რქიანი - ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი, უგუნურად აგრესიული, სინონიმები: „ჯიხვი“, „ქაჯი“, „გოიმი“. „ეღიმებოდა ლადო ბიძიასაც, მაგრამ მშვიდი არ იყო ეს ღიმილი, ყოველ ახლო გამოვლილ მანქანას ადევნებდა: „ქაჯი ხარ, შინი, რქიანი“ (რევაზ ინანიშვილი); „მე ვიცი, ბევრმა არ იცის, რამდენი დადის რქიანი“ (შაბურა არაბული); „იმ შენ რქიან უფროსს ვერ მოერიე და ბავშვს ეცი ახლა (ირაკლი ბერიაშვილი). “რქებს ასე განმარტავს სერგეი სნეგოვი თავის რუსული ქურდული ენის ლექსიკონში: „ფიზიკურად არარსებული, მაგრამ ფილოსოფიურად რეალური ნაწილი სხეულისა, რომელიც ამკობს ყველას, ვინც არ მიეკუთვნება ქურდულ სამყაროს. ამათ იციან ხოლმე რქებით „მიწოლა“ (პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა)... თუ საჭიროა, მათ ამ სიტყვებით ემუქრებიან: „დაიცა,მოგამტვრევ რქებს“.
(ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი)
ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში კი არა და, ჯერ – ის, რაც ახლა, ამ წუთებში „ექსპო ჯორჯიაში“ ხდება – რქიანების, გოიმების, ტლუების, ქაჯების, ღორების (გოჭებისაც), ბანძების, კრახების... (ჰა, შემომეშველეთ), ბარიგების, სიაბანდების... გამოფენა. ეგეთი ექსპოა და ვაი, რომ ჯორჯიაა!
„კაცისმკვლელებო, ქურდებო, ყაჩაღებო...“ – მგონი, ასეა „თეთრ ბაირაღებში“ და ახლა რომ იწერებოდეს, იქნებოდა „ქლიბებო, კვერცხებო, ჩოყლაყებო...“ ან, მთლად უარესი – „ნუგზარ წიკლაურებო, გოგა ხაჩიძეებო, გოკა გაბაშვილებო...“
ეგეც შენი ექსპო და ეგეც ჩვენი ჯორჯია!
როგორ ერქვა?.. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური ყრილობაო, მაგრამ, ის ვერ გავიგე, თუ რეგიონალური იყო, რატომ სადმე ოფშკვითში ან შიბლიანში არ ჩაატარეს. დეცენტრალიზაცია, დეცენტრალიზაციაო – რომ გაიძახიან, ჩაეტარებინათ სხვაგან, მაგალითად აღმამედლოში (სომხეთის საზღვარზეა), ჩაეტარებინათ ფარცხანაყანევში, ოღონდ ჰიბრიდულ ფარცხანაყანევში, ანაც, საერთოდ, ჩაეტარებინათ სოფელ თოხლიაურში, რადგან ქართული ჟარგონის ლექსიკონის მიხედვით თოხლაობა ჭამას ნიშნავს, ექსპოში შეკრებილ ვაი–ჯორჯიელებს კი იმდენი აქვთ ნაჭამი (თან, დიდი კოვზით), რომ მაგ მოძრაობას, ჩემი აზრით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ერთიანი ნაციონალური თოხლაობა უნდა ერქვას.
„რუსეთიდან დიდი რაოდენობით ახალი ნარკოტიკი კროკოდილი შემოვიდა, ეს კროკიდილი რა ყოფილა იცით? რომ გაიკეთებ თუ დალევ, გგონია რომ წინ მიდიხარ, მაგრამ სინამდვილეში უკან მიდიხარ“ – სააკაშვილმა მშობლიური პარტიის წარმომადგენლებს სხვა უკბილო ხუმრობებთან ერთად ეს ხუმრობაც გაუზიარა, მოყვა, თუ როგორი აღფრთოვანებულია მისით მავანი არაბი მოაზროვნე და მასთან ერთად ლეონიდ კრავჩუკი, რომელმაც „საბჭოთა კავშირი დაანგრია“.
ეგ იქით იყოს, მაგრამ თუ ქართულად მეტყველებ, მაგრამ ნიანგის თქმა რუსულად გსურს, კროკოდილი კი არ უნდა თქვა, არამედ კრაკაძილი. მაგალითად, შეცდომაა „როგორ შეიკრიბა ამდენი კროკოდილი ექსპო–ჯორჯიაში?“ და სწორია „როგორ შეიკრიბა ამდენი კრაკაძილი ექსპო–ჯორჯიაში?“ ნილოსი დაშრა, მამაძაღლი?!
