წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა ძალას იკრებს. მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია არჩევნებში მონაწილე პარტიების პოლიტიკური სტრატეგია. მათგან განსხვავებით, პოზიციის გამჟღავნებას არ ჩქარობს მმართველი პარტია. უკვე არაერთი ვერსია გავრცელდა პარტიის საარჩევნო გეგმებზე, თუმცა, პრემიერ გიორგი გახარიას მიერ, ორაზროვნად ნათქვამმა რამდენიმე ფრაზამ, მედიაშიც და ოპოზიციურ პარტიებშიც სრული ქაოსი გამოიწვია. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება მმართველი გუნდის სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ, პრემიერმა არც უარყო და არც დაადასტურა. პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, და რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი ის საარჩევნო სიაში იხილოს ამომრჩეველმა.
ამ განცხადების შემდეგ, კონკურენტი პარტიებისთვის მთავარ კითხვად რჩება - რამდენად საფუძვლიანი და რეალობასთან ახლოს იყო პრემიერის პასუხი, ხომ არ იყო ეს „ოცნების“ მიერ ნასროლი ტესტი, ხოლო მედიისთვის კი მთავარ კითხვად დარჩა, შეასრულებს თუ არა ივანიშვილი საარჩევნოდ მაშველი რგოლის ფუნქციას. ამ კითხვაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ საშველი არაფერი სჭირს.
სოფო კილაძე: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი, 2011 წლიდან დღემდე არის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, ეს ასე იყო წლების განმავლობაში და ასე დარჩება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება. რაც შეეხება კონკრეტულად საარჩევნო სიას, ვინ იქნება პირველი ნომერი, მე მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთიანი გუნდი, სათავეში ისედაც დგას ბიძინა ივანიშვილი, ეს ადამიანი არის პარტიის თავმჯდომარე და არ ვიცი ამაზე მაღალი პოსტი რა უნდა იყოს, როცა მმართველი გუნდის დონეზე, ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს იქნება პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობები, ყველგან „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი უმრავლესობაში.
ამ არჩევნებზე ხომ არ გაუჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა „ქართულ ოცნებას“ და ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი მაშველი რგოლის ფუნქციას ხომ არ ითავსებს?
- საშველი, ზოგადად „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ სჭირს. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ სათავეში და ივანიშვილი არის მისი განუყოფელი ნაწილი, მის გარეშე სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია „ქართული ოცნება“.
ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რაც საქართველოსთვის 20 მილიონიანი დახმარების შეჩერებას ითვალისწინებს, ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კუთხით მართლაც არსებობს ქვეყანაში პრობლემები?
- მე ვეყრდნობი ოფიციალურ განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ „საქართველოში არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები, ყველანი ველოდებით როგორ ჩატარდება არჩევნები დემოკრატიულად“. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს ჩვენს ურთიერთობებს, ანდა რაიმე სანქციები.
საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს რაიმე სახის კითხვის ნიშანები არ დარჩეს. თავად ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოლიტიკური პირები აღიარებენ და არაერთხელ გაუსვამთ ხაზი მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში, ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოში დემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს. ეს არის ის ოფიციალური შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის მისამართით კეთდება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის იმას, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად წინ მიდის და არა უარესდება.
როგორ ფიქრობთ, წარმომადგენლობითი პალატის ეს გადაწყვეტილება დროებითია და შესაძლოა შეიცვალოს?
- მე სიმართლე გითხრათ, დაფინანსების შეწყვეტის რეალურ საფრთხეს ვერ ვხედავ.