„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კობახიძე მაჟორიტარი კანდიდატი ვერ იქნება, ფიზიკურად შეუთავსებელია ერთი საქმიანობა მეორესთან, მაგრამ იქნება საარჩევნო სიის ათეულში. ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება, თუმცა იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. სამაგიეროდ გუნდში იციან, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი. მისი თქმით, ჯერჯერობით სიის ნუმერაციაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. ამასთან, კობახიძის განცხადებით, ივანიშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გაიმართება.
„სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა. ამ ყველაფერს სჭირდება ყოველდღიური კოორდინაცია. ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით.
ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მთლიანად აგებული მომავალზე. ორიენტირი იქნება ის, რომ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ როგორც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას, მათ შორის, როგორ ვხედავთ, იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისმენენ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
სულ რამდენიმე დღეში „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს თბილისის 30-ვე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, საბურთალოს ოლქში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ კანდიდატებს შორის შიდა გამოკითხვას ატარებს და ამის მიხედით არჩევს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი კვლევებს მუდმივად აწარმოებს. მათ შორის, კვლევა ჩატარდა მაჟორიტარების ჭრილშიც. მისი თქმით, რვავე თბილისის ოლქში ჩატარდა კვლევები. სხვადასხვა პოლიტიკოსი იყო ჩართული ამ გამოკითხვაში. შესაბამისად, პარტიას მონაცემები აქვს. კობახიძე ამბობს, რომ მონაცემებიც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების პირობებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია მაჟორიტარებზე, პრაქტიკულად, ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება საარჩევნო სიას, მდინარაძის განცხადებით, ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი, ახალი სახით დაკომპლექტდება „ოცენების“ საარჩევნო სია.
„პარტიაში მაჟორიტარებზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ, ორი-სამი შემთხვევის გარდა. დღეს-ხვალ, ალბათ, შიდა გადაწყვეტილება იქნება და უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ. პროპორციულ სიას რაც შეეხება, ამაზე ჯერ სიღრმისეული მსჯელობა არ გვქონია. რა თქმა უნდა, მოვთელეთ კონსულტაციებით ეს საკითხები, ძალიან ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ, ახალ სახეს შევხვდით და არის ძალიან კარგი პოტენციალი, რომ მათ შეავსონ, გადაახალისონ ჩვენი გუნდის რიგები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს განხილვა, რა ფორმით ჩაერთვებიან ლიდერები წინასაარჩევნო მუშაობაში და რომელ რეგიონებში ივლიან. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერი, ჩართული იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში.
„ჩვენ ვემზადებით მაჟორიტარობის კანდიდატების დასასახელებლად, უახლოეს პერიოდში. განხილვები მიმდინარეობს ყოველ დღე, მათ შორის სიის. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო, რომ პარტიის ლიდერის ფუნქცია რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება. ფორმებზე, მეთოდებზე ვყალიბდებით, როგორ ჩაერთვებიან ლიდერები, სად ივლიან, რომელ რეგიონებში. ეს ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. რეალურად სამუშაო რეჟიმია და სამუშაო რეჟიმში ყველა ჩავერთვებით და მათ შორის პარტიის თავმჯდომარე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ოპოზიციაში იმით ხსნიან, რომ ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, ამიტომ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა წინასაარჩევნოდ, უეჭველი ამბავია, იმიტომ, რომ ეს არის არჩევნები, რომელშიც კარგავს ხელისუფლებას.
„ადამიანი, რომელსაც ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, ბოლომდე იფართხალებს, რათა ხელისუფლება არ დაკარგოს და ყველაფერს გამოიყენებს, ოღონდ ამ ყველაფრის გამოყენება - იქნება ეს ძალადობა, მოსყიდვა თუ ამ ტიპის ინსტრუმენტი, მას ამაში ვერ უშველის. ამიტომ, კი ბატონო, გამოვა, ამას ველოდებით, მაგრამ ეს არანაირი შედეგის მომტანი მისთვის არ იქნება.
ივანიშვილის მიერ კობახიძის არჩევა ზუსტად მეტყველებს იმაზე, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება - ისეთი, როგორიც წინა წლებში იყო, როდესაც ბატონი კობახიძე იყო ასევე აქტიურად ჩართული შტაბში. ეს იქნება ძალადობის კამპანია, „ფეიქ-ნიუსების“ კამპანია, ტალახის სროლის კამპანია, სიძულვილის ენის გამოყენების კამპანია, ყველანაირი არგუმენტებისგან დაცლილი, მხოლოდ შავი კამპანია. რა ხეირი ექნება ამით „ქართულ ოცნებას“, ამას ყველა ძალიან კარგად ვნახავთ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაიკვრებიან, ერთადერთი არის ივანიშვილი და ის თუ არ გამოჩნდა, მაშინ მისი თქმით, ვინ არის „ქართული ოცნება“? ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, ის მაინც „ოცნებასთან“ ასოცირდება და მის გარეშე მმართველი პარტია აღარაფერი რჩება.
„ავტომატურად ამომრჩეველი იდენტიფიცირებას ივანიშვილთან აკეთებს და სიაში ჩაეწეროს ისეთი არჩევნების წინ, სადაც მას თავად არ სჯერა, რომ უმრავლესობით მოიგებს ამ არჩევნებს, რა ლოგიკა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ეს არის ერთადერთი რესურსი, რაც „ქართულ ოცნებას“ დარჩა დღეს. ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა, მაშინ ვინ არის „ქართული ოცნება“? არავინ აღარ დარჩა. რამდენიმე ადამიანს თუ გამოაკლებთ, ვინც 2012 წლიდან დარჩა და რამდენიმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი. ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა საჯარო შეხვედრების დროს, კამპანიას ვინ ჩაატარებს? ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა, ის არის „ქართული ოცნების“ მთავარი შემომწირველიც, მთავარი პოლიტიკური საყრდენიც. მოცემულობა ესაა და ჩვენთვის ყველასთვის ეს ცნობილია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა, რეალურად, ოპოზიციის დახმარება იქნება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კობახიძეს საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვს და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა ოპოზიციას მმართველი გუნდის არჩევნებში დამარცხებაში დაეხმარება.
„20 ივნისს კობახიძის პირადი დამსახურებით არა მხოლოდ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდა მის სავარძელში, არამედ ამას მოჰყვა წყება მთელი შესაბამისი ვითარების, რომელმაც გამოიწვია ქართველი ხალხის სერიოზული დაზიანება და მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი.
ამიტომ „ქართული ოცნება“ თუ მას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი და, ამ მიმართულებით, ეს იქნება მხოლოდ დახმარება, ხელის წაკვრა ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომ არჩევნებზე დავამარცხოთ ივანიშვილი მისი ყველა პოლიტიკური მარიონეტის და პირველ რიგში - ბატონი კობახიძის ჩათვლით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.