ქალბატონს, რომელმაც სასამართლოს „ღირსება“ დაიცვა, კოტე კუბლაშვილის მოადგილის კვალთან მივყავართ

ქალბატონს, რომელმაც სასამართლოს „ღირსება“ დაიცვა, კოტე კუბლაშვილის მოადგილის კვალთან მივყავართ

მოსამართლის თანაშემწე - ია ბარამიძე, რომელზედაც კოტე კუბლაშვილის მტკიცებით, თურმე ზეწოლა განხორციელდა, სინამდვილეში, თავად კოტე კუბლაშვილის მოადგილის - ზაზა მეიშვილის დეიდის თანაშემწეა. ამის შესახებ For.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მანდატურმა თამაზ სარალიძემ აუწყა.   

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომუშავე ადამიანებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ უკვე წლებია მუშაობს ლიანა ორკოდაშვილი, რომელიც ზაზა მეიშვილის დეიდაა. ია ბარამიძე კი, რომლის თავდადებითა და „სასამართლოს ღირსების“ შენარჩუნებით თვით კოტე კუბლაშვილიც კი აღფრთოვანდა, სინამდვილეში, ლიანა ორკოდაშვილის თანაშემწეა.

ამ ნათესაური ფაქტორის გათვალისწინებით, ყოფილ მოსამართლეებსა და მანდატურებს საფუძვლიანი ეჭვი უჩნდებათ, რომ ია ბარამიძეზე „ზეწოლით“ აპელირება სასამართლოს ხელმძღვანელობის მიერ დადგმული სპექტაკლია.

სანამ კოტე კუბლაშვილი საჯაროდ გამოიტანდა ამ ინფორმაციას, მანამდე საპარლამენტო უმცირეობის წევრმა გოკა გაბაშვილმა საპარლამენტო მაღალი ტრიბუნიდან აუწყა მოსახლეობას, რომ თურმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს - ია ბარამიძეს სასამართლოს ხელმძღვანელის საწინააღმდეგო ქმედებებს შანტაჟის გზით აიძულებდნენ.

„ამ ქალბატონს მოუწყვეს შეხვედრა, სადაც ჩაუკეტეს კარი ერთ-ერთ ბინაში და შსს-ს სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი სთხოვდა ამ ორგანოსთან თანამშრომლობას. საკითხი შეეხებოდა იმას, რომ უნდოდათ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მისი სისუსტეების შესახებ, ასევე არაკორპორატიული ტელეფონის ნომრები, ადგილები, სადაც შეიძლებოდა მოსასმენი აპარატების დამონტაჟება. მოკლედ რომ ვთქვათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს შანტაჟის გზით სთავაზობდნენ, ორგანოების ინფორმატორი ყოფილიყო“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მას აქვს წერილი, სადაც ბინის მისამართის, ტელეფონის ნომრებისა და სხვა ფაქტების შესახებ ზუსტი ინფორმაციებია ასახული და ეს ფაქტი, შესაძლოა, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში მიწვევის წინაპირობა გახდეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებამ საზოგადოების ნაწილში იმთავითვე კითხვები გააჩინა, რადგან გოკა გაბაშვილს არაფერი უთქვამს, რატომ დათანხმდა მოსამართლის თანაშემწე უცნობ პირთან ერთ-ერთ ბინაში მისვლას, მით უფრო, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ჩვეულებრივი მოკვდავებისგან განსხვავებით, სიფრთხილე მართებდათ.

ამ ინფორმაციის გადამოწმებას For.ge თავად ია ბარამიძისგან შეეცადა. ასევე, გვაინტერსებდა, რამდენად მართალი იყო, რომ იგი იმ მოსამართლის თანაშემწეა, რომელიც ზაზა მეიშვილის დეიდაა. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა, რამდენად გამართლებული იყო ამ საქმის გამოძიების მიზნით კომისიის შექმნა, რომელსაც თავად ზაზა მეიშვილი გააკონტროლებდა. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი ია ბარამიძისგან იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მივიღეთ, რომ იგი ჩვენს მიერ განხორციელებულ პერმანენტულ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.  

სამაგიეროდ, ჩვენ ვესაუბრეთ ყოფილ მოსამართლესა და ყოფილ მანდატურს და მათ დაგვიდასტურეს, რომ ია ბარამიძესთან დაკავშირებულ ინციდენტს დადგმული სპექტაკლის ელფერი ჰქონდა. 

ყოფილი მანდატური თამაზ სარალიძე აცხადებს, რომ  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი მართლაც ზაზა მეიშვილის ალალი დეიდაა, რომლის თანაშემწედაც მუშაობს ია ბარამიძე. ამ დროს კი კოტე კუბლაშვილს ზუსტად ზაზა მეიშვილისთვის დაუვალებია ამ საქმის გამოსაძიებლად კომისია შექმნა.

