„ისიც კი ვერ მოგვიხერხებია, კრიმინალები ისე დავიჭიროთ, მათ ჭკუა არ ვკითხოთ“

„ისიც კი ვერ მოგვიხერხებია, კრიმინალები ისე დავიჭიროთ, მათ ჭკუა არ ვკითხოთ“

ძალზე ხშირად, როდესაც უცხოელები ჩამოდიან საქართველოში, პოლიტიკოსების გარდა ხვდებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ ქართული საზოგადოების განწყობების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. რეალურად იმ ინფორმაციის წყარო, რომელიც უცხოეთმა უნდა მიიღოს, სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა და ფაქტობრივად, ერთი და იგივე ჯგუფი აწვდის მათ ინფორმაციას. მოგვიანებით, მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ უცხოელები რეალურ სიტუაციას არ ფლობენ. ქართული საზოგადოება იბნევა და ვერ ხვდება, რასთან აქვს საქმე - დასავლეთი რომელიმე პარტიისა და პოლიტიკოსის ინტერესთა გამტარებელი და მხარდამჭერია თუ ცდილობს, ობიექტური იყოს.

მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც 2011 წლის 26 მაისი, როდესაც არასამთავრობო სექტორისგან დასავლეთში გავიდა ინფორმაცია, რომ ყველაფერი კანონიერების სრული დაცვით მოხდა და ხელისუფლებამ ეს მიტინგი სამართლიანად დაშალა. შესაბამისად, დასავლეთისგან სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდებოდა იქამდე, ვიდრე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დიდი მცდელობის შედეგად, დასავლეთმა რეალური ინფორმაცია არ მიიღო დარბევის შესახებ.

დაახლოებით მსგავსი სურათი მივიღეთ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ძველი მთავრობის კრიმინალში ეჭვმიტანილი წევრები დააპატიმრა. რატომ არის საქართველოსა და უცხოეთს შორის ინფორმაციის გაცვლა პრობლემა, მაშინ, როდესაც დღევანდელ მსოფლიოში ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა არსებობდეს და ამ კუთხით რა პრობლემები აქვს გადასაჭრელი საქართველოს, ამ თემაზე ექსპერტი მმართველობის საკითხებში დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.  

ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში რატომ არის ასეთი საინფორმაციო ქაოსი და როგორ ხდება რომ დასავლეთს საქართველოდან ინფორმაციის მიღების საკმაოდ შეზღუდული წყაროები აქვს?

- ვიდრე იმ პრობლემას შევეხებოდეთ, რაც დგას საქართველოში, მოდით ვთქვათ, რა არის არასამთავრობო სექტორი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებისგან იკვებება და მათი რესურსებით არსებობს. ჩვენთან ხომ ასე არ არის, პირიქითაა, ჩვენთან რაღაც ორგანიზაცია იქმნება და მერე აქედან მოქალაქეები არსებობენ - „ენჯეოს“ ხარჯზე ხელფასებს იღებენ და მათთვის ეს საარსებო წყარო ხდება.

ძირითადად ასეა - არსებობს უცხოური დონორი ორგანიზაცია, საიდანაც შემოდის თანხები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება არ ფლობს საიმისო რესურსებს, რომ ეს სექტორი შეინახოს. ეს „ენჯეოები“ ფინანსდება უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, კეთილშობილური მიზნით, იმისათვის, რომ განვითარდეს დემოკრატია. ეს 20 წელიწადია გრძელდება და სინამდვილეში მივიღეთ, ასე ვთქვათ, პარაზიტული სექტორი, რომელიც რაღაც ინტერესების ხარჯზე თავს ინახავს და არსებობს.

ხშირად მოგვისმენია, რომ არა ხელისუფლების კეთილი ნება, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობას შესაძლოა, გრანტის მოპოვება ვერც მოეხერხებინა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ირიბად არასამთავრობო სექტორი მაინც ექცევა საკუთარი ხელისუფლების გავლენის ქვეშ?

