დასავლეთ ევროპაზე ფიქრისას, ადამიანთა უმრავლესობა მყარ დემოკრატიებს წარმოიდგენს ხოლმე, სადაც გარანტირებულად არის დაცული ძირითადი თავისუფლებები. დიდწილად ეს სწორი შთაბეჭდილებაა. თუმცა, თუკი საუბარს დავიწყებთ რელიგიურ თავისუფლებაზე, გასულ წელს და გასულ ათწლეულში ისეთ ტენდენციებს დავინახავთ, რომელიც ასეთ შთაბეჭდილებას უარყოფს.
2012 წელი სრულდება და ბევრი ქვეყანა დღემდე ზღუდავს რელიგიურ ტრადიციებს და რიტუალებს (რელიგიური სამოსით დაწყებულს, დამთავრებულს ფუძემდებლურ ცერემონიებამდე, როგორიც არის წინადაცვეთა). ეს შეზღუდვები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავისუფლებებს, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცავენ, არამედ ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც მორწმუნე ადამიანები, განსაკუთრებით კი რელიგიური უმცირესობები, საკუთარ ქვეყნებში თავს უცხოებად გრძნობენ. ასეთი დარღვევები გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული.
მაგალითად, საფრანგეთი და ბელგია სახელმწიფო სკოლების მოსწავლეებს და საჯარო მოხელეებს უკრძალავენ „თვალშისაცემი რელიგიური სიმბოლიკის“ ტარებას, როგორიცაა მუსილმური თავსაბურავი, სიკხების ჩალმა, დიდი ქრისტიანული ჯვრები და ებრაული „ერმოლკები“.
გარდა ამისა, საფრანგეთში და ბელგიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია ქსოვილით სახის დაფარვა, ხოლო შვეიცარია, ჰოლანდია და სხვა ევროპული სახელმწიფოები ანალოგიური აკრძალვების მიღების შესაძლებლობას განიხილავენ. შვეიცარიის და გერმანიის ზოგიერთ რაიონში შეზღუდვები ვრცელდება პედაგოგებზე ისლამური ტანისამოსის ტარებისთვის.
საფრანგეთი უკრძალავს ადამიანებს ოფიციალური დოკუმენტებისთვის ფოტოების თავსაბურავებში გადაღებას. 2011 წელს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა დაასკვნა, რომ აღნიშნული წესი რელიგიურ თავისუფლებას უზღუდავს მამაკაც-სინკხებს, რომლებიც უარს ამბობენ თავსაბურავის გარეშე ფოტოების გადაღებაზე ისეთი დოკუმენტისთვის, როგორიცაა მოწმობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ. საფრანგეთს ეს შეზღუდვა ჯერ არ გაუუქმებია.
შვედეთმა, შვეიცარიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ დიდი ხნის წინ აკრძალეს ცხოველების რიტუალური მკვლელობები შესაბამისი კერძებისთვის. 2011 წელს ჰოლანდიის ქვედა პალატამ ასევე შემოიღო მსგავსი აკრძალვა, თუმცა მუსლიმური და ებრაული თემების პროტესტმა მთავრობას კომპრომისზე წასვლა აიძულა და მან ცხოველთა რიტუალურ მკვლელობებზე შეზღუდვა გააუქმა.
მას შემდეგ რაც გერმანიაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოზარდი ვაჟების რელიგიური წინადაცვეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნუსხაში შეეტანათ, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, ქვეყნის პარლამენტმა დაიწყო კანონის განხილვა, რომელიც ასეთი რიტუალის ჩატარებას არ კრძალავს.
რელიგიური წინადაცვეთის წინააღმდეგ ზომებს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც იღებენ. ნორვეგიაში მომცრო პარტია „ცენტრის პარტია“, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ასევე შეეცადა წინადაცვეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ნუსხაში მოხვედრილიყო, მაგრამ ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო წარმომადგენელმა, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელია, მუსლიმებს და იუდეველებს შესთავაზა წინადაცვეთა შეეცვალათ „სიმბოლური რიტუალით ქირურგიული ჩარევის გარეშე“.
გერმანიასა და შვედეთში სახელმწიფო დაწესებულებებმა გააფრთხილეს მშობლები ქრისტიანთა და იუდეველთა ოჯახებიდან, რომ მათ აკრძალული აქვთ რელიგიური მიზეზით ბავშვებისთვის განათლების სახლებში მიცემა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოხელეები ხურავენ კათოლიკურ სააგენტოს, რომელიც გაშვილებაზე მუშაობს, რადგან თავიანთ საქმიანობაში ისინი რელიგიური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.
რა არის ასეთი შეზღუდვების მიზეზი? აქ მინიმუმ ორი ფაქტორი მოქმედებს: ისტორიული და დემოგრაფიული.
