ირლანდიის მოქალაქეს სიღნაღში ქონება ჩამოართვეს

ირლანდიის მოქალაქეს სიღნაღში ქონება ჩამოართვეს

სიღნაღში კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე არაერთხელ დაწერილა, მათ შორის humanrights.ge-ზეც. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სხვა შემთხვევებისგან იმით განსხვავდება, რომ ამჯერად დაზარალებული ირლანდიის მოქალაქეა - სალივან ქიარა როზმარი. მას სიღნაღში შეძენილი სახლი ისე ჩამოართვეს, არც გაუფრთხილებიათ. 

2007 წლის 1 მარტს ეკონომიკის სამინისტრომ სიღნაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის აუქციონის ფორმით გაყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს ის დროა, როცა ხელისუფლება სიღნაღის რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს და მედიასაშუალებებითაც ინვესტორების მოსაზიდად აქტიური პროპაგანდაა გაჩაღებული. 

ტენდერში სოლიდარულმა მყიდველებმა - ვანო ცაბუტაშვილმა და გოჩა ღვინეფაძემ გაიმარჯვეს. აუქციონის წესით გაყიდული შენობის ახალ მფლობელებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაც გაიცა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს უნდა შეესრულებინა შემდეგი პირობები: შედეგების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა; აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში მოეწყო ლუდის ბარი; მოეპირკეთებინა ფასადი და განეხორციელებინა 100 000 ლარის ინვესტიცია.  

ზემოჩამოთვლილი პირობები მყიდველებმა მალევე შეასრულეს. ამას ადასტურებს ეკონომიკის სამინისტროს ორი წარმომადგენლის მიერ ობიექტის ადგილზე დათვალიერების ოქმი, სადაც გარკვევით წერია, რომ პირობისამებრ, მოპირკეთებულია შენობის ფასადი და ფუნქციონირებს ლუდის ბარი. ეკონომიკის სამინისტრო ასევე ოფიციალურად ადადასტურებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100 000 ლარის ინვესტიციაც დროულად განხორციელდა და საპრივატიზაციო თანხაც დაიფარა. შესაბამისად, 2007 წლის 28 მაისს გოჩა ღვინეფაძესა და ვანო ცაბუტაშვილის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 

მალევე, სოლიდარულმა მყიდველებმა - ღვინეფაძემ და ცაბუტაშვილმა გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება დადეს და ქონებაც ერთმანეთისგან გამიჯნეს - პირველი სართული ღვინეფაძის, მეორე კი ვანო ცაბუტაშვილის მფლობელობაში გადავიდა. 2008 წელს ვანო ცაბუტაშვილმა თავისი კუთვნილ ქონება – შენობის მეორე სართული მიჰყიდა თავის ძმის ცოლს, ირლანდიისა და საქართველოს მოქალაქეს - სალივან ქიარა როზმარის.  

სალივან ქიარა როზმარის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ მყიდველმა ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოცემული პირობები ბოლომდე შეასრულა, მას შენობა მაინც ჩამოართვეს. ამავე დროს, სალივან ქიარა როზმარის ეკონომიკის სამინისტრო დღემდე არ უსახელებს ქონების ჩამორთმევის მიზეზს.  

„2010 წელს - ე.ი. მაშინ, როცა ქონება უკვე სალივან ქიარა როზმარის საკუთრებაშია, ეკონომიკის სამინიტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვანო ცაბუტაშვილს, გოჩა ღვინეფაძესა და ეკონომიკის სამინიტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე - იმ მოტივით, რომ ცაბუტაშვილმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. 16 მარტს გამოვიდა ბრძანება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ეკონომიკის სამინისტრომ კახეთის სამხარეო სამმართველოს ქონების ჩამორთმევისა და კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. სამხარეო სამმართველომ, თავის მხრივ, საჯარო რეესტრს გადააბარა ქონების ჩამორთმევა. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნული შენობა-ნაგებობა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში პირდაპირ დაარეგისტრირა“, - ამბობს მალხაზ პატარაია. 

