ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული იქებოდა გიორგი რურუას საქმე, მაგრამ ანგარიშში „მთავარი“ არხის მეწილის „ქეისი“ ვერ მოხვდა. ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება იმ თანამშრომლობის და ურთიერთობის შედეგია, რაც საქართველოს აქვს ევროპარლამენტთან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტარები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მაღალ შეფასებას აძლევს პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ანგარიშის ამ ნაწილში საუბარი არ არის გიორგი რურუაზე. „მთავარი“ არხის ერთ-ერთი მეწილე რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ არის ნახსენები, ამის შესახებ განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს გააკეთა. ელჩი აცხადებდა, რომ რურუა 8 მარტის შეთანხმებაში არ არის ნახსენები, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა.
ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა და ელჩს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი, თუმცა დოკუმენტალურად ოპოზიცია ვერ ადასტურდება შეთანხმებაში რურუას ნაწილს. გერმანიის ელჩის განცხადების შემდეგ კი, ოპოზიციამ რურუას საკითხზე ტონალობა შეარბილა და „მთავარი“ არხის მეწილის „ქეისმა“ აქტუალურობა დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების ანგარიშში გიორგი რურუას „ქეისი“ ასახული არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არასერიოზულს და ბრიყვულ თავის მართლებას უწოდებს დავით ზალკალიანის განცხადებას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში მეცადინეობას ურჩევს.
„მორიგი ბრიყვული თავის მართლებაა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამ დოკუმენტში რურუას გვარი არ წერიაო, მაგრამ რომ წერია, რომ უნდა შეწყდეს მედიასაშუალებების მფლობელებზე დევნა? ვინ არის აქციონერი „მთავარი არხის“? მაინცდამაინც რურუა უნდა ეწეროს გვერდით? ხომ წერია, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არ არის? ანუ კვლავ არის ქვეყანაში პოლიტპატიმარი, როგორ უნდა გავიგოთ ეს? ელემენტარულად წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია „ქართული ოცნების“ ლიდერებს და როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ამიტომ სჯობს იმეცადინონ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. თუ მთავრობას არ უნდა გაიგოს, მაშინ გააგებინებენ, არსებობს უამრავი სხვა მეთოდი, მათ შორის, პერსონალური სანქციები, რომლის შესახებ უკვე ალაპარაკდა აშშ-ის კონგრესი და დოკუმენტიც არის მიღებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დავით ზალკანიანს ევროპარლამენტარების რეზოლუციის კარგად წაკითხვას ურჩევს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე. კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პრობლემები მოაგვაროს მანამ, სანამ გარდაუვალი და შეუქცევადი შედეგი დადგება. მისი თქმით, შეთანხმების შეუსრულებლობას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.
„ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, რომ საქართველოს დახმარება შეუმცირდეს ან რაიმე ტიპის სანქციები განხორციელდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანა არის, ივანიშვილი ვაიძულოთ, რომ პრობლემები მოაგვაროს მანამ, სანამ რაიმე გარდაუვალი შეუქცევადი შედეგი დადგება. იქ საუბარია 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე. ამ შეთანხმების საკონსტიტუციო ნაწილი შესრულებულია.
პატიმრების ნაწილი გათავისუფლებულია, ხოლო ნაწილი, ამ შემთხვევაში - რურუა გათავისუფლებული არ არის. როცა ევროპარლამენტი ამბობს, რომ ბოლომდე უნდა შესრულდეს, იგულისხმება სწორედ ეს კომპონენტი. ეს მან ძალიან კარგად იცის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს და უწევს ამ სამარცხვინო ე.წ. გაპრავების რეჟიმში ყოფნა, რაც ძალიან ცუდია როგორც საგარეო პოლიტიკისთვის, ისე პირადად მისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუ ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას არ გულისხმობენ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განმარტოს, რა ასპექტი დარჩა შეუსრულებელი.
„რა ნაწილი არის შეუსრულებელი, ამ კითხვას უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ“. რატომ წერს ევროპარლამენტი თავის ტექსტში, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება? რა არ შეასრულეს? იქნებ, მმართველმა პარტიამ ეს მრავალგანტოლებიანი ამოცანა ამოგვახსნევინოს. საქართველოსთვის, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ ის ევროპული ოჯახის ნაწილი უნდა იყოს, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეს ძალიან მძიმე, კრიტიკული შეფასებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს, რომელსაც კარგი დინამიკა ჰქონდა, ასე შემოატრიალა მმართველმა პარტიამ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტარების დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრები და ვინმეს გვარი საერთოდ არ არის ნახსენები, იქ საუბარია ძირითადად იმ პოზიტიურ კონტექსტზე, რომელსაც ასოცირების გზაზე ქვეყანა იმსახურებდა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სექტემბერში იქნება საბოლოო კენჭისყრა სესიაზე და ერთი თვეში გაირკვევა ის სიმართლე, რაც წერია დოკუმენტში.