პირველი ფაქტორი: დასავლეთ ევროპაში მონოლითური სახელმწიფო რელიგიის ავბედითი ისტორიაა. სეკულარული სახელმწიფოების გაძლიერებას არ შეუცვლია წარმოდგენა რელიგიურ მონოკულტურაზე – უბრალოდ, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის დოქტრინა ერთ-ერთ მონოკულტურად ჩაითვალა. სინამდვილეში, ისეთი სეკულარული სახელმწიფოები, როგორებიცაა საფრანგეთი და თურქეთი, დიდი ხანია, რაც სეკულარიზმს სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეებში ქცევის ერთადერთ ფორმად მიიჩნევენ, ხოლო ნორვეგია თავის ოფიციალურ ეკლესიებს ისე აღიქვამს, როგორც გაქრობის გზაზე მდგარ ინსტიტუტებს.
მეორე ფაქტორი: რელიგიური მრავალფეროვნების, მათ შორის, მუსლიმური მოსახლეობის ზრდაა. საერთო ფონიდან გამორჩეული ჩაცმულობა კონსერვატიული მუსლიმებისა, აძლიერებს „უცხოების“ შიშს და, ასევე, რელიგიური გრძნობების გამოხატვის მიმართ უკვე არსებულ წინააღმდეგობას. მართალია, სახელმწიფოები საუბრობენ ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებზე, თუმცა რელიგიური სიმპათიების გამოხატვის შეზღუდვამ შეიძლება პირდაპირი უკუშედეგი გამოიღოს. ის უთანხმოებას თესავს სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს შორის, ანადგურებს რა მათ შორის თანამშრომლობის იმედს, რაც აუცილებელია მუსლიმური თემების რადიკალიზაციის პრევენციისთვის, მათი ასიმილაციისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ და მათი მხრიდან დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული იდენტობის გაზიარებისთვის.
სახელმწიფო კანონები და აკრძალვის პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს რელიგიური გრძნობების გამოხატვას და რელიგიური რიტუალების ჩატარებას, და თითქოს დამკვიდრებული ღირებულებების დაცვას ისახავს მიზნად, ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ქმედებებით სახელმწიფოები უპირისპირდებიან რელიგიური თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და სტანდარტებს, რომელიც ასახულია გაეროს შეთანხმებებში და დაცულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დოკუმენტებით და ჰელსინკის პროცესით.
ეს სტანდარტები და ნორმები არა მხოლოდ რწმენის უფლების გარანტიებს ქმნის, არამედ საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამოხატვის გარანტიებსაც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად – ლოცვების, ქადაგებების და რიტუალების დაცვის გზით. აქ შედის გამორჩეული ატრიბუტიკის ტარება, კვების განსაკუთრებული წესების დაცვა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპებთან დაკავშირებულ რიტუალებში მონაწილეობა. ამ თავისუფლებათა ნებისმიერ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ძალიან ფრაგმენტული ხასიათი და დასაბუთებული უნდა იყოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის პუნქტებით. ეს შეზღუდვები არ უნდა გამოიყენებოდეს დისკრიმინაციულად და არ უნდა ლახავდეს გარანტირებულ უფლებებს ან გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთი ტრადიციიდან.
რელიგიური რიტუალების და წეს-ჩვეულებათა შეზღუდვის გაძლიერება დასავლეთ ევროპაში რელიგიური ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის შედეგია და ამ შეუწყნარებლობას აძლიერებს. პირველ რიგში, ეს ეხება რელიგიებს, რომლებსაც ჭეშმარიტებაზე აქვთ პრეტენზია და თავიანთ მიმდევრებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ. ზოგიერთ შემთხვევაში სამიზნეები მუსლიმები ხდებიან ხოლმე. ასეთი მზარდი მტრული ატმოსფერო, თავის მხრივ, ასეთი ჯგუფების მიმართ პირად ცხოვრებაში ბადებს დისკრიმინაციას და ზოგჯერ ძალადობასაც კი.
ამას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მონაცემები რელიგიური თავისუფლებების მდგომარეობაზე მსოფლიოში. მასში აღნიშნულია, რომ მუსლიმებზე თავდასხმები და მათი დევნა, ასევე ვანდალიზმის სხვა აქტები, 2011 წელს 34%-მდე გაიზარდა.
თუკი ჩვენ არ გვსურს თავისუფლების სულისკვეთების ჩაკვლა, დასავლეთევროპელებმა აუცილებლად უნდა აღიარონ ის, რომ ოფიციალური მონოკულტურისადმი მორჩილება, როგორც სეკულარულის, ასევე რელიგიურისა, სრულდება. დამდეგ წელს ამ ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ თავინთი რელიგიური მრავალფეროვნება და რელიგიური თავისუფლება ყველასთვის უზრუნველყონ.
მერი ენ გლენდონი – აღმსარებლობის საერთაშორისო თავისუფლების საკითხთა ამერიკული კომისიის (USCIRF) თავმჯდომარის მოადგილე. აზიზა ალ-ჰიბრი – USCIRF-ის კომისარი
foreignpress.ge