„მთელი ინფორმაცია „მთავარზე“ და „პირველზე“ ხვდება და იქნებ „რეალითი შოუ - პროკურატურა“ გაგეკეთებინათ“

„მთელი ინფორმაცია „მთავარზე“ და „პირველზე“ ხვდება და იქნებ „რეალითი შოუ - პროკურატურა“ გაგეკეთებინათ“

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი ექსპერტიზები იწყება. ოჯახი უახლოეს მომავალში ელოდება რამდენიმე ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტების პასუხებსაც. ამის შემდეგ, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაირკვევა, კიდევ რა დამატებითი სახის შენაძენი აქვს გამოძიებას, რომ ადვოკატის, მირიან ნიკოლაძის მიერ გაჟღერებული კატეგორიული მოთხოვნა, 109-ე მუხლით მოხდეს ექვსი დაკავებულის გასამართლება, დროულად იყოს დაყენებული დღის წესრიგში.

რაც შეეხება დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნას, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მისი დანიშვნა გამოძიების გადასაწყვეტია და ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, უნდა დაინიშნოს, რადგან უნდა შეივსოს პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი.

„პირველადი ექსპერტიზა თავის ფარგლებში შეზღუდულია გარკვეულწილად და მას სჭირდება შემდგომი განვრცობა. ამიტომ,  სავარაუდოდ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და კონკრეტულ, ანალიტიკურ კითხვებზე გასცენ პასუხი. ეს არის ჯერ, რაც დღის წესრიგში დგას. მოლოდინში ვართ, რომ ჩვენ ყველა სახის დამატებითი შენაძენი, მტკიცებულებებს ვგულისხმობ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პირველ რიგში, დამძიმდეს კვალიფიკაცია იმ კუთხით, რაც მოგახსენეთ და მეორე, თუ კი გაფართოვდება დამნაშავეთა წრე, რა თქმა უნდა, ესეც დღის წესრიგშია.

როგორც წესი, ასეთი სახის მძიმე დანაშაულებზე, განზრახ მკვლელობებზე, პირველადი ექსპერტიზა იძლევა გარკვეულ გასაქანს გარკვეულ ფარგლებში. მას სჭირდება შემდეგ ინდივიდუალურად კონკრეტული პირებისთვის ბრალის შერაცხვის კუთხით მეტი კონკრეტიზაცია. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ ასეთი კონკრეტიზაცია სჭირდება, მაშინ დანიშნავს, თუ არ ჩათვლის, დაეყრდნობა ამას. ვვარაუდობ, რომ ეს უნდა განახორციელოს“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ასევე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჩანთაზე აღებული დნმ-ის შედეგები. მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ექსპერტიზების შემდგომ მოხდეს ბრალის გადაკვალიფიცირება.

„პირველი ის, რომ დნმ-ის კვალს ჩვენ ველოდებით ჩანთაზე, მეორე ის, რომ მიკრონაწილაკების აღება და შედარება ხდება ბევრი ფორმით. ეს უნდა თქვას თვითონ ექსპერტიზამ, მას ხელეწიფება და აქვს თუ არა შესაძლებლობა ამ კვალის აღმოჩენის და შემდგომ ნიმუშებთან შედარების. შეიძლება მზის მაღალმა რადიაცამაც გაანადგუროს კვალი, მაგრამ ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ არ არის განადგურებული, შეიძლება წყლით გასუფთავებამ გაანადგუროს, მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ არის განადგურებული.

ასე ცალსახად, რომ რადგან კონკრეტულ პირობებში აღმოჩნდა ცხედარი, იმის გამო ეს ვერ მოხდება, ეს ჩვენი, არაპროფესიონალების გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ექსპერტიზის გადასაწყვეტი. პასუხებსაც უნდა ველოდოთ, არაერთი ექსპერტიზის შედეგად. მათ შორის ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზაა დანიშნული, რომ საგამოძიებო ვადის პირობებში უკვე აღარ იყოს აღარაფერი სადავო და ჩვენ მიერ დაყენებული საკითხი, „ტოიოტას“ მგზავრების პასუხისგებაში მიცემისა 109-ე მუხლით, აუცილებლად უნდა იყოს დღის წესრიგში და ამ კვალიფიკაციით წარიმართოს საქმე სასამართლოში“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ, რომლის განცხადებით, თუ აღმოჩნდა, რომ „მერსედესის“ მგზავრებიც იმ მომენტში რაღაც შემხებლობაში იყვნენ ამ საქმესთან, ბუნებრივია, მათ მიმართაც გატარდება შესაბამისი ღონისძიება.