იმ პავილიონში, საერთოდ, ძაღლების გამოფენა იმართება ხოლმე, გამობუთქუნდებიან ხოლმე ოთხფეხა მეგობრები და ისეთი კეთილი თვალებით გიყურებენ, ნატრობ, ნეტა ეს იყოს ჩემი მაჟორიტარიო, ზოგი ისეთია, არც პრეზიდენტობას დაინანებ მისთვის, იმ დღეს კი, იმ პავილიონში ერთადერთი ნორმალური კაცი იჯდა – ვიტალი კლიჩკო, დანარჩენები სულ კრაკაძილები იყვნენ. იყო ერთი ქლიბიც...
ზემოთ ვიკითხე, რატომ სადმე რეგიონში არ ჩაატარეს რეგიონალური ყრილობა–მეთქი და ახლა თვითონვე მივხვდი, რაშიც არის საქმე – განა, დიდუბე თბილისის რეგიონი არ არის? არის ფილარმონია, არის სპორტის სასახლე, არის სტადიონი (ორი სტადიონი, ორი!), მაგრამ ერთიც ცენტრშია, მეორეც და მესამე–მეოთხეც, ხოლო „ექსპო ჯორჯია“ მდებარეობს დიდუბეში, რომელიც არის გარეუბანი. რას ერჩი, რეგიონში ჩაუტარებიათ!
ჩვენში დარჩეს და, ეგენი ვერც სპორტის სასახლეს გაავსებდნენ და ვერც ფილარმონიას, ჰა და ჰა – რამდენიმე ვოლიერს ზოოპარკში.
„როგორც ყრილობის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს იყო ამ კრაკაძილების ბოლო გამოფენა საქართველოში და ვაი იმ ქვეყანას და იმ სახელმწიფოს, რომელშიც ეს გამოფენა გადაინაცვლებს“ – ასეთი შინაარსის ნიუსი ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ მთავარი წაკითხვა ხომ არ არის? მთავარი გაგებაა!
სამაგიეროდ, იყო ასეთი ნიუსი:
„...პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1956 წელს დაბადებული მიმოზა ფ, 1972 წელს დაბადებული ნათია კ, 1958 წელს დაბადებული დოდო მ, 1968 წელს დაბადებული ნათელა ჩ. და 1967 წელს დაბადებული მარინე შ, რომლებიც გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას“.
ეს ნიუსი კრაკაძილებზე გამახსენდა. მიმოზა ფ–ს კრაკაძილები რეგიონალურ ყრილობას ყოველ საღამოს ატარებენ, მიხეილ ს–ს კრაკაძილებს კი ამ მხრივ დებიუტი ჰქონდათ, თუმცა ისიც უნდა ითქვა, რომ ვიღაცის დებიუტი ყოველთვის ვიღაცის გამოცდილებას ეფუძნება, ასე რომ 1956 წელს დაბადებულ მიმოზა ჩ–ს ამაყად შეუძლია განაცხადოს რომ 1954 წელს დაბადებული ზეინაბ მ–ს, 1992 წელს დაბადებული ლამზირა ფ–სა და 1965 წელს დაბადებული ნუგზარ წ–ს მამაშა სწორედ იგია.
საინტერესოა, რომ მამაშები აჭარაშიც დააკავეს და თუ თბილისში მამაშები გოგოლის ქუჩაზე საქმიანობენ, ბათუმელ მამაშას მამაშობრივ მზრუნველობაზე ბათუმში, პუშკინის 18–ში წაასწრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი დაკავება მოხდება ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩაზე, რუსთავში – გრიბოედოვზე, ხოლო გურჯაანში – ჩეხოვზე.
შეამჩნევდით, რომ კლიჩკოს, ჩეხოვს, ლერმონტოვს, პუშკინს და გოგოლს თუ არ ჩავთვლით, აქამდე მხოლოდ კრაკაძილების გვარებს ვახსენებდი და ვატყობ, დღეს სულ მაგათზე მომიწევს წერა. აი, თუნდაც ეს ნიუსი: „საპარლამენტო უმცირესობისთვის კი გაურკვეველია, კონკრეტულად რა პროდუქციაზე წესდება შეზღუდვა და ჯარიმები და რა იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში. როგორც დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა რა შეიძლება იყოს სექსუალური პროდუქცია იმ ქვეყანაში, სადაც არც ერთი „სექს-შოპი“ არ მოქმედებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ბარამიძისთვის კი გაურკვეველია, როგორ შეიძლება აეკრძალოს „17 წლის ვაჟკაცს“ პრეზერვატივის ყიდვა“.
