„ძალა ერთობაშია“-ს ძალა ეცლება - ნაციონალები ერთობას ტოვებენ?

„ძალა ერთობაშია“-ს ძალა ეცლება - ნაციონალები ერთობას ტოვებენ?

შესაძლოა ოპოზიციაში დაპირისპირება ახლა ფაზაში გადავიდეს და, საერთოდ, „ძალა ერთობაშია“ მოძრაობა დაიშალოს. ამის წინაპირობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 10 ივლისის შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ მივიდა და მოსაფიქრებლად გარკვეული დრო ითხოვა.

არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ კოალიციის სახით უნდა გასულიყო, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღო.

ზოგიერთმა ოპოზიციის ლიდერმა კი უკმაყოფილებაც გამოხატა - რა გამოდის - „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ვჭირდებითო?!

for.ge-ის ინფორმაციით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი უკვე შეარჩია.

„ძალა ერთობაშია“-ს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტია „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი იქნება. მანამდე ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე.

„ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ერთიანი საქართველო“ და „ლელო“ პროცესების გავლას დამოუკიდებლად აპირებენ.

ოპოზიციურ ერთობაში ლაპარაკია ასევე მეორე ტურის შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების კოორდინირებულად მხარდაჭერის შესახებ.

რაც შეეხება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკურ გეგმებს, უკვე შექმნილია პოლიტიკური პლატფორმა და, როგორც ელისაშვილი ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ახალი პლატფორმის წევრებმა - თავად მან, ლევან კობერიძემ და ანა დოლიძემ კენჭი იყარონ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში. ელისაშვილი ამბობს, რომ ის მხოლოდ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

ოპოზიციურ ფლანგზე ასევე გამოჩნდა ახლად შექმნილი „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, რომელიც, ძირითადად, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატებით დაკომპლექტდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების პასუხად, მისი პოლიტიკური პარტნიორები ირწმუნებიან, რომ კვოტებზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის გუნდთან არც კი დაწყებულა, რადგან პარტია ერთობის წევრებთან ტაიმ-აუტის რეჟიმში იმყოფება.

პაატა დავითაიას განცხადებით, ის მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დაფუძნების დროს შეთანხმებული პრინციპების ერთგულია. ეს კი გულისხმობს, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას, ჩამოაყალიბებს საარჩევნო ბლოკს და იმოქმედებს ბლოკის პრინციპებიდან გამომდინარე, სადაც პირველი სამი ათეული დაკომპლექტებული უნდა იყოს თითო სუბიექტის წარმომადგენლით.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. არსად „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს გასვლას“, - ამის შესახებ კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პოლიტიკური გაერთიანებიდან მათი გასვლის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 „ძალა ერთობაშია“ იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება. შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს. ხოლო, თუ ცალკეულ პარტიას გასვლა უნდა, ესეც არ არის პრობლემა. პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“. შეუძლებელია „ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. „ძალა ერთობაშია“ არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობით შენარჩუნება. ასე რომ, გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია სხვა პირებიც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა for.ge-სთან აცხადებს, რომ ვინაიდან პარტია „ძალა ერთობაშია“-ს წევრი არ არის, შესაბამისად, შიგნით განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა გუგავა გვიდასტურებს, რომ ლეიბორისტები, როგორც დაუმოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, არჩევნებშიც მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ. მისი თქმით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კოორდინაცია მიმდინარეობს. ზოგან შეთანხმება მოხდება და ზოგანაც არა.

„ჩვენს პარტიას საკუთარი საქმოქმედო სტრატეგია უკვე დიდი ხანია დამტკიცებული აქვს, ამტომაც რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდება. ყველამ იცის, რომ ჩვენ არჩევნეებში, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები მონაწილეობას ისე ვიღებთ. რაც შეეხება მაჟორიტარების თემას, აქ გაერთიანებული ოპოზიცია იკრიბება და ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. ნაწილი თბილისში შეთანხმდა და სხვა კონსულტაციებიც გრძელდება. საუბარია ერთმანეთის ხმების დაცვაზე და ასე შემდეგ“, - ამბობს გუგავა for.ge-სთან.

ჩვენ კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება ოპოზიციაში და მოხდება თუ არა საბოლოო ჯამში რეგიონებთან დაკავშირებით შეთანხმება, გუგავა გვპასუხობს, რომ საერთო სტრატეგიაში ოპოზიცია შეთანხმებულია და „ოცნების“ რეჟიმი უნდა დასრულდეს. შეიქმნას კოალიციური მთავრობა და ქვეყანა ამ მახინჯ სისტემას გამოვგლიჯოთ. დანარჩენი კი შიგნით ვინ რა თქვა და ვის ვინ არ მოსოწონს, გუგავა ამბობს, რომ ამაზე საუბარს და განხილვას არ აპირებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ძალა ერთობაშია“ უკვე დაშლილია. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა ლოგიკურია, რადგანაც როდესაც ბევრი პარტია იკრიბება, მათ თანმიმდევრობით სიაში გარკვეული ადგილი უნდა მიიღონ. ამ შემთხვევაში კი, ყველა გაერთიანებაში შემავალი პარტიის კანდიდატის გაყვანაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ამომრჩევლის ხარჯზე უნდა იზრუნოს.

„მხარდამჭერები, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს და გამოვა, რომ ამ ნაკლებ რეიტინგიანმა პარტიებმა კანდიდატები მათი ელექტორატის ხარჯზე უნდა გაიყვანონ. ამიტომაც, პრაგმატულად, ნაციონალების ინტერესში ამ ერთიანობაში ყოფნა აღარ არის. ახლა ესენი ცდილობენ, რომ ამ გაერთიანებაში ყოფნას თავი ისე აარიდონ, რომ მისი დაშლა მათ არ დაბრალდეთ.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შექმნას და ამ პატარა პარტიების მხარდაჭერას პარლამენტში, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეჭვი ეპარება, რომ ეს საჭირო გახდება. იმედი არა აქვს, რომ 2020-წლისთვის კოალიციურ მთავრობას თავად შექმნის. ამიტომაც ამ ხალხის მხარდაჭერა დიდად აღარ ანაღვლებს“, - აცახდებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.

Katana მართალია რამაზ საყვარელიძე: ნაცმოძრაობა უზნეოა, თორემ სულელი კი არ არის - რატომ გაუყოფს თავის ხმებს ვიღაც პაჭი-პუჭა პარტიებს?!
4 წლის უკან