მერაბ ტურავა: კოტე კუბლაშვილს უზარმაზარი ფინანსური დარღვევებიც აქვს

მერაბ ტურავა: კოტე კუბლაშვილს უზარმაზარი ფინანსური დარღვევებიც აქვს

„მოსამართლეები ხელშეუხებელნი აღარ იქნებიან“ - ასეთნაირად აცხადებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მისდამი დაუმორჩილებელი მოსამართლეების გათავისუფლების დღეს, 2005 წლის 26 დეკემბერს და განმარტავდა, რომ ადრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ფაქტიურად, ხელშეუხებელნი იყვნენ და კანონის მაღლა იდგნენ, რაც წარსულს ჩაბარდა.

სინამდვილეში, სწორედ დამნაშავე მოსამართლეების ხელშეუხებლობა გახდა იმის საწინდარი, რომ მათ მიერ გამოტანილი განაჩენების დიდი ნაწილი თავიდან გადასასინჯი და მთლიანად გასაუქმებელია. დღეს ის დევნილი მოსამართლეები, რომლებმაც კოტე კუბლაშვილი ზეწოლის გამო საჯაროდ დაადანაშაულეს, თავად მოითხოვენ, რომ აქამდე ხელშეუხებელმა კუბლაშვილმა საკუთარ დანაშაულებზე აგოს პასუხი.

For. ge  დაინტერესდა, რა ბედი ეწია ყოფილი მოსამართლეების მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ. ამისთვის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს მერაბ ტურავას ვესაუბრეთ. 

ცნობილია, რომ ნინო გვენეტაძემ და თქვენ კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ საჩივარი მოამზადეთ და მთავარ პროკურორს 2005 წელს სასამართლო კორპუსზე მომხდარი ზეწოლის ფაქტების გამოძიება სთხოვეთ. რა ბედი ეწია თქვენს საჩივარს და ამის გამო თუ დაიბარებენ კუბლაშვილს დაკითხვაზე?  

- იმის გამო, რომ კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, პროცედურა ცოტა რთულია. მას გარკვეული კონსტიტუციური იმუნიტეტი იცავს. ამიტომ, ჩვენს შემთხვევაში, საკითხი უნდა დადგეს პარლამენტის წინაშე და პარლამენტის წევრთა ერთმა მესამედმა თუ მხარი დაუჭირა მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, ამის შემდეგ უნდა მოხდეს პროკურორის მიერ მისი ბრალდებულად ცნობა და სხვა პროცესუალური მოქმედებები.  

დევნილი მოსამართლეები უკვე დაგკითხეს?

- ვინაიდან პარლამენტი სხვა სწრაფად გადასაწყვეტი საკითხებით იყო დაკავებული, ალბათ, ეს საქმეც ახალი წლის შემდეგ დადგება დღის წესრიგში. კუბლაშვილი ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ამიტომ მისი ბრალდებულად ცნობა და პასუხისგებაში მიცემა პარლამენტის თანხმობის გარეშე არ შეიძლება.

სიტყვაზე, კუბლაშვილმა კაცი რომ მოკლას, მაინც ვერ მისცემენ პასუხისგებაში?

- ერთადერთი, მისი დაკავება შეიძლება, თუ შემთხვევის ადგილას წაასწრეს. ოღონდ კაცის მოკვლის შემთხვევაშიც, თუ პარლამენტმა თანხმობა არ მისცა, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

სასამართლოს მანდატურებმაც მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რომ თურმე კუბლაშვილის ბრძანებით მაგიდის ქვეშ .. „ჟუჩოკებსუმონტაჟებდნენ განსასჯელებს, ადვოკატებს, ნაფიც მსაჯულებს. ეს ბრალიც დაემატება კუბლაშვილის საქმეებს?

- ამაზეც შედეგი მანამ არ დადგება, სანამ პარლამენტიდან არ დაიწყება მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა. უბრალოდ, მანამდე პროკურატურამ შეიძლება მოკვლევა ჩაატაროს მისი ბრალდებულად ცნობის გარეშე.

ანუ დაკითხვას წინ არაფერი უდგას?

- მოწმის სახით დაკითხვა შეიძლება, მაგრამ ბრალდებულის სტატუსი რომ ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა.

კოტე კუბლაშვილს თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება შეუძლია, თუმცა ის ამას არ აკეთებს. ამდენად, პარლამენტის თანხმობასაც ვადები სჭირდება?

- შეუძლიათ, იმავე დღეს თანხმობა არ მისცენ, მაგრამ ერთთვიან ვადაში თანხმობა ან უარყოფა უნდა იყოს. ამის მიუხედავად, პროკურატურაში სარჩელის შეტანა სწორი გადაწყველებაა.

ბოლო დროს კოტე კუბლაშვილი მკვეთრ განცხადებებს აკეთებს და გამუდმებით ზეწოლაზე საუბრობს. ეს იმით ხომ არ არის განპირობებული, რომ იგი გრძნობს, მის მიმართ პროკურატურას კითხვები აუცილებლად გაუჩნდება და წინმსწრებად თავის გადარჩენას ცდილობს?