„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. პოლიტიკური პატიმრები და ვინმეს გვარია საერთოდ არ არის ნახსენები ანგარიშში. საუბარია ძირითადად იმ პოზიტიურ კონტექსტზე, რომელსაც ასოცირების გზაზე ქვეყანა იმსახურებდა. საუბარია რეფორმებზე, ასევე არის რეკომენდაციები და ცალკე პუნქტები შეიტანეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ძალიან წარმატებულ ბრძოლას ეხება „კოვიდის“ წინააღმდეგ.
რეკომენდაციებია სასამართლოს მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. აღნიშნავენ, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტი შევასრულეთ, ეს არის კონსტიტუციის მიღება და მეორე ასპექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეხებოდა, ისე როგორც ეს შეთანხმებული იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ანგარიში ამყარებს ეჭვს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ იყო ნახსენები გიორგი რურუა. ფორმულირებაც, რასაც ოპოზიცია მის მიერ წაყენებულ მოთხოვნას უკეთებდა - რომ ლაპარაკი იყო რურუაზე, საყვარელიძის განცხადებით, ლაპარაკი შეიძლება ბევრ რამეზე იყოს, მაგრამ ძალა აქვს შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება. მისი თქმით, ოპოზიციის ეს ფორმულირება სავარაუდოს ხდიდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებაში არ იყო ისეთი გამართული მდგომარეობა, როგორც თვითონ ხატავენ.
„მით უმეტეს, რომ ამ მხრივ ოპოზიციას სახელი აქვს გატეხილი. ხშირად უთქვია ერთი და რეალობა ყოფილა მეორე. ლაპარაკი იმაზე, რომ უცხოელები აუცილებლად ეცდებოდნენ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამაში ახალი არაფერია. არც უცხოეთი არ არის დაზღვეული პოლიტიკური ინტერესისგან. ეს შეიძლება იყოს ზოგადი ხასიათის პოლიტიკური ინტერესი, შეიძლება კერძო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინტერესი.
ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად, არ იყო ასეთი განცხადებები. მაშინ, როდესაც მასიური იყო აქციები, ქუჩა სავსე იყო პროტესტით, უცხოეთს რეაქცია არ ჰქონია. ადვილად შევეგუეთ იმას, რომ შეიძლება უცხოეთი პოლიტიკურად არ იყოს დაინტერესებული და ამიტომ რეაქცია არ ჰქონდეს.
ახლა, ეს ფორმულა მოვატრიალოთ დღევანდელობაზე. დღეს რომ რეაქცია აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დღეს იგი რიგ შემთხვევაში დაინტერესებულია რეაგირებაში?! შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს რეაქცია დიდი პოლიტიკის ნაკარნახევი იყოს, შეიძლება ერთი კერძო პოლიტიკოსის ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. ფაქტია, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში არც ერთი და არც მეორე ფაქტორი არ მუშაობდა“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ დღეს ევროპარლამენტარები რურუაზე გაჩუმდნენ, ე.ი. რურუაზე ინტერესი აღარ იყო. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ რურუას თემაზე პედალირება იყო იმიტომ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, თუ ცალკეულმა პირმა, რურუაც ახსენა და თქვა, რომ უნდა გამოუშვანო, მაგრამ მერე ისინიც მიჩუმდნენ.
„ამ ინტერესებში რაღაცა დინამიკა იკვეთება, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ორი ადამიანი შეიწყალა, პრინციპი იმისა, რომ ევროპელებს გაუწია ანგარიში, უკვე დაცულია. რახან გაუწია ანგარიში, ამიტომ ზედმეტობა გადაიფიქრეს. სავარაუდოა, რომ ამ ზედმეტობის განცდა გაუჩნდათ იმის შედეგად, რომ ხელისუფლებამაც, ალბათ, გულზე ხელი არ დაიკრიფა და ადეკვატური ინფორმაციის მიტანაზე იზრუნა, იმ წრეებთან, რომლებზედაც დამოკიდებული არის ანალოგიური გადაწყვეტილება.
რაშინ სჭირდება ოპოზიციას ამაზე პედალირება, საერთოდ გაუგებარია. მთელმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ გამოაცხადოს, რომ აბსოლუტურად მტყუანია „ქართული ოცნება“ და აბსოლუტურად მართალია „ნაციონალური მოძრაობაო“? ქართველ ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც არ მოიყვანს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
საქმე იმაშია, რომ ევროპარლამენტარების ანგარიშს ხელისუფლება კითხულობს პირდაპირ და იქ, ცხადია, რურუა არ წერია.
სინამდვილეში, ეს ანგარიში წარმოადგენს პალიმფსესტს: სანთლის შუქზე რომ გახედავ, სტრიქონებს შორის მკაფიოდ იკითხება: " განთავისუფლდეს პოლიტპატიმარი ' რ უ რ უ ა ! "
ფუუ მაგათი..... ქათმები!