- ცხადია დონორი ორგანიზაციების ერთ-ერთი მიზანია, დახმარება, რომ დემოკრატია ჩამოყალიბდეს, მაგრამ როდესაც ის არის დაფინანსების მთავარი წყარო, ცხადია ინტერესებიც ექნება. დონორებზე დამოკიდებულება ნარკოდამოკიდებულებასავით არის, მუდმივად საჭირო ხდება გარედან რესურსის მოპოვება და ამაში მთავრობაც არის ჩართული. უცხოური ორგანიზაციების პოლიტიკა საქართველოს მთავრობის გარეშე არ ტარდება, მთავრობამ უნდა გაატაროს ეს პოლიტიკა და შესაბამისად, სიტყვაც ეთქმის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს ორგანიზაციები პირდაპირ არიან დამოკიდებულები დონორებზე, ხოლო ირიბად ხელისუფლებაზე - მთავრობამ თუ მწვანე შუქი არ აუნთო, ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, უაღრესად რთულია, მან არსებობა შეძლოს და თავისი პოლიტიკა გაატაროს.

თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას არ აქვს რესურსი, შექმნას დამოუკიდებელი, ანუ რეალური არასამთავრობო სექტორი. რეალურად რომ გავერთიანდეთ და „ენჯეოს“ შექმნმა გადავწყვიტოთ, ის დონორის კი არა, ჩვენს ხარჯზე უნდა არსებობდეს.

სხვათა შორის, ივანიშვილს აქვს ნათქვამი, რომ წავა არასამთავრობო სექტორში და ეცდება, ფეხზე დააყენოს. ამ შემთხვევაში ეს უკვე იქნება ქართული რესურსი, თუმცა არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთ კაცზე იყოს ქვეყანაში დამოკიდებული ყველაფერი.

საქართველოს არ გააჩნია იმდენი ეკონომიკური რესურსები, რომ არასამთავრობო სექტორის შენახვა შეძლოს. სააკაშვილი ბევრს კი ლაპარაკობს, რომ ეკონომიკა განავითარა, მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც 1,7 მილიონი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, მხოლო 600 ათასი ოჯახი რიგშია ამ სტატუსის მისაღებად. ანუ, მთავრობის მცდელობა, რომ ხალხის მასა ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს, არ შეინიშნება. მცირე და საშუალო ბიზნესს არ მიეცა იმ დონემდე განვითარების საშუალება, რომ საკუთარი ინტერესების გატარებაზე იფიქროს...

- ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის, ყველა მთავრობა ცდილობს, რომ საკუთარი მდგომარეობა გაიმყაროს. საკუთარი მოგებისთვის ზრუნავს. ახლა მაქვს იმედი, რომ დღევანდელი მთავრობა მართლა სახალხო მთავრობაა, თუმცა ამასაც უნდა შევხედოთ რას იზამს.

აქამდე რაც მთავრობები არსებობდა, გამსახურდიას ეფემერული მთავრობის გამოკლებით, რომელიც ვერც მიხვდა, რაში იყოს საქმე, ყველა მთავრობა არის საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული. სინამდვილეში ეს მთავრობა კი არა, ერთგვარი კორპორაციაა, რომელიც ცდილობს, ერთგვარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური დივიდენდი მოიპოვოს, მეტი ძალაუფლება და სიმდიდრე მოიხვეჭოს.

ასეთ მთავრობას არაფრით არ აწყობს ეკონომიკის განვითარება, ის არ მოქმედებს საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების პრინციპით. ის მოქმედებს მარტივი პრინციპით - განვავითარებ იმას, რაც მე მაწყობს, გავაკეთებ იმას, რაც მე მომიტანს პოლიტიკურ დივიდენდს.

თუმცა, არასამთავბრობო სექტორი მთავრობებსა და ხელისუფლებებს სჭირდებათ, ამაზე მეტყველებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არსებობს და ამ ბოლო დროს განსაკუთრებიული აქტიურობით იქმნება იგივე ყოფილი ხელისუფლების აქტივისტებისაგან. რამდენად დიდია არასამთავრობო სექტორის როლი გარკვეული ინტერესების გატარებისთვის?