ადვოკატის თქმით, ცაბუტაშვილისა და სალივან ქიარა როზმარის მხარისთვის დღემდე უცნობია, ხელშეკრულების რომელი პუნქტის დარღვევაში ედავება მათ ეკონომიკის სამინისტრო და რატომ მოხდა ჯერ ხელშეკრულების მოშლა, შემდეგ კი ქონების ჩამორთმევა.
 
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქისთვის ქონების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს განსაკუთრებულად აუცილებელი საზოგაოებრივი საჭიროება. სხვა შემთხვევაში, ქონების ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ კონკრეტული საქმიდან ქონების ჩამორთმევის „განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროება“ არსად იკვეთება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ სალივან ქიარა როზმარის ქონება თვითნებურად, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩამოართვა. 

„კანონმდებლობის მიხედვით, ეკონიმიკის სამინისტროსა და კახეთის სამხარეო სამმართველოს არა საჯარო რეესტრისთვის, არამედ სასამართლოსთვის უნდა მიემართა ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით და სწორედ სასამართლოს უნდა მიეღო ქონების ჩამორთმევა-არჩამორთმევის გადაწყვეტილება“, - აცხადებს ადვოკატი მალხაზ პატარაია.  

თუკი სალივან ქიარა როზმარისა და ვანო ცაბუტაშვილის მიერ მართლაც მოხდა ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევა, მის მოშლამდე და ქონების ჩამორთმევამდე, ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო, მყიდველები წერილობით გაეფრთხილებინა და მიეთითებინა დარღვევის გამოსწორების ვადა, ასევე - პირგასამტეხლოს ოდენობა. 

ადვოკატ მალხაზ პატარაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქონება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩამოართვეს. არადა, სამინისტროს ამგვარი შინაარსის წერილის გაგზავნას ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ავალდებულებდა. 

პატარაიას თქმით, რეალურად, სალივან ქიარა როზმარიმ დღემდე არ იცის, რატომ ჩამოერთვა ქონება და ხელშეკრულების რომელი კონკრეტული პუნქტის დარღვევაში ედავებიან. ამის გაგებას როზმარი და მისი ადვოკატი დიდი ხანია, ცდილობენ. თუმცა, ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ არც ერთ ოფიციალურ წერილობით დოკუმენტში არაა განმარტებული. 

მალხაზ პატარაია, ადვოკატი: „ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა - შანიძემ ჩემთან საუბარში აღიარა, რომ პრაქტიკულად შეცდომა მოხდა. მე ვუთხარი, დაეწყოთ ადმინისტრაციული წარმოება და თავადვე გაეუქმებინათ შეცდომით გამოშვებული ბრძნება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, შემდეგ კი სალივან ქიარა როზმარის ქონება ჩამოერთვა. ამ თხოვნაზე უარი მივიღე, იმ მოტივით, რომ ქონება მფლობელს არა ეკონომიკის სამინისტრომ, არამედ საჯარო რეესტრმა ჩამოართვა. ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა უპრეცედენტო არაპროფესიონალიზმთან. შემიძლია, ვივარაუდო ისიც, რომ ამ შენობას, უბრალოდ, ვიღაცამ დაადგა თვალი. ამგვარი ქმედებები სიღნაღშიც და სხვაგანაც ხელისუფლებას „გაუვიდა“, როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სალივან ქიარა როზმარი კი უკან დახევას არ აპირებს და ასე ადვილად არ დათმობს თავის ქონებას. ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს ჩვენი უფლებების დასაცავად. ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, კერძო საკუთრების ხელყოფის ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა: „ხელისუფლებას წინა წლებში საერთაშორისო დახმარებების სახით მიღებული თანხები შემოაკლდა, შეექმნა სერიოზული ფინანსური პრობლემები და ახლა ამგვარი მეთოდებით ცდილობს ბიუჯეტის შევსებას. თანაც, ეს მის მიერ კერძო საკუთრების ამ ფორმით ჩამორთმევის პირველი ფაქტი არაა და სამწუხაროდ, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სალივან ქიარა როზმარისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავს. ნანუაშვილის თქმით, ცენტრი უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწვდის ინფორმაციას და ჩართავს ამ საქმეში.

humanrights.ge