შარშან რამდენიმე უსახლკარო ადამიანი, რომელიც ღამეებს ქუჩაში ათევდა, ყინვისგან გაიყინა და დაიღუპა. ბევრ მათგანს კიდურები მოეყინა, რის გამოც მათი ამპუტაცია გახდა საჭირო. წელსაც იგივე ბედი ელოდათ უსახლკაროებს, რომ არა ალექსანდრეს ბაღში მათ დასახმარებლად გაშლილი ვეებერთელა კარავი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით დაიდგა. 20 დეკემბრის ღამე კარავში სამმა უსახლკარომ გაათენა, 21 დეკემბერს მათი რიცხვი უკვე რვამდე ავიდა, მომდევნო დღეებში კი უფრო მეტ ნაკადს ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ კარავში მაქსიმუმ, 15-17 ადამიანი დაეტევა. თუ უსახლკაროთა რიცხვი იმატებს, შესაძლოა, მათთვის მეორე კარავიც გაიშალოს.
უსახლკაროებისთვის თბილისელებს საჭმელთან ერთად ტანსაცმელი და შეშა მიაქვთ, რადგან კარავში შეშის ღუმელი დაიდგა.
„ერთად დავეხმაროთ უსახლკაროებს“, - ამ აქციის ფარგლებში, აქტივისტები მთელ ქალაქში დადიან და სავარაუდოდ ადგილებში ეძებენ ყინვისგან გათოშილ ადამიანებს.
ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ კარავში ეტლს მიჯაჭვული უსინათლო მოხუცი ათევს ღამეს, ცხინვალიდან დევნილი ზაურ ხადური. აქამდე იგი ღამეებს მეტროსადგურში ათევდა. უსახლკარო მამაკაცებს შორის ერთი მანდილოსანია, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად შეეკედლა ამ კარავს.
For.ge უსახლკაროთა დახმარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზატორს ნათია ხაინდრავას ესაუბრა.
„უსახლკაროების ზუსტი რაოდენობა ჩემთვის უცნობია, თუმცა ასეთი ადამიანები არსებობენ, ვხვდებით ქუჩებში, რადგან მათ ღამის გათენება ღია ცის ქვეშ, სიცივეში უწევთ. ზოგიერთს შეიძლება, ჭერიც ჰქონდეს, თუმცა ვერ ათბობს სახლს და საშინელ პირობებში ცხოვრობს. ზოგს ოჯახი ჰყავს, მაგრამ სახლიდან გამოაგდეს, ზოგის შვილმა ტოტალიზატორში ბინა წააგო და შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა, ზოგს საბანკო ვალების გამო გაუყიდეს ბინა, ზოგსაც ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს... სანამ ქუჩაში მოხვდებოდნენ, ყველა მათგანს ინდივიდუალური ტრაგედია აქვს გადატანილი“, - ამბობს ნათია ხაინდრავა.
მისი თქმით, ამას ემატება ქუჩაში გაზრდილი თაობაც. თავის დროზე ამ ბავშვებისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. შესაბამისად, ის ბავშვებიც იზრდებიან, აჩენენ შვილებს და უსახლკაროთა რიცხვს მათი არცთუ მცირე ნაკადიც ემატება.
ამის მიუხედავად, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზატორი აცხადებს, რომ, მართალია, უსახლკაროები მრავლად არიან, მაგრამ ამ ადამიანების რიცხვი არც ისე კოლოსალურია, რომ მათ ვერ მოვუაროთ და არ ჰქონდეთ გამოსაძინებელი ადგილი. კონკრეტულად კი, ამ ადამიანებს დასუფთავება და ბანაობა სურთ და ესეც ვერ მოუხერხებიათ. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარების უფრო გლობალური სტრატეგიაც არსებობს, რაც სოციალურ საცხოვრებლებში ამ ადამიანების შეყვანას გულისხმობს. მთავარია, მთავრობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამისთვის ზრუნვა დაიწყოს.
„ეს კარავი მათთვის დროებითია. მე მინდა, კარავი მალე ავიღოთ, რადგან კარავი არ არის გამოსავალი. ეს ხალხი საცხოვრებლებში უნდა გადავიყვანოთ და დავეხმაროთ. არ ვიცი, გაიხსნება თუ არა მათთვის თავშესაფარი ან დროებითი გამოსაძინებელი ადგილები, მით უმეტეს, ზამთარია და ეს ადამიანები ქუჩაში იყინებიან. მოვიარეთ ადგილები, სადაც ვიცოდით, რომ იკრიბებიან უსახლკაროები და ღამეს ათევენ, ვუთხარით, რომ სხვებისთვისაც გადაეცათ ალექსანდროვის ბაღში არსებული კარვის შესახებ“, - აცხადებს ნათია ხაინდრავა.
მისივე ინფორმაციით, მათთვის დახმარება აქამდე არავის შეუთავაზებია. თუმცა, კარვის გაშლისას მას დაუკავშირდა მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე და უთხრა, რომ ასე სწრაფ აციებას არ ელოდნენ. ამჯერად კი, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გეგმას შეიმუშავებენ. გარდა ამისა, მათთან მივიდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და დაჰპირდა, რომ კარავში მცხოვრებ ორ დევნილს 15 იანვრის შემდეგ გადაიყვანდნენ და გორში საცხოვრებელს მისცემდნენ.
უსახლკაროთა დახმარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზატორს ისიც ახსენდება, რომ ყინვისგან გამოწვეული შარშანდელი მსხვერპლის შემდეგ მერიამ დროებით გახსნა რამდენიმე თავშესაფარი, თუმცა, ახლა, ეს თავშესაფრები არ მუშაობს.
„რა თქმა უნდა, ინვალიდისთვის კარავში ცხოვრება რთულია, მაგრამ აქამდე ის ქუჩაში ცხოვრობდა და, ალბათ, ღია ცის ქვეშ ყოფნას კარავში ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ კარავში მინიმალურზე მინიმალური პირობებია. ასევეა, მოხუცი ცოლ-ქმარი. რომ არა კეთილი ადამიანების დახმარება, რომლებიც შეშას ყიდულობენ, ეს ადამიანები კარავშიც გაიყინებოდნენ, ისინი მიწაზე დაგებულ ლეიბებზე წვანან,“ - აცხადებს ნათია ხაინდრავა.