„ვფიქრობ, ბუსუსებიან პრეზერვატივებზე და რაღაც სიამოვნებაზე საუბრით ზოგიერთი ჩემი კოლეგა თავად იღებს სიამოვნებას“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას და აბსოლუტურად მართალი იყო, მაგრამ ერთია, ბარამიძე–ხაჩიძე ბუსუსებიან პრეზერვატივებზე ლაპარაკით სიამოვნებას რომ იღებენ, მაგრამ თუ დაკვირვებიხართ, როგორი ტონით საუბრობს და რა გამომეტყველება აქვს სააკაშვილს, როდესაც იუსტიციის სახლებზე საუბრობს? ისიც საინტერესოა, რა გამომეტყველება ჰქონდა, როდესაც „სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“ ბრძანებულებას აწერდა ხელს. ამ ბრძანებულების თანახმად გამოიყოფა მილიონი ლარი და დაფინანსდებიან ჟურნალისტები და ენჯეოები. კომისიის თავმჯდომარე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, წევრები კი - ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია და ნატალია ყანჩელი.
სააკაშვილის ბრძნება 18 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდა, 23 დეკემბერს, შუადღისას კი განაცხადების მიღება უკვე დასრულებული იყო. ისე, შეეძლოთ 19 დეკემბერს დაესრულებინათ, რადგან ვინ და რამდენს მიიღებს, რა თქმა უნდა წინასწარ იქნებოდა განსაზღვრული.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტის წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. როგორც ორგანიზაციის 4 წარმომადგენლის, პაატა ვეშაპიძის, მიშა თავხელიძის, ნათია კობერიძისა და ეკა წამალაშვილის განცხადებაშია ნათქვამი...“ „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა“ ჩამოაყალიბა, რომლის პრეზენტაცია მშვიდობის ხიდზე გაიმართა. კოალიციის წევრები სხვა პირებთან ერთად არიან თეა თუთბერიძე, გიგა ნასარიძე, შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა და გიორგი ონიანი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოალიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს...“
როგორც მიხვდით, ეს ორი ნიუსი იმიტომ გაახლეთ, წინასწარ თქვენც რომ იცოდეთ, ვინ მიიღებს დაფინანსებას სააკაშვილის ფონდიდან, ხოლო ის, რომ ქუთაისში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ალბათ ყველამ იცით, მაგრამ პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო მამაშების დაკავების ამბავი რომ მახსენდება, სააკაშვილის მიერ „სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“ გამოცემულ ბრძანებას რომ ვიხსენებ, ამ ორ ამბავს ერთმანეთთან ვაკავშირებ და რადგან წინასწარ ვიცი, როგორებს შორის განაწილდება ის ერთი მილიონი, ვფიქრობ, რომ 1967 წელს დაბადებულ მიხეილ ს–ს პროკურატურამ სწორედ ის ბრალდება უნდა წაუყენოს, რა ბრალდებაც წაუყენეს 1956 წელს დაბადებული მიმოზა ფ–ს, 1972 წელს დაბადებული ნათია კ–ს, 1958 წელს დაბადებული დოდო მ–ს, 1968 წელს დაბადებული ნათელა ჩ–ს. და 1967 წელს დაბადებული მარინე შ–ს, ანუ პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა.
„რამდენიც არ უნდა დაიჭიროთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებთ“ – ეს სიტყვები გოკა გაბაშვილს ეკუთვნის. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გოკა გაბაშვილი მართალს ამბობს. ვეთანხმები – რამდენიც არ უნდა დავიჭიროთ, ნაციონალურ მოძრაობას მაინც ვერ გავანადგურებთ. დაგითვლიათ, რამდენი კოღო, ბუზი, ვირთხა და ტარაკანა ნადგურდება ყოველწლიურად? მილიონობით! მაგრამ მაინც არიან. ბავშვი არ ვარ, მათი საბოლოო განადგურების იმედი რომ მქონდეს, ეს შორეულ 1986 წელს იყო, რომ მეგონა, გაივლიდა რამდენიმე წელი და კომკავშირლები აღარ იარსებებდნენ. კომკავშირი აღარ არის, მაგრამ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილები მხოლოდ გარეგნულად არიან კრაკაძილები, თორემ მაგათში კომკავშირს რა მოკლავს? ჰოდა, ალბათ ამიტომაც თქვა მიხეილ ს–მ ეს სიტყვები: „იმ ხალხმა, ვინც ძალიან ჩქარობს, კარგად იცის ერთი რამ, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ მათ შანსი“.
