგილი არ რჩება. სიტყვიერი ფარიკაობა აშკარაა, ეს მედიაშიც ჩანს და ვიღაცას შესაძლოა, გულზე კარგად ხვდება, მაგრამ არსებობს სხვა პრინციპები, რომელთა დაცვასაც მათ ავალდებულებს ის ვალდებულებები, რაც მათ აკავშირებთ პარტიასთან.
ლიდერთა პერსონალურ რეიტინგებს როგორ შეაფასებთ? 35% ნეგატიურად აფასებს გიორგი გახარიას, 65% -პოზიტიურად, ბიძინა ივანიშვილს 48% პოზიტიურად აფასებს, 52% ნეგატიურად. ეს საერთო ტენდენციას ხომ არ მიუთითებს, რომ ლიდერების დრო ნელ-ნელა მთავრდება და წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ლიდერებს თითქმის 100%-იანი ნდობა ჰქონდათ?
- საქართველოში ლიდერების დრო არასოდეს არ დამთავრდება, რადგან ჩვენთან ადამიანები არჩევანს აკეთებენ მკაცრად პერსონიფიცირებულ საფუძველზე. ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერა ეს არის არა მისი პროგრამის, არა მისი იდეოლოგიის, პლატფორმის, დოქტრინის მხარდაჭერა, არამედ პიროვნულ დონეზე უჭერენ მხარს. მაგალითად, მოსწონთ სააკაშვილი? „ნაცმოძრაობის“ ხმების უმრავლესობა ეს არის სააკაშვილის ხმები ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხმების უმრავლესობა ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხმები. რატომ აქვს „ევროპულ საქართველოს“ სულ 5 %? რადგან მას არ ჰყავს გამორჩეული ქარიზმატული ლიდერი. მე დიდად არ ვენდობი ამ პერსონალურ მონაცემებს და მიჭირს მათზე საუბარი.