„რას გვერჩით, რატომ არ გვაცდით ანგელოზი შვილის დატირებას, რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან დაცვა?!“, – ასე მიმართავს სოციალური ქსელით მედიის ნაწილს მოკლული 19 წლის ფეხბურთელის დედა. თამუნა შალვაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებდა თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე.
„მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა „ჩუმად წამოიღო“ გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა?
ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ „საზოგადოებრივ გამომძიბლებს“ მირჩევთ, თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ, ჩვენი ოჯახი რომ ლამის, სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ, ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!
ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ, თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია? და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?“, – წერს თამუნა შალვაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებულ სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში დამოუკიდებელი ექსპერტი, ალეკო გეჯაძე ჩაერთვება, რომლის ინფორმაციით, შსს ტრავმის განვითარების მექანიზმის რამდენიმე ვერსიით ინტერესდება. მისივე თქმით, ექსპერტიზაში ნევროლოგებიც ჩაერთვებიან, რადგან გონების დაკარგვის ეპიზოდებზეა საუბარი - შეეძლო თუ არა გონების დაკარგვა.
„მაღალი ალბათობით, ამ დღეებში უკვე ჩაერთვება ჩვენი კომისია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებთან ერთად. დავიწყებთ მსჯელობას, მაღალი ალბათობით გავალთ შემთხვევის ადგილზე, დავათვალიერებთ იმ მიდამოს, სადაც გამოძიება გვეკითხება, შეეძლო თუ არა დაგორებით, ან ხახუნით მიეღო დაზიანებები ამა თუ იმ ლოკაციებში და ამის შემდეგ უკვე დაიდება მთლიანი დასკვნა.
მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ ერთ საერთო პოზიციაზე უნდა გავიდეთ. არ არის გამორიცხული გარკვეულ კითხვებთან მიმართებაში ადგილი ჰქონდეს აზრთა სხვადასხვაობას. ამ ექსპერტიზის მიზანი ვერ იქნება, ჩვენ დავდოთ დასკვნა, რომ პირობითად, ამ პიროვნებამ შაქარაშვილს ასეთ ვითარებაში მიაყენა დაზიანება, რადგან ეს გამოძიების მსჯელობის საგანია. გამოძიება გვეკითხება ტრავმის განვითარების მექანიზმის რამდენიმე ვერსიას“, – განაცხადა ალეკო გეჯაძემ.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ დაკავებულების ბრალის დამძიმებისა და საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების საკითხი კომპლექსურ ექსპერტიზაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ჯერ უცნობია, როდის იქნება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მან უნდა უპასუხოს შეკითხვას – როგორ აღმოჩნდა 12 დაზიანების მიყენების შემდეგ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში.
„ექსპერტიზა არის ის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც არ არის დაფუძნებული სუბიექტურ მოსაზრებებზე, რაც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდეს. დანიშნულ ექსპერტიზაში ჩვენი მხრიდან სამი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. ისევ ის ვერსია გვაქვს, რომ ბავშვს გაუსწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ კი ნაცემი ბავშვი ჩააგდეს წყალში, დაახრჩეს და გაატანეს წყლის დინებას.
არსებული ბოლო ექსპერტიზის დასკვნით და უკვე არსებული მტკიცებულებებით, რომელსაც კიდევ დაემატება მასალები, კიდევ გამყარდება განზრახ მკვლელობის ვერსია, რომელიც იქნება გამართული და „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე პირი დაისჯება განზრახ მკვლელობისთვის. ეს არის ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა. ბრალის წარდგენის ვადა დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხის მოსვლაზე. საგამოძიებო ვადა გადაიწევს თუ არა, ან როდის მოხდება ბრალის წარდგენა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შს სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობდა. გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდნენ – მარიამ ადეიშვილი, ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი, ლუკა ბეჟანიშვილი და ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. როგორც მათ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, გამოძიებამ სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დეტალები დააზუსტა.
ერთ–ერთი მოწმის, მარიამ ხატისკაცის განცხადებით, მას გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე არ დაუპატიჟებია და მისთვის უცნობია, ვინ დაპატიჟა ფეხბურთელი. ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ–ერთი მოწმისგან, ლიზი ნადირაძისგან გაიგო.
„სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს. მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები“,– განაცხადა მოწმე მარიამ ხატისკაცმა.
გამოკითხული მოწმის, მარიამ ადეიშვილის ინფორმაციით, უწყებაში გამოკითხვაზე სოციალური ქსელები შეამოწმეს. „ამოიღეს ჩანაწერები და უბრალოდ, შეგვიმოწმეს სოციალური ქსელები. დაბადების დღეზე ვიყავი მხოლოდ და შემდეგ წამოვედი სახლში. მეტი არაფერი ვიცი“, – განაცხადა მარიამ ადეიშვილმა.
შსს–ში იმყოფებოდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომლის განცხადებით, ის გამოძიებას არაფერს არ უმალავს. იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ფოტომასალა არ გადაუღია, ფოტოაპარატი გამოძიებამ ამოიღო და ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე კი ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს. უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში. მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა.
ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოძიებას, ამის იქით არაფერი იცის“, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, ლუკა ბეჟანიშვილს, მისი განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები, „მესენჯერი“ და „ინსტაგრამი“ შეუმოწმეს. როგორც ბეჟანიშვილმა აღნიშნა, მას ვახტანგ ახვლედიანმა დაურეკა და უთხრა, რომ ნაცემი იყო და სთხოვა წაყვანა. „მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენ უბნელს, რომელიც „ტაქსისტია“ და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. ახვლედიანი იყო დამალული და არ იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა“, – ამბობს ლუკა ბეჟანიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ვახტანგ ახვლედიანი ბოლო ადამიანი, რომელმაც დაინახა, როგორ მისდევდა შაქარაშვილს რამდენიმე პირი, ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ ეს პირები სხვებსაც მისდევდნენ, მაგრამ ისინი არ გაუჩინარებულან. მისივე თქმით, ადგილზე 3 მანქანა იმიტომ მივიდა, რომ მათ 6 ადამიანი – გიორგი შაქარაშვილი, კოკო ღიბრაძე, იაკობ ბრეგვაძე, გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი და გური ამირხანაშვილი უნდა წამოეყვანათ.
„6 კაცი იყო და წასვლას ელოდებოდნენ, ლისზე უნდა ამოსულიყვნენ. სამი მანქანაც იმიტომ არის წასული და ერთში იჯდა მხოლოდ 4 კაცი – კოკო და გუგა წაყვნენ, რომ ადგილი ეჩვენებინათ და დანარჩენი 2 მანქანა, იმიტომ, რომ ეს 6 კაცი ჩატეულიყო შიგნით. ისეთი სიტუაცია არ იყო, რომ 3 საათით დამდგარიყვნენ და ეძებნათ, იქ კიდევ რამე რომ მომხდარიყო, ყველანი „შარში უნდა გახვეულიყვნენ“. როგორც შეძლეს, მანქანიდან ეძახდნენ, ვინც იპოვეს წამოიყვანეს, ვისთანაც ტელეფონით ჰქონდათ კომუნიკაცია, დანარჩენებს ტელეფონი არ ჰქონდათ და ვერ მიაგნეს“, –განაცხადა ლუკა ბეჟანიშვილმა.
რაც შეეხება მოწმის სახით გამოკითხულ ვახტანგ ახვლედიანს, ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებთან, ალექსანდერე კობაიძესთან და ვასილ მამულაშვილთან გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ახვლედიანის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, მას ადვოკატები დაუკავშირდნენ და ახვლედიანის გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს. როგორც ცნობილია, ახვლედიანი არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, იაკობ ბრეგვაძესთან, გიორგი ქათამაძესთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„ეს არის ნებაყოფლობითი განმარტების მიცემა. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სწორად არ მიაჩნია, მან განმარტება მისცეს ადვოკატებს. ეს არ არის „კაპრიზი“, ისინი არიან ბრალდებულების ადვოკატები, ხოლო ახვლედიანი საქმეში დაზარალებულია, შესაბამისად, მეორე მხარე პროცესუალური მოწინააღმდეგეა. არ მიგვაჩნია სწორად, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს განმარტებები მივცეთ“, – აღნიშნა კახა წერეთელმა.