როდესაც ეს წავიკითხე, გამეცინა და დავიგინე, მაგრამ ერთია, როდესაც მე მეცინება და მეორე ის, თუ რას ამბობს დავით უსუფაშვილი: „თუ ეს ხალხი ჩვენ არ დავიცავით დღეს, ამ დღეში აღმოვჩნდებით ჩვენ ყველანი შემდგომში“.
როგორ მოგწონთ? არა, მართლა, როგორ მოგწონთ პარლამენტის თავმჯდომარის ეს სიტყვები. მეგონა, იტყოდა, ისე თუ მოვიქცევით, როგორც ეს ხალხი იქცეოდა, ამ დღეში აღმოვჩნდებით ჩვენ, ყველანიო.
რა დღეში? რა დღეში და, იმ დღეში, რა დღეშიც აღმოჩნდნენ ქუთაისში ჩაცუნცულებული სააკაშვილისთვის პატივისცემის დასადასტურებლად მისული აკაკი მინაშვილი და სხვები. აღარ გავიხსენებ, სრულიადაც არ იყო სასიამოვნო ის, რაც ვნახეთ, თუმცა ის, რომ სრულიადაც არ იყო სასიამოვნო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო ლოგიკური.
რა, ნიკა გვარამიას დაკავება არ იყო ლოგიკური? როდესაც სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფია ჩამოკიდებული, მეორე მოქმედებაში ის აუცილებლად გაისვრის. აქედან გამომდინარე, თუ პირველ მოქმედებაში ცოცხს კედელზე ვხედავთ და მეორე მოქმედებაში – სულ სხვაგან, სავსებით ლოგიკურია, რომ მესამე მოქმედებაში ცოცხი კუთვნილ ფუნქციას დაიბრუნებს. არ ვიცი, დაუმტკიცდება თუ არა გვარამიას ის, რაშიც ედავებიან, მაგრამ არის რაღაც–რაღაცეები, რასაც მტკიცება არ ჭირდება – „ნოემბრიდან ნოემბრამდე“. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, სასწრაფოდ გავათავისუფლებდი „ზილების“ გამო დაჭერილ ოქრუაშვილს, მაგრამ მაშინვე ისევ დავიჭერდი და ჯარის ამბებს გავუხსენებდი, გავუხსენებდი, როგორ ემუქრებოდა კახელ გლეხებს, ყურძნის ჩაბარების ფასების მომატება რომ მოითხოვოთ, მაშინვე დაგიჭერთო.
რაც შეეხება გახსენებას. რაღაც ნიუსზე რაღაც გამახსენდა. ჯერ ნიუსის სათაური: „იაგო ჩოჩელის, ლაურა ღაჭავასა და გიორგი ისაკაძის კომპანიები მზად არიან, ბანკ ქართუს“ ზარალი აუნაზღაურონ“. ახლა კი ის, რაც გამახსენდა. ბოლო ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდა ამბავი, რომელიც ზუსტად მახსოვს და რომელსაც დაახლოებით ისე გავიხსენებ, როგორც ჩემმა მეგობარმა სააგენტომ მაცნობა: „ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს მიმართა წერეთლის გამზირზე მცხოვრებმა პენსიონერმა ქალბატონმა, რომელმაც განაცხადა, რომ ტელევიზორის ეკრანზე შალვა ნათელაშვილის გამოჩენამ გააღიზიანა, თავი ვერ შეიკავა და ტელევიზორს ტაფა ესროლა. ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ მას შინ ახალი ტელევიზორი მიუტანა“.
არაფერს ვაჭარბებ, ნამდვილად ასე იყო და ვინ იცის, რამდენი ასეთი ტელევიზორი აქვთ ჩამორიგებული პროსტიტუციისთვის ხელშეწყობისთვის დასაჭერი სააკაშვილის გოჭებს – გიორგი ისაკაძეს და სხვებს?
