თურქეთის სასამართლოში ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა

თურქეთის სასამართლოში ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა

თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა. სასამართლო საქმეში საუდის არაბეთის მოქალაქეების მონაწილეობას განიხილავს, - ამის შესახებ BBC წერს.

ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში ბრალი 20 არაბს აქვს წარდგენილი. 2 მათგანს - საუდის არაბეთის პრინცის მრჩეველ საუდ ალ-ქაჰთანის და დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე აჰმად ასირის მკლელობისადმი წაქეზებაში ადანაშაულებენ, დანარჩენ 18-ს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

„დღეს სტამბოლში ჯამალის მკვლელობის სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესზე მე მოწმედ წარვდექი, მაგრამ 20 არაბი ეჭვმიტანილი - არა. ვიმედოვნებ, რომ ეს სასამართლო პროცესი სიმართლეს გამოააშკარავებს იმის შესახებ, თუ სადაა ჯამალის ცხედარი და ვინ დგას ამ მკვლელობის უკან. არ გავჩერდები, ვიდრე სამართალს არ მივაღწევთ“ - წერს Twitter-ის გვერდზე ჟურნალისტის საცოლე, ჰატიჯე ჩენგიზი.

ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს.

​​