„ძალიან ჰგავს მათ ხელწერას, თანაც ზაზა მეიშვილს დაავალა ამ საქმის გამოძიება. რატომ არ დაავალა კუბლაშვილმა ამის გამოძიება მიხეილ ჩინჩალაძეს ან მეორე მოადგილეს, ცოტა ობიექტური გამოძიება რომ ყოფილიყო? გაგონილა, რომ საკუთარი დეიდის თანაშემწის საქმის გამოძიებას ისევ ზაზა მეიშვილს ავალებდეს? ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საეჭვოა და რაღაც ხრიკებს და თამაშს ჰგავს. არა მგონია, ეს სიმართლე იყოს“, - გვითხრა თამაზ სარალიძემ.

მას აინტერსებს, შსს-ს სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში მყოფი 65 მოსამართლიდან რაღა მაინცდამაინც ისეთი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რომელიც მეიშვილის ახლობელია?! ნუთუ სპეცსამსახურის წარმომადგენელმა არ იცოდა, ვინ იყო ია ბარამიძე, რატომ შეარჩია ეს ადამიანი? მანდატურის თქმით, ყველამ ყველაფერი იცის და არანაირი აგენტურა აღარ გამოდის, თუ ია ბარამიძეს, მეიშვილის დეიდის თანაშემწეს ასეთ რამეს დაავალებდნენ.

თამაზ სარალიძის თქმით, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს ინფორმაცია ადვილად მივიდოდა ნაციონალების ყურამდე. ამიტომ უნდა გაირკვეს, რეალურად მართლა იყო თუ არა ია ბარამიძე იმ სახლში და მართლა განხორციელდა თუ არა მასზე ზეწოლა. ამდენად, თამაზ სარალიძე მიიჩნევს, რომ ეს საქმე გენპროკურატურამ უნდა გამოიძიოს და არა კუბლაშვილის ინიციატივით შექმნილმა კომისიამ, რადგან ზაზა მეიშვილი ობიექტური ვერ იქნება დეიდამისის თანაშემწის გამო.

„გამორიცხული არ არის, ეს მათ მიერ ჩაფიქრებული იდეა იყოს. ია ბარამიძეს რაც შეეხება, მოსამართლის თანაშემწეობის გამო დიდ რამედ წარმოედგინა თავი და მანდატურებს ზემოდან უყურებდა. ადამიანებად არ მივაჩნდით. სასამართლოები ექსკურსიებს როცა აწყობდნენ, ია ბარამიძე მანდატურებთან ერთად სუფრასთან დაჯდომას თაკილობდა. გამარჯობასაც არ კადრულობდა. პირდაპირ ეტყობოდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ახლა სპეცსამსახურის გამოცდილ თანამშრომელს არ ექნებოდა მასზე ინფორმაცია და ასეთი ადამიანის გადაბირებას დაიწყებდა?“ - აღნიშნავს თამაზ სარალიძე.

რაც შეეხება მოსამართლე ორკოდაშვილს, მანდატური აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს რა უკანონობაც ხდებოდა, ორკოდაშვილიც განიხილავდა იმ საქმეებს და არც ის იყო გამონაკლისი. უფრო მეტიც, ხალხი ამ მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გახლდათ. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო, ორკოდაშვილი არც მალავდა ზაზა მეიშვილის ახლობლობას და უშუალოდ თამაზ სარალიძისთვისაც უთქვამს, რომ იგი ზაზა მეიშვილის დეიდაა.

„კუბლაშვილის მხრიდან ეს არის ერთგულების ნიშნით შერჩეული კადრი და ამიტომაცაა საჭირო ამ საქმის გამოძიება“, - აცხადებს თამაზ სარალიძე.        

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მერაბ ტურავას აზრით, კოტე კუბლაშვილის ნათქვამი, რომ თურმე, ია ბარამიძემ სასამართლის ღირსება დაიცვა და მოსასვენელი ოთახების განლაგებასა და კაბინეტებზე ინფორმაცია არ გასცა, არადამაჯერებელია. უფრო მეტიც, ეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოსა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეების მხრიდან მორიგი ცრუ განგაშია, რათა საზოგადოებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეაცოდონ, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოს ღირსების შელახვას შეეცადა და თითქოს, მოსამართლის თანაშემწემ დაიცვა ეს ღირსება.

