ნანა ზარდიაშვილი: „დირექტორი უკვე შერჩეულია“

ნანა ზარდიაშვილი: „დირექტორი უკვე შერჩეულია“

მეშვიდე წელია მაუწყებლობს საზოგადოებრივი ტელერადიოკორპორაცია, რომელშიც შედის „პირველ არხი“, „მეორე არხი“, რუსულენოვანი ПИК (აღარ მაუწყებლობს) რადიოები: FM 102.5 - და „რადიო ორი - ქართულ რადიო“. დეკლარირებული ფასეულობები - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება; მისია - დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება, კულტურული ფასეულობების მიწოდება, საზოგადოებრივი დონის ამაღლება.

გაცხადებული პრინციპებისა და მისიის საწინააღმდეგოდ, საზოგადოების მიერ დაფინანსებული მაუწყებელი, დაარსების დღიდან მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდის იარაღი გახდა. ამას დავუმატოთ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩეული ხელმძღვანელობა და სტატისტიკა: 2012 წლის ბიუჯეტი - 55 მილიონ 165 ათას 729 ლარი. რეიტინგი- 4%; (ანუ რეტინგის თითო პროცენტი, საზოგადოებას წლეულს 13 მილიონ 790 ათასი ლარი დაუჯდა); წლის ბოლოს საგადახადო დავალიანება - 6 მილიონი ლარი.

აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ: საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა საქართველოში ვერ განხორციელდა.

არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლობა კვლავ აქტუალური გახდა - გადადგა გენერალური დირექტორი, სამეურვეო საბჭო ახალ კანდიდატს ამტკიცებს.

განვლილი წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ლოგიკურია კითხვა - ვის ჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი? რამდენად უცილებელია მისი არსებობა? For.ge-ს რეპონდენტია ჟურნალისტი ნანა ზარდიაშვილი:

– იმედგაცრუება გასაგებია - მართლაც, რა აზრი აქვს ამხელა ფულის გადაყრას ტელევიზიაში, რომელიც თავის უმთავრეს ფუნქციას ვერ ასრულებს?! მაუწყებელს არასდროს გაუტარებია საზოგადოების ინტერესები. ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ინსტრუმენტი, მათი აგიტაციის იარაღი იყო - რაც მთავარია, ფულს მე მახდევინებდნენ, თუმცა მათი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ. მაგალითად, საკნების აქციის დროს, მონაწილეობას ვიღებდი სამოქალაქო პროტესტში; მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემები საკნებს გალიებად მოიხსენიებდა - ამით ლახავდა ჩემი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის უფლებას. ფაქტია - საზოგადოებრივი მაუწყებლობა საქართველოში არ შექმნილა; ამ ინსტიტუტს ჯერ არ დაუწყია ფუნქციონირება; რაც გვქონდა, საზოგადოებრივი ტელევიზიის სიმულაცია იყო. არადა, ასეთი ინსტიტუტი აუცილებლად უნდა არსებობდეს - სხვა თუ არაფერი, ასეთია ევროკავშირის მოთხოვნა. ევროპაში, ყველგან, მაუწყებლობის ორმაგი ფორმაა - კერძო და საზოგადოებრივი.

თუ არ ვცდები, საგანმანათლებლო გადაცემებს აკეთებდით საზოგადოებრივი მაუწყებლობების შესახებ - მათ მოდელებსა და საპროგრამო პრიორიტეტებზე...

