მეტი გუგული, მეტი ენძელა, მეტი სალომე სამადაშვილი, მეტი ირმა ნადირაშვილი... ქალთა კვოტირების საკითხმა ჩვენი პოლიტიკოსები სახალისო განწყობაზე დააყენა.
საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების თანახმად, ყველა პარტია, რომელსაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, ვალდებული იქნება, სია ისე დააკომპლექტოს, რომ ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. იმ პარტიას, რომელიც განსხვავებული სქესის წარმომადგენელს ყოველ მესამედ ჩაწერს სიაში, უფრო წაახალისებენ და ფინანსურ სარგებელსაც არგუნებენ. კვოტების იდეას ცალკეული კაცი დეპუტატები არ იწონებენ. ისინი ამბობენ, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ქალებს არავინ აბრკოლებს. ზაზა პაპუაშვილი კვოტების წინააღმდეგია, რადგან ადამიანებს კვალიფიკაციით აფასებს და არა „ქალებად და კაცებად, ცოლიანებად და უცოლოებად“.
რას მოგვიტანს გენდერული კვოტირება?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, როგორც კონსერვატორული აზროვნების პიროვნება, გენდერიზმის შემოტანას მაინცდამაინც დადებითად არ უყურებს.
„რაც უნდათ, ის დამაბრალონ და როგორი კლიშეებიც უნდათ, ისეთი მომაკრან, ჩემთვის გენდერიზმის ხელოვნურად შემოგდება მართებული არ არის. რა თქმა უნდა, ქალები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ყველა უწყებაში, მე მგონი, ისედაც ქართველი ქალების რაოდენობა ცალკეულ უწყებებში საკმაოდ სოლიდურია. პარლამენტში არიან საინტერესო ქალბატონები, ირმა ინაშვილი, გუგული მაღრაძე, მარიამ ჯაში. გუგული მაღრაძეს საინტერესო წინადადებები ჰქონდა, მათ შორის, თამბაქოს წინააღმდეგ ინიციატივა. თანაც, ქალბატონი გუგული პროფესორია, დოქტორია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის თქმით, გასაგებია, რომ გენდერული კვოტირება ევროპული სტანდარტია, ევროპისკენ მივდივართ და მოგვწონს თუ არა, ეს უნდა დავაკმაყოფილოთ.
„მე, მაგალითად, შინაგანად ეს არ მომწონს, არ ვემხრობი. მეტი გუგული პარლამენტში და მეტი სამადაშვილი... ცნობილი და დადებითი ქალი პოლიტიკოსები ბევრი არ გვყავს, კარგი იქნება, თუკი გაიზრდება მათი რიცხვი, ეს მისასალმებელია, მაგრამ ხელოვნურად ამის გაკეთება არ შეიძლება. ამისთვის ევროპელებმა რაღაც გზა გაიარეს, მათ ეს მიზანი ჰქონდათ, რადგან ფიქრობდნენ, ზოგადად, ქალი პოლიტიკოსები უამრავ დადებით შედეგს მოიტანდნენ. ბევრი ქალი როცა მონაწილეობს პოლიტიკაში, ეს ნაკლები საფრთხის მქონეა, ჩხუბი ნაკლებია ხოლმე, თუმცა ზოგიერთ ჩვენს ქალ პოლიტიკოსს რომ ვუყურებ, ცემა-ტყეპა არ გაგიკვირდებათ. კაცები არიან თუ ქალები, ვერ გაიგებ. ახლა არც ზოგიერთი კაცი დეპუტატი უქნია ღმერთს და ქალები რატომ იქნებიან მათზე უკეთესები? ეს იმის ბრალია, რომ პარტიები უნდა განვითარდნენ. მეტი ხალხი უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკაში. სხვათა შორის, ეს გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რადგან ახალგაზრდობა პარტიებში აღარ მიდის, ვერ ხედავენ იქ იმის ასპარეზს, რომ ან ქვეყანას არგონ, ან საკუთარ თავს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
კლინიკური ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი თვლის, რომ, როგორც მანდილოსნები, ასევე, მამაკაცები ერთნაირად უნდა იყვნენ ჩართულნი ყველანაირ საკითხში, ეს ეხება პოლიტიკას, თუ რაიმე სხვა საქმიანობას.
„ზუსტად ვერ გეტყვით, ეს რაიმე კავშირშია და უკეთესი მდგომარეობა გვექნება თუ არა სახელმწიფოში იმის გამო, რომ ქალები იქნებიან ჩართულნი პოლიტიკაში, თუმცა თანასწორობის მომხრე ვარ და მიმაჩნია, როგორც ქალებს, ასევე, კაცებს შეუძლიათ ერთნაირად წარმატებულები იყვნენ კარიერაში“, - აღნიშნა ქეთი დალინკევიჩმა ჩვენთან საუბრისას.