- როდესაც საზოგადოების ძალისხმევით არ იქმნება და მთლიანად გარეშე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ან მთავრობაა ამაში ჩარეული, ცხადია ეს არის ფსევდო არასამთავრობო სექტორი. მთავრობის ინტერესი, რომ გააძლიეროს მასზე დამოკიდებული არასამთავრობო სექტორი, ბუნებრივია, გასაგებია. ანუ ფაქტობრივად, იმიტირება ხდება იმისა, რაც ფაქტობრივად, არ არსებობს.

სინამდვილეში არ არსებობდა მთავრობის დიალოგი მოსახლეობასთან, არ არსებობდა თუნდაც ინფორმაციას გაცვლა მათ შორის.

სამოქალაქო სექტორი იმ კლასიკური გაგებით, როგორც წინა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, დღეს წამყვან ცივილეზებულ ქვეყნებს უკვე აღარ აქვთ. დღეს უკვე სხვა, საინფორმაციო საზოგადოების სისტემაა. დღეს უკვე იმდენად მობილური ურთიერთობებია, რომ ისეთი ხისტი ორგანიზაცია, რომელიც გამოდის, მაგალითისთვის ვთქვათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და იურისტების სახელით ლაპარაკობს, ასეთი რამ საზღვარგარეთ დიდი ხანია აღარ არსებობს. საინფორმაციო სივრცე იმდენად გახსნილია, ყველას შეუძლია ილაპარაკოს საკუთარი სახელით, ან იმ ჯგუფის სახელით, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს. ეს ჯგუფები ძალზე დინამიურია, დღეს შეიძლება არსებობდეს და ხვალ დაიშალოს, როგორც არის მაგალითად „ფეისბუქში“, უცებ შეიქმნება ინტერესთა ჯგუფი და მერე დაიშლება.

დღეს აქ ასეთი ხისტი სისტემაა, XIX საუკუნის მოდელის, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, რომელსაც რაღაც ინტერესები უნდა ამოძრავებდეს. ეს ინტერესები სინამდვილეში არ არსებობს და გარედან იკვებება რომელიღაც დონორის მიერ. გადავეკიდე ამ ახალგაზრდა იურისთტა ასოციაციას, მაგრამ მაგალითისთვის ვამბობ, მე არ ვიცი იურისტთა ჯგუფი, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ. ის შექმნილი პროსახელისუფლებო ან ანტისახელისუფლებო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ, რომელშიც გარეულია ფლირტი უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან და ამის ხარჯზე არსებობს. მოხვეჭილი აქვთ გარკვეული ავტორიტეტი და ბუნებრივია, ბევრ კარგ საქმესაც აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თავს უწოდებენ.

არასამთავრობო სექტორი იმისთვის არის საჭირო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინტერესები გამოხატოს და გაატაროს, თუმცა, ძალიან ხშირად, იგივე დონორები ვერ იღებენ ინფორმაციას, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს პრობლემა ქვეყნისთვის?

- ერთგვარი მონოპოლია აქვთ ინფორმაციის გაცვლაზე უცხოეთთან და ეს არის პრობლემა. მოდით ასე ვთქვათ, ეს „ენჯეოები“ არიან მათი კლიენტები. ერთგვარი პატრონ-კლიენტური დამოკიდებულება არსებობს მათ შორის. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია იფილტრება. მათ აინტერესებთ ეს ინფორმაცია იმ დოზით, რა დოზითაც მათი ინტერესებია საქართველოში. თანაც, სხვა საშუალება ინფორმაციის მიღების, გარდა მათ მიერვე ჩამოყალიბებული სისტემისა, არ არის და არც შეიქმნება კარგა ხანს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ ფეხებზე არ დადგება და კლიენტი არ გახდება საკუთარი საზოგადოებისა.

დონორი კარგია, მაგრამ ქართული რესურსით შექმნილი, ანუ ჩვენ ქართველი დონორები გვჭირდება და არა ისინი, ვისაც აინტერესებს ის, რაც ჩვენ, ქართველებს გვაინტერესებს.

თუმცა, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა, რომელიც ადვილად და ჩქარა გადაიჭრება...