– კი, ასეა, თითქმის ოცდაათი წელი ვიმუშავე პირველ არხზე. ცამეტი წლის მანძილზე, საგანმანათლებლო მიმართულების მთავარი რედაქტორი, პროდიუსერი ვიყავი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. მოუთმენლად ველოდი ამ ინსტიტუტის შექმნას. ასეთი მაუწყებლობის შესახებ გადაცემებს ჩვენი რედაქცია ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ამზადებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა ბრიტანეთში ჩაისახა, სადაც გასული საუკუნის 30–იან წლებში, ფიქრი დაიწყეს პოლიტიკური და კომერციული ზეწოლისგან თავისუფალი, ახალი ტიპის მაუწყებლობის ჩამოყალიბებაზე, რომელიც, შეძლებისდაგვარად, საზოგადოების ყველა სტრუქტურირებული ჯგუფის აზრის ამსახველი იქნებოდა. ცხადია, იმ დროს ეს რადიომაუწყებლობას ეხებოდა. ინგლისელებმა მოიფიქრეს მართვისა და დაფინანსების სპეციფიკური ფორმები, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული არც კომერციულ რეკლამაზე, არც - სახელმწიფო ბიუჯეტზე. დაფინანსების ფორმები დღესდღეობით მრავალგვარია: ზოგან ელ.ენერგიის გადასახადშია ჩასმული, ზოგან - სპეციალური სააბონენტო გადასახადი და ა.შ. ჩვენთან, მაუწყებელი მშპ-ს ფიქსირებული პროცენტის ხარჯზე არსებობს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, მით მეტია მაუწყებლობის დაფინანსება. გადასახადით დაბეგრილი ყველა მოქალაქე ე.წ. მაუწყებლობის გადასახადს იხდის, რომელიც ყოველი თვის ბოლოს, ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება.

შემდგარი საზოგადოებრივი მაუწყებლობა ქვეყნის სახეა, დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. „ბი-ბი–სი“ ყველაზე წარმატებულ საზოგადოებრივ მაუწყებლობად ითვლება, მაგრამ ბრიტანეთი ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაა - ტელევიზიის დამოუკიდებლობის უზრუნველოყოფა ასეთ გარემოში რთული არ არის.

ახალი დემოკრატიის ქვეყანებში, მართვის ისეთი სტრუქტურის მოფიქრებას ცდილობენ, რომელიც მაუწყებლობის მაქსიმალურ დემოუკიდებლობას უზრუნველყოფს. რომელი მოდელი ითვლება ყველაზე ეფექტურად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის?

– ერთ - ერთ სანიმუშო მოდელად სლოვენია ითვლება, სადაც საბჭოს წევრთა რაოდენობა, თუ არ ვცდები, 25 კაცია. ორგანიზებული, სტრუქტურირებული საზოგადოებრივი ჯგუფები - დიასპორები, შემოქმედებითი, ახალგაზრდული, სამეცნიერო გაერთიანებები თავის წარმომადგენელს აგზავნიან საბჭოში. მანდატების პროპორციულად, თავიანთი წარმომადგენლები ყავთ საპარლამენტო პარტიებსაც. საბჭო, ყველა მნიშვნელოვან სოციალურ სეგმენტს აერთიანებს. მისი თითოეული წევრი ანგარიშვალდებულია იმ ჯგუფთან, რომელმაც მანდატი გადასცა.

შეგიძლიათ დაასახელოთ სოციალური ჯგუფები საქართველოში, რომლებიც თავისუფალ გაერთიანებებს წარმოადგენენ და არანაირად არ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და ცალკეულ პერსონებთან?

– ნებისმიერი გაერთიანება ჩვენში, შეიძლება პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი გახდეს, მაგრამ ვფიქრობ, საბჭოს ფორმირების წარმომადგენლობითი პრინციპი, ბევრად უფრო პლურალისტური კოლეგიალური ორგანოს შექმნის საშუალებას იძლევა. ასეთი საბჭო, თითქოს, უფრო დაცული უნდა იყოს პარტიული ან სახელისუფლებო ზეწოლისაგან. მით უფრო, რომ, როგორც უკვე ვთქვი, ამ საბჭოში პოლიტიკური კომპონენტიც არის წარმოდგენილი, რაც მთავარია, ღიად და გამჭვირვალედ.

ცხადია, მანიპულირება შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში: თუ საპარლამენტო უმრავლესობას ე.წ. სატელიტური, ფიქტიური ოპოზიცია ჰყავს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ იყო საქართველოში, პლურალიზმი აღარ გამოვა. იმედი ვიქონიოთ, ასეთი მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდება და ფიქტიური ოპოზიცია საქართველოში აღარ იარსებებს.