- რა თქმა უნდა, ის წინმსწრებად მუშაობს იმისთვის, რომ პარლამენტში არ დაისვას მისი იმპიჩმენტის საკითხი. როცა პარლამენტის წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით, რეალურად დაისმება ეს საკითხი, მაშინ კუბლაშვილი იტყვის, ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა და შურისძიება ხორციელდება იმის გამო, რომ ვაკრიტიკებდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომ, ეს კრიტიკული ტონი მას აწყობს, რათა შემდგომში გამოიყენოს თავისი კრიტიკული გამოსვლები.

იმ დანაშაულების გათვალისწინებით, რაც კუბლაშვილის დროს მომხდარა, რაზეც თქვენც საუბრობთ, მოსამართლეებზე ზეწოლის შემთხვევები, ის, რომ განაჩენის გამოტანამდე მოსამართლეები წინასწარ უთანხმებდნენ სასამართლოს თავმჯდომარეებს გადაწყვეტილებებს, .. „ჟუჩოკებისამბავი, მანდატურების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა და მანამდე მათთვის .. ჰიპნოზის სეანსების ჩატარება - როგორი იქნება განაჩენი შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით

- ძირითადი მუხლი, რაც კუბლაშვილს, ყველა ვარიანტში, წარედგინება, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება. სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი ორი მუხლი არსებობს - 332-ე და 333-ე მუხლები. თუ მარტო ეს მუხლები ექნება, მაშინ ამ მუხლებით შეიძლება შეეფარდოს სასჯელი. თუმცა, შესაძლოა, სხვა მუხლებიც გამოჩნდეს - პირადი საიდუმლოების ხელყოფა და სხვა. გამორიცხული არაა, ამ ხნის განმავლობაში სხვა დარღვევებიც აღმოაჩნდეს. ძნელია, თქმა კონკრეტულად რომელ მუხლებს წაუყენებენ, მაგრამ ის, რაც არის ცხადი და ნათელი, სწორედ ეს ორი მუხლია - სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება. ის კი არა, თვითონ კუბლაშვილის სასამართლოში, სამეურნეო განყოფილებაში მომუშავე მისი თანამშრომლები იმასაც ადასტურებენ, რომ კუბლაშვილს უზარმაზარი ფინანსური დარღვევები აქვს. 30 დოლარიან საღებავში 300 დოლარი იჭრებოდა და წელიწადში ორჯერ ხდებოდა ერთი და იმავე კედლის გადაღებვა.

ბოლო დროს საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს ყოფილი მაღალჩინოსნების გირაოთი გამოშვება. კუბლაშვილსაც, იქნებ, ამის იმედი აქვს?

- ძნელია ამის თქმა. შეიძლება, კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყდეს ეს საკითხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის დღიდან მოყოლებული დღემდე კუბლაშვილი რომ სასამართლო ხელისუფლებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ჩირქის მომცხები და საზოგადოების ინტერესებისა და ადამიანის უფლებათა დამრღვევია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მან შეიძლება, ამტკიცოს, რომ ის ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ ეს ასე არ არის.

უკანონო მოსმენებიც შედის ამ კონტექსტში, რომ ადამიანებს მის დროს უსმენდნენ?

- უკანონო მოსმენებიც ცალკე დანაშაულია, თუკი ესეც დაუდასტურდა მას, როგორც ბრალდება.

ახლახანს საზოგადოებამ მოისმინა გვარამიას, მერაბიშვილის, დამენიას და სხვა თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრები. საინტერესოა, როგორ განხორციელდა ფარული მოსმენა იმ მოსამართლეების ბრძანების საფუძველზე, რომლებიც კუბლაშვილს ექვემდებარეობდნენ? როგორ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია კონკრეტულმა მოსამართლეებმა და დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობები კონკრეტული პირების მიმართ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე ნებართვის გაცემის შესახებ?

- სხვათა შორის, ამის შესახებ მეც ვიფიქრე, მაგრამ, ეტყობა, ბევრი მოსამართლე უკვე საკუთარ ტყავს უფრთხილდება. იმ ტელეფონის ნომრებში ვინმე გიორგი ფიგურირებდა და ნიკა გვარამიას გვარი არ ფიგურირებდა. გადამოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ აღნიშნული სატელეფონო ნომერი გამოიყენებოდა ნიკა გვარამიას მიერ.

მაგრამ, თუკი მოსამართლეები ამ ნომრების მოსმენის დაკანონების შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდნენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნომრის მეშვეობით მობილურის მფლობელის დადგენა არ გაუჭირდებოდათ...

- დიახ, მაგრამ, ეტყობა, მოსამართლეები ისე გასცემენ ბრძანებებს, რომ ამ საქმეს არ უთანხმებენ კუბლაშვილს, რადგან ეს ცალკე დანაშაულია - საიდუმლოების გამჟღავნება. ამდენად, შეიძლება ეს არც არავის აწყობდა.