„მართებული იქნება, ამ ეტაპზე დაასვენონ ივანიშვილის იმიჯი და როცა გაუჭირდებათ, მაშინ ამოატივტივონ - დღეს „ოცნებას“ არ უჭირს“

„მართებული იქნება, ამ ეტაპზე დაასვენონ ივანიშვილის იმიჯი და როცა გაუჭირდებათ, მაშინ ამოატივტივონ - დღეს „ოცნებას“ არ უჭირს“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა გადაწყვეტილება, როგორი იქნება „ოცნების“ ათეული, ან ოცეული, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობისას პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. გიორგი გახარიას განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი“.

მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს სიაში ვინ იქნება პირველი, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, მთავარია ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები. გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე მმართველ გუნდს არ სცალია დისკუსიის გასამართად ვინ იქნება სიის სათავეში.

„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით - ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა არის, პირველ რიგში, პანდემია და, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები, მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს.

მესამე ამოცანაა ამ ორი - პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები. თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზეც ვიბრძვით და, ამის ფონზე, ან მე, ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, სიაში პირველი ან მეორე ვინ იქნება?! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს გიორგი გახარია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, მისი თქმით, უცნობია, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, თუმცა იქნება თუ არა ივანიშვილი სიის სათავეში, მდინარაძის განცხადებით, ეს პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. როგორც მდინარაძემ განმარტა, მაჟორიტარების გამხელამდე დიდი დრო არაა დარჩენილი და საზოგადოება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს მიმდინარე თვეში გაიგებს.

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა.

დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, პარტიაში არათუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ პირველ ნომერზე კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და აქ გავდივართ ფინალში. სიის ფორმირებაზე, ვინ იქნება სიის ათეულში, თუ ოცეულში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ის, რომ „ქართული ოცნება“ არ ჩქარობს მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას, ეს კარგია. თუმცა, რამდენად აქვს „ოცნებისთვის“ მნიშვნელობა ივანიშვილის პირველობას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კორონა ვირუსთან ბრძოლა მოიგო, მაგრამ რჩება ეკონომიკური პრობლემების წინაშე, პოლიტილოგი პასუხობს:

„უნდა იყოს თუ არა პირველ ზონაში ივანიშვილი, ესეც საკითხავია. იმიტომ, რომ ვინც უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით, ამაში ივანიშვილს ადანაშაულებენ, სწორედ იმ პროპაგანდის გამო, რაც ოპოზიციამ გაშალა - ყველაფერი ივანიშვილს დააბრალა. ამიტომ, მე მგონია, რომ მმართველი პარტიისთვის მომგებიანიც კია, თუ ივანიშვილი არ იქნება წამყვანი ფიგურა სიაში.

მმართველი პარტიისთვის და თვითონ ივანიშვილისთვის მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე დაასვენონ ივანიშვილის იმიჯი და როცა გაუჭირდებათ, მაშინ ამოატივტივონ. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ უჭირს. სათავეში შეიძლება იყოს იგივე გიორგი გახარია, გია ვოლსკი და უფრო ის თაობა, რომელთაც მერე ქართველი საზოგადოება კომკავშირლებს არ დაარქმევს. უნდა იყვნენ რეგიონების ლიდერები და ა.შ. არჩევანი ძალიან დიდია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის ფაქტორს ყველა შემთხვევაში ექნება მნიშვნელობა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოსახლეობის თვალში არის გაიგივებული - ვამბობთ „ოცნებას“, ვგულისხმობთ ივანიშვილს, ვამბობთ ივანიშვილს, ვგულისხმობთ „ოცნებას“. მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია როგორ შეინარუნებს „ქართული ოცნება“ ერთიანობას ივანიშვილის გარეშე.

„ივანიშვილი არის „ოცნების“ დამფუძნებელი და მასზეა პასუხისმგებლობა, მარცხიც და წარმატებაც მის სახელთან იგივდება. აქიდან გამომდინარე, თუ გადაწყდება, რომ ივანიშვილი უნდა იყოს საარჩევნო სიის სათავეში, ეს ბევრს არაფერს არ შეცვლის, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის პატია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მისი დამფუძნებელი.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, როგორც პიროვნებას, ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერები, პოპულარული ფიგურაა. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და არა მარტო ამ დროს, გამოამჟღავნა თავი როგორც ეფექტურმა მენეჯერმა და მისი თვისებები. ხალხი დანატრებულია ეფექტურ მმართველს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელსაც გამოხატული ექნება მკვეთრად გამოხატული ჟესტები, პოზიცია, მოქმედებები, გახარია სწორედ ამ მოლოდინს და იმედს განასახიერებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ მხრივ იმედის მომცემია გახარიას ფიგურა. ხალხი მისგან ელოდება შემდგომ ნაბიჯებს. მანჯავიძის განცხადებით, პოლიტიკური ძალებისგან განსახვავებით, მოსახლეობის უმრავლესობას, პირველ რიგში, აინტერესებს საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რამდენად სტაბილური იქნება ქვეყანა, შესაბამისად, მას უნდა ეფექტური მმართველი და არა პოლიტიკური ინტრიგების ყურება.

„ახალი იქნება, თუ ძველი სახე, უნდა იყოს რესპექტაბელური, კომპეტენტური, მცოდნე და ამ თვისებების გამო პატივისცემით უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში, ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ სიაში და არა კომპრომატებით დამღა დასმული, რომლის შესახებაც იცის საზოგადოებამ, ან შემდეგ გაიგებს. ასეთი ადამიანები ნაკლებად უნდა იყვნენ მმართველი პარტიის სიაში.

ანუ, დავით აღმაშენებლის სტრატეგია უნდა გამოიყენეონ საკადრო საკითხებში. როგორც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს - დავითმა იძია და კეთილად გამოიძიაო. თუ ვინმე წარმატებული იყო, საზღვარგარეთ, თუ თავის სამეფოში, ყველა ჩამოიყვანა და ქვეყნის მშენებლობაში ჩააბაო. ასეთი უნდა იყოს მმართველი გუნდის საკადრო სტრატეგია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.