მალე, მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება. თქვენი აზრით, ეს რამეს შეცვლის?

– პირველ რიგში უნდა შეიცვალოს მაუწყებლის შესახებ კანონი და ბორდი, ანუ, სამეურვეო საბჭო. არსებული კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტს არ შეესაბამება - საბჭოს რეალური ბერკეტები არ გააჩნია. მთელი ძალაუფლება დირექტორის ხელშია. არასწორი კანონმდებლობის მიზეზით შეიქმნა მანკიერი ვითარება და ფუნქციებიც არასწორად გადანაწილდა.

საბჭო დღეს ახალ დირექტორს ირჩევს და აპლიკანტს კონცეფციასაც არ თხოვს. მთავარი მოთხოვნა, რატომღაც, ენების ცოდნაა. ამ უცნაური კრიტერიუმის გამო, შესაძლოა, ძალიან კარგი კადრი გამოვტოვოთ. ჩემმა შვილმა სამი უცხო ენა იცის და ამიტომ, კარგი ხელმძღვანელი იქნება? ენების ცოდნა შესანიშნავია, მაგრამ ეს უცნაური პირობა მაფიქრებინებს, რომ დირექტორის პოსტზე კანდიდატურა უკვე შერჩეულია.

ამ ბოლო დროს კანონი აღარ გადამიკითხავს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პრინციპული ცვლილებები კანონში არ შეუტანიათ. ჩვენს სამეურვეო საბჭოს ძალიან შეზღუდული უფლებები აქვს. ის ნიშნავს დირექტორს, თანხმობას აძლევს ისეთი ხელშეკრულებების დადებაზე, რომელიც მაუწყებლის ბიუჯეტის გარკვეულ პროცენტს აღემატება და განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებს. მაგრამ რა ბერკეტებია იმ შემთხვევისთვის, თუ, მაგალითად, პროგრამული პრიორიტეტები არ შესრულდა? დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი ძალიან რთულია. თვითონ საბჭოს წევრების შერჩევის პრინციპი - ბუნდოვანი. კანონი თითქოს ბრიტანეთის მოდელს მოარგეს, მაგრამ ზევითაც ვთქვი - ძველი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისა და მუშაობის საუკუნოვანი გამოცდილება არსებობს, ვითარება სხვანაირია. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ცდილობენ კანონში ისეთი ბერკეტები და ინსტრუმენტები ჩადონ, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ერთპიროვნული მართვის შესაძლებლობას. უფლება-მოვალეობათა გადანაწილება საბჭოსა და მენეჯმენტს შორის ასეთი უნდა იყოს: საბჭო საკანონმდებლო ორგანოა, მენეჯმენტი - აღმასრულებელი; ბორდი ადგენს თამაშის წესებს, ნიშნავს არა მარტო დირექტორს, არამედ, ხშირად, მის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსაც.

გადავხედოთ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას - ზუმბა, ოთარ კობერიძე, მამუკა ფაჩუაშვილი, ბაკურ სულაკაური... გიგა ნასარიძე, რომელმაც საბჭო ამ ზაფხულს „ღიად გაცხადებული პოლიტიკური მიზნების“ გამო დატოვა. აშკარაა, წინა მოწვევის პარლამენტმა, მაუწყებლის მეურვეები მმართველი პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით დაამტკიცა - ამას კანონიც უწყობს ხელს: კანდიდატების სიას ხომ პრეზიდენტი წარადგენს. აქედან გამომდინარე, საბჭოსთვის უფრო ფართე უფლებამოსილების მინიჭება დიდად ვერ შეცვლიდა ამინდს.

– რა თქმა უნდა, ასეა - სამეურვეო საბჭო მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობის ნიშნით ირჩეოდა. აქედან გამომდინარე, არხის დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტი იყო. საბჭო უნდა გადადგეს - ჩემი აზრით, ის დისკრედიტებულია, რადგან არ არის და არც ყოფილა პლურალისტური. ამის თქმის საბაბს მაძლევს თუნდაც ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი „საკნების“ მაგალითი. მათ იცოდნენ რა ინსტიტუტში მუშაობდნენ და ამ ინსტიტუტის ყველაზე ფუძემდებლურ პრინციპს არღვევდნენ.