- ვიდრე ჩვენ თვითონ არ შევქმნით ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მაინც, რომელიც იარსებებს ქართული ხარჯებით, მანამდე ეს იქნება ინტერესთა ჯგუფი, ვიღაცის კონკრეტულ ინტერესზე მიბმული. თუმცა, ხანდახან არის ხოლმე ვითარება, როდესაც საზოგადოებისა და დონორის ინტერესი ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორი დადებით როლს თამაშობს და კარგ საქმესაც აკეთებს, მაგრამ ეს არ არის პროცესი, რომელიც შიდა რესურსებით იკვებება.

თუმცა, ყურადღეება უნდა მივაქციოთ, რომ საქართველოში არსებობს ის სისტემა, რომელიც უცხოეთში დიდი ხანია, გაცვდა. დავუშვათ დავიწყეთ ორთქლმავლის შენება, ბევრი ვიწვალეთ, უცხოეთიდანაც დაგვეხმარნენ და როგორც იქნა, ავაგეთ. მერე ვის რად უნდა ეს ორთქლმავალი, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. რომ გვეუბნებიან, სამოქალაქო საზოგადოება ააშენეთო, არ აშენდება, რადგან დღეს სულ სხვა ეპოქაა. ინტერესების გამოხატვის სულ სხვა სქემები და ტექნოლოგიები გვჭირდება და არა ის, რაც გასულ საუკუნეში იყო - მოდი „ენჯეო“ შევქმნათ და ფული ვიშოვოთ - ჩვენი ინტერესი გავატაროთ - ეს ინტერესი ძირითადად არის არა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არამედ დონორისგან მოდის.

დონორებს რა ინტერესი აქვთ?

- დონორებს ერთი ინტერესი აქვთ და ეს გავლენის შენარჩუნებაა. ისინი გავლენის ჯგუფები არიან და საქართველო პრაქტიკულად, მათი გავლენის ქვეშაა. ისიც კი ვერ მოგვიხერხებია, კრიმინალები დავიჭიროთ და მათ ჭკუა არ ვკითხოთ - ხომ ჩანს, რა ვითარებაცაა. დამოკიდებულნი ვართ მათზე და მათ გარეშე ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამთ.

წარმოიდგინეთ ეს გრანტები, რაც არასამთავრობო სექტორს აქვს, შეწყდეს. სრული კოლაფსი მოხდება. უამრავი ადამიანი დარჩება მშიერი. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, არამედ ბიზნესსა და პოლიტიკოსებზეც.

იცის ეს ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ ცდილობს რომ საკუთარ ფეხებზე დავდგეთ, ჩვენი რესურსებით ვიცხოვროთ. დამოუკიდებლობა ის ხომ არ არის, რომ ვიღაცისგან დამოუკიდებელი ხარ. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, დამოუკიდებლად არსებობა შეგიძლია. ჩვენ ამისი ძალა არ შეგვწევს - კატასტროფაა, მაგრამ ასეა.  

ასე რომ არ იყოს, ეს კორპორაციები ვერ გაბატონდებოდნენ. აბა წარმოიდგინეთ განვითარებული ქვეყანა, სადაც 9 წელი ამისთანა კორპორაცია გაბატონდებოდა. თუმცა, ეს ძველი ამბავია და ახალს ვიტყვი, კასპში რომელიღაც გამგებელმა არც მეტი, არც ნაკლები, ადგა და თავი ბიძინად გამოაცხადა - საოცრება მოხდა. იქ რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება იყოს ამას ვინ გააბედინებდა?!

საზოგადოებაა ჩამოსაყალიბებელი, ჯერ პიროვნული მდგომარეობა, შემდეგ ერთად ყოფნაა გასაცნობიერებელი, შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესი და ა.შ. ამას ძალზე დიდი დრო სჭირდება. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, შესაძლოა, გადავახტეთ კიდეც ამ სამოქალაქო საზოგადოებას, ინდუსტრიული განვითარების პროდუქტს და პირდაპირ აღმოვჩნდეთ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, თუმცა, ამასაც ბევრი შრომა სჭირდება.