„ია ბარამიძე ვერ დაიცავდა სასამართლოს ღირსებას. სასამართლოს ღირსება უნდა დაიცვას თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და თითოეულმა მოსამართლემ თავისი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებებით. არა მგონია, ვინმესთვის იმგვარი და იმ სახის ინფორმაცია იყოს საინტერესო, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიუთითებს. მეც გავიგე ამის შესახებ იმ ადამიანებისგან, ვინც  თბილისის საქალაქო სასამართლოს კარგად იცნობს, რომ ეს ქალბატონი, ია ბარამიძე მართლაც წლების მანძილზე ლია ორკოდაშვილის თანაშემწეა, ლია ორკოდაშვილი კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დეიდაა“.

შესაბამისად, მერაბ ტურავას თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ცუდად დადგმული სპექტაკლი, რაც ქართულმა საზოგადოებამ არც დაიჯერა და ამაზე მხოლოდ იცინიან. უფრო ზუსტად, ყოფილი მოსამართლის აზრით, კუბლაშვილს სურს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება გამოიყვანოს, როგორც სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეთა უფლებების შემლახავი. 

რაც შეეხება ზაზა მეიშვილის ხელმძღვანელობით ამ საქმის გამოძიებას, მერაბ ტუტრავა აცხადებს, რომ მეიშვილი გამომძიებელი არ არის და არც ისაა გამართლებული, რომ  საგამოძიებო კომისია სასამართლოს შიგნით შეიქმნას. კონკრეტულად ია ბარამიძემ კი უნდა იცოდეს, ვინ ცდილობდა მის გადაბირებას. თუ ეს უბრალო სატელეფონო ზარი იყო, მაშინ ეს შეიძლება ყოფილიყო ხელოვნური ზარი, რომელიც თვითონ კუბლაშვილის მხარის მიერ განხორციელდა.

„რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი, მით უმეტეს, სასამართლოში მომუშავე პირი, გაჰყვება უცხო ადამიანს ბინაში?! არ გამოვრიცხავ, შეიძლება, თავის ნათესავთან ან ახლობელთან იყო სტუმრად. ეს ინფორმაცია სარწმუნო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალბატონი დაასახელებს კონკრეტულ პიროვნებებს, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა“.

რაც შეეხება შანტაჟსა და გადაბირებას, მერაბ ტურავა საკუთარი მოსამართლეობის პერიოდს იხსენებს, როცა მათი, როგორც დაუმორჩილებელი მოსამართლეების, მიმართ სკანდალი ატყდა და მათ შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მოიძიეს. მათ შორის, რას  საქმიანობდნენ მათი ახლობლები და ნათესავები, თუნდაც რაიონებში, ბიზნესში ხომ არ იყვნენ ჩართულნი, რაიმე ქონებას ხომ არ ფლობდნენ, უკანონობას ხომ არ სჩადიოდნენ. ისიც აინტერესებდათ, დაუმორჩილებელი მოსამართლეები ბიზნესურთიერთობებში ხომ არ იყვნენ ჩართულნი და ამას ნათესავების მეშვეობით ხომ არ ახორციელდნენ. თუმცა, მათ ვერავითარი დანაშაული ვერ უპოვეს.

„ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ჩვენს მიმართ ხმაური დაიწყო, მთელი ერთი წლის მანძილზე, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებოდით სასამართლოში. კუბლაშვილი და ვალერი ცერცვაძე ცდილობდნენ, თანაშემწეების მეშვეობით ისეთი სამართალდარღვევა მომხდარიყო, რომელზეც შემდეგ იტყოდნენ, აი, ხედავთ, მისი თანაშემწე რას აკეთებდა?! უზენაეს სასამართლოში პირადად ჩემი ბიუროს უფროსი იყო დიმიტრი მჭედლიშვილი. ეს პიროვნება გადაბირებული ჰყავდა იუსტიციის საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს და ცდილობდა, მისგან მიეღო ინფორმაცია, ხომ არ ჩავდიოდით უზენაეს სასამართლოში რაიმე სამართალდარღვევას. მან ჩვენს შესახებ ვერავითარი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, თუმცა ჩვენს წინააღმდეგ თანამშრომლობისთვის დიმიტრი მჭედლიშვილი დააწინაურეს და გადაიყვანეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდეგ მოსამართლე გახდა და რამდენიმე წლის შემდეგ კორუფციის ფაქტზე იქნა დაკავებული შს სამინისტროს მიერ. ხმამაღლა ვამბობ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე დიმიტრი მჭედლიშვილი სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰყავდა გადაბირებული ვალერი ცერცვაძეს, მისი მეშვეობით ცდილობდა ჩვენს დისკრედიტაციას“, - აცხადებს მერაბ ტურავა და ადასტურებს, რომ კუბლაშვილისა და ცერცვაძის მიერ მოსამართლეების თანაშემწეთა თავიანთი მიზნებისთვის გამოყენება აპრობირებული მეთოდი იყო.