აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
შემთხვევის ადგილზე, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო შეკრებილი.
„მას შემდეგ, რაც ძეგლი ჩამოაგდეს, ის ნაწილებად დაიშალა. ეს ნაწილები სანაპიროზე გადაიტანეს და პორტში ჩაყარეს“ - ამბობს შემთხვევის თვითმხილველი.
ძეგლი ბილტმორში 30 წლის წინ დადგეს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აზიანებენ ან აგდებენ იმ ადამიანთა ძეგლებს, რომელთაც ანტირასისტული დემონსტრაციების მონაწილეები რასისტებად მიიჩნევენ. 11 ივნისს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. 10 ივნისს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, აშშ-ის დროშაში გაახვიეს, დაწვეს, შემდეგ კი ტბაში გადაადგეს. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს.
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.