საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე მემარჯვენე დასავლელ პოლიტიკოსს, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილის ორი თვის მთავრობის მიმართ არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 20 დეკმებრს EurActiv-ს განუცხადა, რომ კოჰაბიტაცია პრემიერმინისტრ ივანიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის რთული რამ არის.
ფანჯიკიძე, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია და გერმანიასა და ნიდერლანდებში საქართველოს ელჩად მსახურობდა, განაცხადა, რომ ამ წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილი უცხოეთში მოგზაურობის დროს ავრცელებდა გზავნილს, რომ „საქართველოს მთავრობა საშინელებებს ჩადის“.
მან თქვა, რომ პრეზიდენტს „ლობისტების დიდი ქსელი“ აქვს, რომელიც დღედაღამ მუშაობს მისი ნარატივის გავრცელებაზე, რომ საქართელოში დემოკრატია საფრთხეშია მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრის პარტია „ქართული ოცნება“ მუშაობას შეუდგა. სააკაშვილი, რომელიც 2004 წლიდან არის პრეზიდენტი, მომავალ წელს უნდა გადადგეს.
რამდენიმე დასავლელმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა გაიზიარა სააკაშვილის გზავნილი და გააძლიერა ის საერთაშორისო უდიტორიისთვის, ამბობს საქართველოს მთავარი დიპლომატი. ის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრიდ მარტენს „ქართული ოცნების“ მუდმივ ლანძღვაში სდებს ბრალს.
ფანჯიკიძემ მაგალითად მოიყვანა წინასაარჩევნო კამპანია ქალაქ ქუთაისში, როდესაც სააკაშვილის ბანაკმა „ქართული ოცნება“ პოტენციური ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა მათთვის თითქოსდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მაცივრების, სარეცხი მანქანების) ვაუჩერების დარიგებით. ამ ბრალდებების სიცრუე დადასტურდა, თქვა მან, მაგრამ მარტენსმა ის რამდენჯერმე გაიმეორა ფაქტების გადამოწმების გარეშე, ამტკიცებს ფანჯიკიძე.
მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ მარტენსი უარს ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ასე იქცევა ევროკავშირის რამდენიმე პოლიტიკოსი, მაგრამ მარტენსი ერთადერთია, რომლის დასახლებასაც ფანჯიკიძე დათანხმდა.
სხვა ბრალდებები არაობიექტურობაზე
პირველად არ ხდება ის, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ევროკავშირის წრეებში სააკაშვილის მხარდაჭერაზე ჩივიან. „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ბულგარეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მემარჯვენე-ცენტრისტებიდან ფილიპ დიმიტროვი, მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ევროკავშირის ჩინოვნიკები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებებზე, იმ კომენტარებზე, რომელიც მარტენს მიეწერება ქუთაისის პოლიტიკურ კამპანიაზე, კომენტარი „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერს ვთხოვეთ, რომელმაც განაცხადა, რომ მარტენსი ამ ქალაქში არასდროს ყოფილა.
დანარჩენს რაც შეეხება, სპიკერმა „ევროპის სახალხო პარტიის“ ბოლოდროინდელი პრესრელიზი დაიმოწმა, რომელშიც მისი თქმით მარტენსი „ადასტურებს სერიოზულ დარღვევებს“ ქართული ოცნების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში.
7 დეკემბერით დათარიღებულ პრესრელიზში ნათქვამია „ძალიან შემაშფოთებელ მოვლენებზე“ საქართველოში: „შურისმაძიებელი განცხადებები „ქართული ოცნების“ მინისტრების მხრიდან [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] ლიდერების მიმართ, ჟურნალისტების დათხოვნა, ზეწოლა და სამართლებრივი დევნა ოპოზიციის ლიდერებსა და წარმომადგენლებზე“.
ბრძოლის ველი ევროპული პოლიტიკური პარტიებისთვის?
თავის მხრივ მარტენსი თავს დაესხა ლიბერალურ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისათვის“ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო.
„მე მოვუწოდებ სხვა ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს დაგმონ ივანიშვილი, განსაკუთრებით მოვუწოდებ პარტიას „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“ და მის ლიდერს გრეჰემ ვატსონს, რომელიც ენთუზიაზმით უჭერს მხარს (ზოგჯერ ფასიანი განცხადებებითაც) ივანიშვილს და მის ქართულ ოცნებას“, განაცხადა მარტენსმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ექვსი პოლიტიკური პარტიიდან ორი, პარტიის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრია: საქართველოს რესპუბლიკური პარტია და „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“.
თუმცა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორი, კერძოდ ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ევროპელი სოციალისტების მემარცხენე ცენტრისტულ პარტიაში გეგმავს გაწევრიანებას, უთხრა ფანჯიკიძემ EurActiv-ს.
ფანჯიკიძემ თქვა ასევე, რომ „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ურთიერთობას „ევროპის სახალხო პარტიასთან“. მისი თქმით, ბრიუსელის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, ის თბილისში გერმანელ პარლამენტარ ელმარ ბროკს ხვდება, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატების პარტიიდან.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა ნაკლებად დრამატულია. 18 დეკემბრით დათარიღებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომისია „ძალიან“ აფასებს „ახალი მთავრობის გუნდის მზადყოფნას ხელი შეუწყონ უწყვეტობას“ იმ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად.
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ამბიციაა ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას, ისევე როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავსიუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ვილნიუსში 2013 წლის ნოემბერში. მან იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი მიღწეულ იქნება ასევე ვიზების ლიბერალიზაციის პროცესშიც.foreignpress.ge