საზოგადოებრივი მაუწებლობის გადამდგარი გენერალური დირექტორი, გიორგი ჭანტურია აშკარად გამოხატავდა თავის პოლიტიკურ თანადგომას ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ასეთი რამ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელისთვის, დაუშვებელია. ჩემი აზრით, საბჭო, რომელმაც კანდიდატს პოლიტიკური პრეფერენციის ნიშნით დაუჭირა მხარი, არაკომპეტენტურია და უნდა შეიცვალოს. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია საბჭოს შეცვლა კანონის მიღებამდე. ამას დიდი დრო ჭირდება. დღეს მაუწყებელი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტად რჩება, რაც, მართლაც, აღმაშფოთებელია. შეხედეთ ბოლოდროინდელ სოციოლოგიურ გამოკითხვებს და ნახავთ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოსახლეობის მხოლოდ 20-30 პროცენტის ინტერესებს ემსახურება - რა დავაშავეთ დანარჩენებმა? ამაზე კი პასუხისმგებლობა პირველ რიგში სამეურვეო საბჭოს ეკისრება.

მთავარი, კანონის შეცვლაა. ერთპიროვნული მმართველობის თავიდან ასაცილებლად, საბჭო ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს და ფართო უფლებებით აღიჭურვოს. ცვლილებებია გასატარებელი მენეჯმენტშიც - უნდა შეიქმნას კოლეგიალური სტრუქტურები. მოკლედ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული მართვა. ერთი ადამიანით მანიპულირება ხომ ყოველთვის უფრო ადვილია.

ზოგი მიიჩნევს, რომ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ უნდა იყოს ნიუსი; არხის თემატიკა კულტურა გახდეს და ა.შ.. არის მოსაზრება, რომ სამეურვეო საბჭო მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს...

– ახალი ამბები აუცილებელია; მრავალფეროვან პროგრამებში კი აქცენტი საგანმანათლებლო და სოციალურ თემატიკაზე უნდა გაკეთდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადაცემები კომერციული არხების პროგრამებისგან ხომ უნდა განსხვავდებოდეს!

ახლა იმაზეც მიდის საუბარი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმირებაზე პასუხისმგებლობა არასამთავრობო სექტორმა აიღოს. არც ეს მიმაჩნია სწორად. არასამთავრობოები, ცხადია, საბჭოშიც იქნებიან და რეფორმაშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ საბჭოს დაკომპლექტება მხოლოდ ამ სეგმენტით, ჩემი აზრით, ისევ ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, საბჭოში, რაც შეიძლება მეტი სოციალური ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი .

რამდენად ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ მაუწყებელი კვლავ მმართველი პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტი არ გახდება? შესაძლოა, ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ჯგუფებები დღესაც არ არიან საამისოდ მზად.

– ვიმეორებ - საზოგადოებრივი მაუწყებლობა აუცილებელია. დღეს მედია მეტისმეტად გაყვითლდა; მხოლოდ საბაზრო პრიორიტეტი ვერ გახდება სიტყვის თავისუფლების გარანტი. კერძო არხები იმ პოლიტიკური ძალის პროპაგანდას ეწევიან, რომელსაც წარმოადგენენ. აუცილებელია არსებობდეს ალტერნატივა, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში დამოუკიდებლობას და ობიექტურობას შეინარჩუნებს. იმედი მაქვს ახალ პოლიტიკურ ვითარებაში, ყველა კერძო ტელეარხი და პრესა თავის პოზიციას გაასაჯაროვებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ამის უფლება ყველას აქვს.

შალვა რამიშვილი პირველი მერცხალი ყოფილა! მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.

– შალვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს და, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვა შეუძლია. უკეთესია, როდესაც არ სიმულირებ ობიექტურობას; როდესაც ღიად აცხადებ შენი პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების შესახებ; ეს მხოლოდ კერძო არხებს ეხება და კატეგორიულად დაუშვებელია საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. ეს კარგად ესმის, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილს. კანონი არ უკრძალავს მას ასეთ პრაქტიკას, ამიტომაც ჟურნალ „ტაბულას“ პოლიტიკური პოზიცია ღიად არის დეკლარირებული. იგივე იქნება, ალბათ, იმ ტელეკომპანიაში, რომლის მფლობელიც ის გახდა.

ნებისმიერი დასავლური მედიასაშუალება, ღიად აცხადებს, რომელი პოლიტიკურ იდეოლოგიის მხარდამჭერია: მაგალითად, „სი-ენ-ენ“–ს დემოკრატები უყურებენ, „ფოქს“-ს - კონსერვატორები და ა.შ. ფაქტის, ნიუსის, დაამახინჯება და გაყალბება დაუშვებელია, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ პუბლიცისტიკა სამოქალაქო, ან, თუნდაც პოლიტიკური პოზიციის გარეშე?

დასავლური მედია იდეების ერთგულია და არა პიროვნებების. ამას გარდა, წარმოუდგენელია ჩამოთვლილი კორპორაციები დემოკრატების, ან კონსერვატორების პარტიული სალაროდან ფონანსდებოდეს.

– ამ კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს, ალბათ, ვერ გაგცემთ, მაგრამ, მაგალითად, რუპერტ მერდოკი, რამდენადაც ვიცი, თავისი მსოფლმხედველობრივი პოზიციით, კონსერვატორია, როგორ ფიქრობთ, ის დააფინანსებს მემარცხენე მედიასაშუალებას? არა მგონია.

ვფიქრობ, პოლიტიკური კონტენტის მქონე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ ღიად უნდა განაცხადოს პოლიტიკური პლატფორმის შესახებ! სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს არასწორი იქნებოდა! პირიქით, ჩემი აზრით, დაბალი კლასისა და არაპროფესიონალიზმის ნიშანია, თუ მედიასაშუალებას, პოლიტიკურ გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებში საკუთარი მსოფლმხედველობრივი პოზიცია ვერ გაუცნობიერებია.

დღეს ბევრს საუბრობენ მე–9 არხის შესახებ - რამდენადაც ვიცი, პრემიერის მეუღლეს კანონი არ უკრძალავს ტელევიზიის ფლობას. ჩემი აზრით, კერძო არხს შეუძლია გამოხატოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აზრიც. მთავარია იგივე არ გააკეთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც საზოგადოების ფულით ფინანსდება. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს რომელიმე პარტიის პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმეტი. მაუწყებელს, ბალანსის დაცვა და პოზიციათა მრავალფეროვნების ასახვა კანონით ევალება.

რას ნიშნავს ბალანსის სტანდარტი და რამდენად შესაძლებელია მისი დაცვა?

– კერძო მედიისთვის ეს სტანდარტი, როგორც უკვე ვთქვი, ირელევანტურად მიმაჩნია. მაგრამ სხვა ვითარებაა საზოგადოებრივ მაუწყებლობაში - ჭანტურია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ უნდა ყოფილიყო ასოცირებული, თუნდაც როგორც აქტივისტი, ან მხარდამჭრი. იგივე მოთხოვნა ეხება წამყვან ჟურნალისტებსაც. იდეების ერთგულება, მაგალითად პლურალიზმის იდეის ერთგულება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის აუცილებელია, მაგრამ დაუშვებელია კონკრეტული პოლიტიკური ძალის თუნდაც შეფარული პროპაგანდა! წარმოდგინე, რამხელა მიღწევა იქნება - ჩვენში იარსებებს ტელევიზია, სადაც თითოეული მოქალაქის თუ არა, თითოეული სოციალური სეგმენტის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრეცედენტი. მით უმეტეს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს ამის დადებითი გამოცდილება. თუ ამჯერადაც არ გაამართლა, მაშინ შეგვიძლია ხელი ჩავიქნიოთ და ვთქვათ, რომ არაფერი გამოვგდის.