მაინც ვერ გავცდი ტელევიზორს... გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენდირექტორობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში გადაიყვანა ხუთი, თუმცა 143–ვე რომ გადაეყვანა, საბოლოო შედეგი მაინც ნათელი იქნებოდა. ნათელია, რომ საბოლოოდ ბარათაშვილი გაიმარჯვებს. ნათელია, რადგან, როგორც ცნობილია, „თუ მოსწავლე გაიმარჯვებს, მასწავლებელს მოვჭრი თავს. თუ გაიმარჯვებს მასწავლებელი, მაინც მასწავლებელს მოვჭრი თავს“. ახლა, როგორ ფიქრობთ, ეს ის ბორდია, რომელიც თავის შვილს დატოვებს თავის გარეშე?
არადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემის გადაჭრა სულ იოლად არის შესაძლებელი – ერთი ბულდოზერი და იმის ჯანი! ბიუჯეტიც დაისვენებს და მაყურებელიც. თუმცა, სულაც არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს მალე მოხდება. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ჩემს იდეას – „საქართველო კრაკაძილების გარეშე“ – მალე შევასხამთ ხორცს
„ვისაც აქვს ილუზია, რომ ჩვენ გავქრებით, მწარედ უნდა გავუცრუოთ იმედები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ამ აქციაში მონაწილეობენ იმისთვის, რომ არ შეიძლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის დაკავება პირველ დაკითხვაზე, თითქოს ბანდიტი იყოს“ – იუწყებოდა ძმადნაფიცი სააგენტო.
ქლიბები არ ქრებიან, ქლიბები ილევიან და ბაქრაძე რომ ქლიბია, ამას თუნდაც გასულ კვირაში მის მიერ ნათქვამი სიტყვები მოწმობს: „მართალია, 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შევიდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო“
მომიყვნენ – ასე თქვაო. არ მომისმენია და არ წამიკითხავს, მაგრამ ბაქრაძე ამის მთქმელი ნამდვილად არის, რადგან ბაქრაძე არის ქლიბი და თუ ადრე წყინდა, ქლიბი რომ არის, დღეს შეუძლია იამაყოს, რადგან დანარჩენები კრაკაძილები არიან.
ამ ქვეყანაში კომკავშირლები, ქლიბები და კრაკაძილები არასოდეს დაილევა. რომც დაილიოს, ეცდებიან და მაინც ამოთხრიან საიდანღაც. მაგალითად, გასულ კვირაში ლერი ხაბელოვმა ამოთხარა ემზარ ზენაიშვილი, კასპში ამოთხარეს ოლეგ იაძე და როგორც მეუბნებიან, ერთი–ორ გამონაკლის უწყებას და ერთი–ორ გამონაკლის რეგიონს თუ არ ჩავთვლით, „ქართული ოცნება“ ისეთ ვინმეებს თხრის...
ცოტაც ვაცადოთ, შევხედოთ და, მოთხრა ჩვენი მოგონილია. როგორ თქვა უსუფაშვილმა?..
სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე სამოქალაქო მოსმენა გაიმართა. გაიმართა და გაიმართა. სამწუხაროდ, მეტი არაფერი ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ იმ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ ღირს, მაგრამ მერე სანქციებს დაგვაკისრებენ და ამიტომ, ვფიქრობ, რაღაც შუალედური ვარიანტი უნდა ავირჩიოთ. მაგალითად, მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ არ მოვიპოვოთ ოქროს მედლები ისეთ ტრადიციულ ქართულ სახეობებში, როგორებიც არის ჰოკეი და ბობსლეი.
„ბრალდება ცდილობს, რომ მთავარი აქცენტი დარჩეს მტკიცებულებებზე და არა რაღაც ტიპის განცხადებებზე. სანამ ბრალდებას სჭირდება საკუთარი პოზიციისთვის მოსამზადებელი დრო, ეს დრო იქნება ბოლომდე გამოყენებული. რაც შეეხება ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნას, არაერთი პატიმარი შეხვედრია ახალ წელს ციხეში. ამიტომაც თუ თვითონაც შეხვდება ახალ წელს ციხეში, ამით არაფერი დაშავდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ისა და... თეა თუთბერიძეს გული რომ წაუვა? წაუვა და წაუვიდეს, წავიდეს ერთი მაგის... ტვინში ჩამახედა, მაგრამ...
მე ახლა წავალ, თქვენ კი ლექსიკონში ჩაიჭყიტეთ
დეფექტური – ჭკუანაკლული. „ვაი, თქვე დეფექტურებო“ – წამოიძახა აქამდე გაყუჩებულმა გიამ“ (თემურ ჯღარკავა); „– დეფექტურია და დეფორმირებული. – ვინაა, ბიჭო, დეფორმირებული, ჰა?“ (გურამ რჩეულიშვილი)
(ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი)