როგორი იქნება მმართველი პარტიის საარჩევნო სია, ეს არის ის უმთავრესი საკითხი, რაც ამ ეტაპზე ოპოზიციას აინტერესებს. სწორედ ეს სია გადაწყვეტს ოპოზიციის ბედს მომავალ არჩევნებში. რაც შეეხება ოპოზიციის საარჩევნო სიას, სავარაუდოდ, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მსურველთა ჩამონათვალი ისევ კარგად დავიწყებული ძველი სახეები იქნება. ანუ, ოპოზიცია საზოგადოებას სიახლეს ვერაფერს სთავაზობს. გაურკვეველია ასევე მმართველი პარტიის გეგმებიც. ბოლო დღეებში, უკვე არსებულ პოლიტიკურ ჭორ-მართალს კიდევ ერთი, საკმაოდ მძიმეწონიანი ვერსია შეემატა - შესაძლოა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ, რამაც გაერთიანებულ ოპოზიციაში სრული ქაოსი გამოიწვია. იქნება თუ არა ივანიშვილი სიაში, ეს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლება ახალი კარტის გათამაშებას აშკარად აპირებს. ის, რომ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის პერიოდში სათქმელი საკმაოდ ბევრი დაუგროვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას პოზიციები არც თუ ისე მყარი აქვს. უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ივანიშვილს ამის სრული უფლება აქვს.
ნუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და ამის სრული უფლება აქვს. რა თქმა უნდა, თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. ეს საკითხი ჯერჯერობით ნამდვილად არ დგას, მე პირადად ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა, როგორც გითხარით, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ 20 მილიონიანი დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პრობლემები?
- მსგავსი თემები რატომღაც ახალისებს და ასაზრდოვებს ამ მავნებელ ოპოზიციას. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ეს არის იდეა, პროექტი, რომელმაც შემდეგ უნდა გაიაროს სხვადასხვა პროცედურები და მიეცეს საბოლოო სახე. დარწმუნებული ვარ, რომ ამას არავითარი რეალური საფუძველი არ აქვს, მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის იდეაზე მოხდა აპელირება და ამის გამო მიეცა ყიჟინის საფუძველი ოპოზიციას, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასეთი ცალკეული კონგრესმენების პოზიციები და კომენტარები გამოიყენოს და ილაპარაკოს - თითქოს ამერიკის მთავრობამ რაღაც გადაწყვიტა და ასე შემდეგ. ამ დროს, ეს ასე ნამდვილად არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ რამდენიმე კონგრესმენის პოზიცია ამინდს, რა თქმა უნდა, ვერ ცვლის, ეს ყველაფერი უფრო ოპოზიციის წასახალისებლად არის.
საზღვრების გახსნასთან დაკავშირებულმა საკითხმაც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვა პოლიტიკურ სპექტრში, არის გარკვეულ რისკებზე საუბარიც, რაც ალბათ, დამეთანხმებით, ნამდვილად არსებობს..
- უკვე ყველამ დავინახეთ, რა შედეგი გვაქვს ჩვენ. მთავრობამ მოუსმინა ეპიდემიოლოგებს და რეკომენდაციებიც გაითვალისწინა. ვხედავთ, რა შედეგი აქვთ ჩვენს მეზობლებს. ვხედავთ, რა შედეგიც მოგვცა ჩვენ ამ სიფრთხილემ და ყოველი ნაბიჯის აწონ-დაწონვამ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ რანგში რომ გრძელდება ეს პროცესი, ეს არის ძალიან კარგი. ბეწვის ხიდია გასავლელი, ერთი მხრივ ეკონომიკა და მეორე მხრივ უმთავრესი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სწორად მიდის. ამ ეტაპზე გაიხსნა საზღვრები ხუთ ქვეყანასთან, ვნახოთ, ეს რა შედეგს გამოიწვევს და შემდეგ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ამ რთულ პერიოდს, დარწმუნებული ვარ საკმაოდ შედეგიანად.
ოპოზიციის კიდევ ერთი პრეტენზიაა, რომ ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ თემას სათავისოდ კარგად იყენებს. ვერ უარვყოფთ, რომ გარკვეული ქულები ნამდვილად შემატა ხელისუფლებას ბოლო თვეებმა...
- აბსოლუტურად მიუღებელია ეს პრეტენზია. მაგალითად, როდესაც ხანძარი ჩნდება და მეხანძრე ჩააქრობს, მეხანძრე ამას სათავისოდ იყენებს? ხელისუფლებამ მოახერხა და უზრუნველყო, რომ პანდემიის აფეთქება არ მომხდარიყო. მოსახლეობამაც კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და ამ ეტაპზე, ასეთ კარგ შედეგს მიაღწია. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ეს ყველაფერი რეალობიდან გამომდინარე ხდება. ასე რომ, გამოყენებას აქ არავითარი კავშირი არ აქვს. ქვეყანა ჯერჯერობით ახერხებს მიღწეული შედეგის შენარჩუნებას, რომ სიტუაცია ხელიდან არ გაგვექცეს, ეს არის რეალობა და თუ ამას ეძახიან, რომ ხელისუფლება სიტუაციას იყენებს, კი არ იყენებს პირიქით - საკმაოდ კარგად ახერხებს ამ პრობლემის აღმოფხვრას.
ახალი საარჩევნო სისტემა რამდენად იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტი, რამდენად უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას?
- საარჩევნო კოდექსი მაქსიმალურად შეიცვალა და ვფიქრობ, რომ უკეთესი გარემო გვექნება, რასაც ვერ ვიტყვით წინა ხელისუფლების დროს არსებულ ვითარებაზე. ის, რომ პროპორციულ სისტემას საკმაოდ მივუახლოვდით, ეს მნიშვნელოვანია. თუ რას მოიტანს ეს შედეგად, ამას ვნახავთ. მთავარია, რომ უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე და მშვიდობიანი არჩევნები.
საარჩევნო სიასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ, პირადად თქვენთან თუ იყო კონსულტაციები, იქნება სიაში ძველი სახეები თუ პარტია ახალ სახეებზე გააკეთებს გათვლას?
- ამ ეტაპზე, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო სიაზე აქტიურად მიდის მუშაობა უკვე კარგა ხანია. როგორც ითქვა, ივლისში, ალბათ, მაჟორიტარების ვინაობა გახდება ცნობილი და იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი სახეებიც. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს.
დაბოლოს, როგორ შეაფასებთ პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას, რამდენად ნაყოფიერი იყო და რა შენიშვნები გაქვთ თქვენ - რა ვერ, თუ არ გაკეთდა? ვიცით, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე პირდაპირ აისახება..
- იყო რადიკალური გარდატეხა იმიტომ, რომ საპარლამენტო მოწყობაზე რეალურად გადავიდა ქვეყანა, მიღებული იქნა კონსტიტუცია, რაც უმნიშვნელოვანესია და ეს არის ჩემთვის უმთავრესი. ასევე, მნიშვნელოვანის, რომ ამ ხნის განმავლობაში, პარლამენტმაც და ხელისუფლებამაც მოახერხა სტაბილურობა და მშვიდობა შეენარჩუნებინა ქვეყნისთვის. დანარჩენი უკვე არის ხალხის შესაფასებელი, თუ როგორ შეაფასებს ოქტომბერში.