„მოსკოვში სულ არ აინტერესებთ საქართველოს ხელისუფლებაში ვინ მოვა და ვინ წავა, მთავარია, კონტროლის მექანიზმი მთლიანად რეგიონზე შეინარჩუნონ“

„მოსკოვში სულ არ აინტერესებთ საქართველოს ხელისუფლებაში ვინ მოვა და ვინ წავა, მთავარია, კონტროლის მექანიზმი მთლიანად რეგიონზე შეინარჩუნონ“

რას ნიშნავს რუსეთის გზავნილი საქართველოს მიმართ და ამზადებს თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ახალ პროვოკაციას? - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გატაცების და დაჭრის ფაქტზე განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა. სამინისტრომ გამოქვეყნებულ განცხადებაში თბილისი სპექტაკლის მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეიარაღებულმა გახელაძემ საზღვარი გადალახა და რუს ჯარისკაცებს ესროლა.

For.ge-სთან კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეიძე არ გამორიცხავს, რომ 2008 წლის ომის ავტორი ახალი პროვოკაციისთვის ემზადებოდეს და ამისთვის კონკრეტულ გზავნილებს აჟღერებდეს. მისი თქმით, რუსეთს ჩანაფიქრი და მიზნები აქვს, რომლის განხორციელებაც საქართველოზე ამ ფორმით - ზეწოლით სურს.

ანალიტიკოსი ხაზს ასევე რეგიონში დაძაბულ სიტუაციას უსვამს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ამ სიტუაციით ისარგებლოს და საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაცია დაგეგმოს. მისივე თქმით, ყურადღება მისაქცევია შავ ზღვაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდაც, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

რას ნიშნავს რუსეთის განცხადება და შესაძლოა თუ არა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ მუქარად აღვიქვათ?

მამუკა არეშიძე: ეს არის სუფთა პროპაგანდისტული განცხადება, რადგანაც რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო მზად არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრ ვალდებულებას ხელი მოაწეროს, თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ე.წ. სახელმწიფოებად არ იყვნენ მოხსეინიებულნი და წარმოდგენილები, როგორც მხარეები. პლუს კიდევ, რუსეთთან, როგორც სახელმწიფოსთან ცალკე ხელშეკრულების დადება მოხდეს. ის, რომ ეს რეგიონები ნახსენები იყოს, როგორც სახელმწიფოები, ამაზე საქართველო არ წავა და რუსეთის ეს მიზანი რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, მაინც ვერ შესრულდება. ამიტომ რუსეთი თავისსავე განცახდებაში თვალთმაქცობს და რეალურად არ ამბობს საქმე რაშია.

თუმცა აქ ერთი საინტერესო გარემოებაა, ეს შესაძლოა ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის ბჟანიას ნათქვამის გადასაფარად იყოს გაკეთებული. მან თქვა, რომ მზად არის ქართულ მხარესთან დადოს ხელშეკრულება ისე, რომ პოლიტიკური ნაწილი ამოღებული იყოს. თუმცა აქაც არ ვიცით, ზუსტად რა ხაფანგია დადებული, მაგრამ ფაქტია ბჟანიამ ეს განცხადება გააკეთა.

ვლადიმერ პუტინისგან ამ ზაფხულს უნდა ველოდოთ თუ არა პროვოკაციას და რა სახის შეიძლება იყოს იგი?

- რუსეთის მხრიდან საფრთხე ყოველთვის არსებობს. ჩვენ ყოველდღიურად პროვოკაციის რეჟიმში ვცხოვრობთ. ბორდერიზაცია მუდმივი საფრთხეა. იგივე, ჩვენი მოქალაქეების დაკავებაც პროვოკაციებად შეგვიძლია განვიხილოთ. რაც შეეხება შავ ზღვაში რუსულ წვრთნებს, რომელიც აფხაზებთან ერთად ტარდება, ესეც ამის შემადგენელია. ორი დღის წინ პუტინმა გამოაცხადა, რომ სამხრეთის მიმართულების ჯარების შემოწმება ხდება და ესეც, რასაკვირველია, საფრთხედ და პროვოკაციად უნდა აღვიქვათ. მსგავსი მაგალითი 2008 წელს უკვე გვქონდა, როდესაც კავკასიაში ჯარების წვრთნები დაიწყო და შემდეგ ომში გადაიზარდა.

შესაძლოა, რუსეთის ქმედებები ახლა ჩვენს სამეზობლოში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზეც იყოს დამოკიდებული?

- რა თქმა უნდა, ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენები თოვუზის რაიონში როგორ განვითარდება. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება ფართომასშტაბიან შეტაკებაში გადაიზარდა, არ არის გამროიცხული, რუსეთმა შექმნილი სიტუაცია რეგიონში სათავისოდ გამოიყენოს. კრემლის გეგმების შესახებ პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.

რუსეთის გაფრთხილება ხომ არ უკავშირდება საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შესაძლო ცვლილებას?

- ამ მიზანს ვერ ვხედავ. მოსკოვში სულ არ აინტერესებთ საქართველოს ხელისუფლებაში ვინ მოვა და ვინ წავა. მთავარი ეს არ არის, მთავარია, კონტროლის მექანიზმი მთლიანად რეგიონზე შეინარჩუნონ. ამას კი ყველა ფორმით და ხერხის გამოყენებით გააკეთებენ.

რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ და რა პასუხი უნდა გასცეს რუსეთს მუქარანარევ განცხადებაზე?

- ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთ ზონაში ზაზა გახელაძეს სანადირო თოფი არ უნდა ჰქონოდა. არა აქვს მნიშვნელობა გაისროლა თუ არა. ვიცით, რუსებს პატარა მიზეზი სჭირდებათ, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ. ეს ისტორიული გამოცდილება წარსულიდან უკვე გვაქვს. ასეთი შეიარაღებული წასვლა საჭირო არ იყო. ბუზისგან სპილოს გაკეთება რუსებს არ უჭირთ. ოსური „კაგებე“ ახლა რას აღარ იგონებს. გახელაძის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საქართველო მის გასათავისუფლებლად რა რესურსიც აქვს, მაქსიმალურად იყენებს. ეს არის თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა. ოფიციალური გზების გარდა არსებობს არაოფიცილურიც. არ ვიცი, ახლა ამ ტაქტიკას იყენებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება. სხვა ხერხებიც არსებობს იმისა, ეს საკითხი როგორ შეიძლება მოაგვარონ. იმედი მაქვს, რომ გახელაძის პრობლემა მალე გადაიჭრება.