ოჯახის მოთხოვნაა, რომ „ტოიოტას“ ფირმის მანქანაში მსხდომ ყველა პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალი გადაუკვალიფიცრდეს 109-ე მუხლით. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა დაკავბულები ბრალს არ აღიარებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებას გამოკვეთილი ჰყავს შაქარაშვილის მკვლელი, საუბარია ორ ადამიანზე, თუმცა გამოძიება დნმ-ის პასუხს ელოდება, რადგან არ არის გამორიცხული წრე გაიზარადოს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მოკლულის ოჯახი ცდილობს საქმეს აარიდოს პოლიტიკა, მედიის ერთი ნაწილი და ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს საქმე პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანოს, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში და ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში.

შსს-ს ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ფეხბურთელის საქმის „ოქროს მოწმე“, იაკობ ბრეგვაძე 112-ში განხორციელებული ზარის წინ საკუთარი ტელეფონის ნომრიდან რეკავს უცხო ნომერთან. პროკურატურის ოქმში წერია, რომ ნომერი ბაზაში არ იძებნება. დაკავებულების ადვოკატები კი, სატელეფონო ზარის ადრესატის ვინაობის დადგენას მოითხოვენ.

„კითხვები მაქვს და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს საქმე, აი, ამ დონემდე მიიყვანა თავად პროკურატურამ და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი შეცდომებიდან გამომდინარე, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ბრალდებულებს დაბრალდეს და მათ არ დაბრალდეთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული მტკიცებულება, არ არის წყარო მითითებული. 112-ის შემდეგ საიდან არის ზარი განხორციელებული, ნომერი დაცვის მხარეს არ აქვს მოპოვებული. ასევე ის პირი, ვინც საუბრობს, მინიმუმ, ხომ უნდა გამოკითხულიყო მაინც - ვის ესაუბრება, ვინ არის? იქნებ მე მესაუბრა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ის პირი, ვისაც ბრეგვაძე ესაუბრა“, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

საქმეში ჩაერთო ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომლის მტკიცებით საგამოძიებო სტრუქტურა ჩართულია იმაში, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს. სააკაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს მოსყიდვას, ხოლო გამოსავალი ნორმალური პროკურორის დანიშვნაში მდგომარეობს.

„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება, ის ადგილი დაწვეს... ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია, ასევე ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა. ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა, თუ კი არის საფრთხე იმის, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რამე სპეკულირებისგან, მხოლოდ ლეგიტიმური კითხვები შეიძლება დაისვას. რაც შეეხება ამ არანორმალურ მიდგომას, რომ ხელისუფლების პრობლემა იმიტომ არ უნდა იქნას დასმული, რომ ამით არ გადაიფაროს წარსულის პრობლემები, ეს არის სრულიად მავნებლური მიდგომა, რომელიც ქვეყნის წინსვლას არ უზრუნველყოფს.

არავითარ შემთხვევაში! აქ არ არის ლაპარაკი რაიმე საქმის რამესთან ტოლობაზე. ყველა მომენტში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, საზოგადოების, ოპოზიციის, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა თუკი არის საფრთხე იმისი, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს არის ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შორის პარალელს ავლებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომლის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის მსგავსად, ახლაც ჩნდება საგამოძიებო ორგანოებისადმი უნდობლობა, ვინაიდან, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ მას შემდეგ ტარდება, რაც ტელეეთერებში შაქარაშვილის საქმეზე სიუჟეტები გადის.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ შს მაშინდელი მინისტრი, გიორგი გახარია, ძალიან დიდი დამაჯერებლობით საუბრობდა, რომ ყველა ფიგურანტი დაკავებულია და საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ზედმეტი კითხვები არ უნდა გვქონოდა. მერე აღმოჩნდა, რომ თავდაყირა დადგა ეს საქმე, სრულიად განსხვავებულად წარიმართა გამოძიება და შედეგიც აბსოლუტურად განსხვავებულია. უნდობლობასთან მიმართებაში ზუსტად იგივე ანალოგია შემიძლია გავავლო ახლა.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, საგამოძიებო ქმედებების გარკვეული ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ ტარდება, როცა ტელეარხებში გადის სიუჟეტები და იქ ისმება კითხვები. დღეს ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, სატელევიზიო გამოძიებებს მიჰყვება რეალური საგამოძიებო პროცესი. ამ დროს პირიქით უნდა იყოს. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ რაც უნდა მძიმე დანაშაული იყოს მომხდარი, საგამოძიებო უწყებები კვალიფიციურად მუშაობენ,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესია ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, მეორე მხარეს იკვეთება წმინდა პოლიტიკური მიზანი.

„განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროს პარალელურად აწარმოებ გამოძიებას, თან ამბებს იგონებ და ეს ამბები შემდეგ არ დასტურდება. ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს. მათ წარმოიდგინეს, რომ ეს ტრაგედია არის მაშველი რგოლი მათთვის უკიდურესად დაბალი რეიტინგების ფონზე და მაშველ რგოლად იყენებენ აპოლიტიკურ საქმეს, მაშინ, როდესაც ეს სისხლის სამართლებრივი საქმეა და დეტალები დასადგენია.

როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები და არა ტელევიზიის ხელმძღვანელები ცხადდებიან სასამართლოში და ამბობენ, რომ მათი ვარაუდი იყო გაჟღერებული, ეს ნიშნავს, რომ ან იტყუებიან და არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ან თეორიულად რომ დავუშვათ, არ იტყუებიან და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რადგან არ აქვთ მიზანი საქმის ბოლომდე გახსნისა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია რომ გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის გამოყენებას ცდილობს, ეს ფაქტია, რადგანაც მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები პირაპირ ეთერში განიხილება. პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის შეფასებით, მთელი ინფორმაცია „მთავარზე“ და „პირველზე“ ხვდება და იქნებ რეალიტი ონლაინ შოუ - „პროკურატურა“ გაგეკეთებინათ და ამით კიდევ უფრო გავაკვირვებდით ევროპას არნახული დემოკრატიით და ხალხიც გაერთობოდა.

„ადვოკატებსაც აღარ დაჭირდებოდათ გაუთქმელობის ვალდებულების დარღვევა და არც თხუნელების ძებნაზე დაიკარგებოდა დრო და ენერგია. (არავინ ეძებს, მაგრამ მაინც). ამ ინფორმაციული კუ-ბაღლინჯოების მიმართ მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ატარებს წინასწარგანზრახული მაზოხისტური სიამოვნების მიღების აშკარა მოტივაციას. ფსიქიატრიული ჩარევაა საჭირო, რომ ეს სადო-მაზოხიზმი დამთავრდეს, მაგრამ ავლიპი აღარ გვყავს, სამწუხაროდ,

ის რაც ხდება, ყველას და ყველაფრის ბრალია. იმ კანონმდებლობის ბრალია, რომელიც არსებობს, იმ პრაქტიკის ბრალია, რომელიც გამოძიებაში არის. იმის ბრალია, რომ სამართლის აღსრულების ორგანოები ვერ იცავენ პროცედურებს, რომელიც გაწერილია გამოძიებისათვის. ელემენარტულია, სანამ არ დასრულდება გამოძიება, საქმის მასალები არ უნდა ფრიალებდეს ტელე-ეთერებში. ყველა საგამოძიებო მასალა პირდაპირ ეთერში ფრიალებს და არავინ არ ადგენს როგორ ხდება ეს მასალები საჯარო.

ამბობენ, რომ ადვოკატს გამოაქვს საქმე, ადვოკატს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. როგორ შეიძლება გამოჰქონდეს და როგორ შეიძლება ამას ვერ ადგენდნენ, როცა ობიექტური დაკვირვების უამრავი საშუალება არსებობს. რაღაცას დააშავებენ და აუცილებლად, პირველ რიგში, ხვდება გვარამია-გაბუნია-მელაძის ტელევიზიებში, ხდება სრულიად არადეკვატური ინტერპრეტაციები, შემდეგ საგამოძიებო ორგანოები იმართლებენ თავს, ყოვლად ამაზრზენი სიტუაცია არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის შეფასებით, ოპოზიციის აბსოლუტური განულების ფონზე, ფაქტიურად საბჭოთა არჩევნებისკენ მივექანებით. მისი თქმით, სარალიძის შემთხვევაში გამოვიდნენ იმიტომ, რომ ოჯახი იყო დაინტერესებული, ამ შემთხვევაში ოჯახი არ დავობს.

„არანაირი თემა არ არის და არ არის იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია რომ არსებობდეს, თემები იქნება. ჩაკეტილი წრეა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ანულებს ოპოზიციას. აბსოლუტურ მანკიერ წრეში არიან მოხვედრილები, რაც პოლიტიკური პროცესისთვის არ არის კარგი. ოპოზიცია უნდა არსებობდეს, მაგრამ აბსოლუტური განულება მოხდა. იმიტომაც არავის აღარაფრის სჯერა. თან, საზოგადოების მხრიდან არ არის არანაირი რეზონანსი. არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვთ. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე უნდობლობას არ უცხადებს გამოძიებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა შათირიშვილმა.