დღეს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი აქტიურად განიხილავს საკითხს, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვისთან შექმნის კოალიციას და ვისთან არ ითანამშრომლებს. ყველაზე ტრენდული ვარიანტია - არა ნაცებთან და არა ქოცებთან, რაც ნიშნავს, რომ ამ ორ ძალასთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე მათთვის მომგებიანი არ არის.
რეალურად, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ალბათ, ასეთი თანამშრომლობა შედგება, მაგრამ არჩევნებამდე ცალკეულ პარტიებს სურთ, ნაცებისა და ქოცებისგან დამოუკიდებლების იმიჯი მოირგონ. ვინ ვისთან დაჯგუფდება არჩევნების შემდგომ?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვინ ვისთან შევა კოალიციაში პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, ეს ოპოზიციური პიარი, პროპაგანდაა. ისინი გვაჩვევენ იმ აზრს, თითქოს მომავალ პარლამენტში გადამწყვეტი უმრავლესობა არავის ექნება, არც ერთ პარტიას, და კოალიციების შექმნა გახდება საჭირო.
დავით ზარდიაშვილის განმარტებით, კოალიციები იმ დროს იქმნება, როცა არც ერთ პარტიას დამოუკიდებლად უმრავლესობა არ ჰყავს პარლამენტში. ასეთ დროს, სულ ცოტა, 76 მანდატი თუ არ გაქვს, ვერ შექმნი მთავრობას. იძულებული ხარ, მთავრობისათვის ნდობის გამოსაცხადებლად რომელიმე სხვა პარტიას შეეკრა. ის სხვა პარტია კი თავის ადგილს მოგთხოვს მთავრობაში და გეტყვის, ერთი მინისტრი ჩემი უნდა იყოსო. კოალიციაც აქედან გამომდინარე იკვრება.
„ნაცებს უნდათ, შეგვაჩვიონ ამ აზრს, თითქოს კოალიცია გარდაუვალია. სინამდვილეში, ეს ტყუილია. თანაც, კამათობენ კოალიციური მთავრობა სჯობს, თუ ერთპარტიული. რასაკვირველია, ერთპარტიული სჯობს, რადგან ერთპარტიული უფრო მყარი და სტაბილურია. საერთოდ, საპარლამენტო წყობა საკმაოდ არასტაბილურია იმ თვალსაზრისით, თუ რომელიმე დომინანტი პარტია არ არის ქვეყანაში, მაშინ ძალიან ხშირია ხელისუფლებათა ცვლა, არასტაბილური ვითარება და პოლიტიკური კრიზისები. ეს ჩვენ ნანახი გვაქვს, კოალიციური მთავრობა იყო „ქართული ოცნება“ 2012 წელს, არჩევნები რომ მოიგეს, იმ წელს. სანამ ბიძინა იყო დომინანტი, ყველაფერი ნორმალურად იყო, ბიძინა რომ წავიდა, აიჭრა სიტუაცია და კოალიცია, საბოლოო ჯამში, დაიშალა. იქ იყო ერთმანეთის მიმართ ინტრიგების ხლართვა, რესპუბლიკელებსა და „ოცნებას“ შორის, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ოცნებას“ შორის არაჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. კოალიციების შექმნას გაცილებით დიდი პოლიტიკური კულტურა სჭირდება, უნდა შეძლო, სხვა პარტიებთან საერთო ენა გამონახო. ჩვენს პირობებში კი ეს გამორიცხულია, ნაცებთან ვინ გამონახავს საერთო ენას?!“- კითხულობს დავით ზარდიაშვილი.
მისი აზრით, ქოცებს სულაც არ სჭირდებათ ვინმესთან კოალიცია. თუ ვინმეს აიკიდებენ ზედმეტ ბარგად, თორემ ქოცებს რა რეიტინგიც აქვთ, რა რესურსის და ნდობის მანდატის მოპოვებაც შეუძლიათ, ამას მარტოც მოახერხებენ. რომელი პარტიაა, რომელიც „ოცნებას“ შეუამხანაგდება და ხმებს შეჰმატებს? ასეთი არ იკვეთება. უბრალოდ, შეიძლება ლაპარაკი ტრადიციულ კონფიგურაციაზე - გია გაჩეჩილაძე თავისი „მწვანეთა პარტიით“ და სხვა.
„კოალიციას ნაკლებად ველოდები, ეს ფეიკია. ნათელაშვილის ფანჩატურაში ვინც არიან, მათი კოალიცია შეიძლება ეფემერული იყოს. რომც მოიგონ არჩევნები, ეგრევე დაიშლებიან, დღესვე ვერ თანხმდებიან კანდიდატებზე, ბურჯანაძე იტყვის, პუტინთან უნდა წავიდე მოსალაპარაკებლადო და იმ წუთას დაიშლება კოალიცია. როგორ შეიძლება, პრორუს ბურჯანაძეს და ბოკერიას ჰყავდეთ ერთი და იგივე კანდიდატი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე?! ეს წარმოუდგენელია. თუ ასეთი რამ მოხდა, ორივე გამყიდველი ყოფილა საკუთარი პრინციპების, გუბაზ სანიკიძის მსგავსად, რომელიც საკუთარ თავს ღალატობს“.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როცა პარლამენტში შედის ადამიანი და ხდება პარლამენტარი, ის ივიწყებს არჩევნებამდე მიცემულ პირობას. პაზოლინის არ იყოს, ძალაუფლების ხიბლი იმდენად ცდუნებადია, როდესაც მომხიბლავ წინადადებებს გთავაზობენ და, როდესაც იწყება შენზე ნადირობა, სულ სხვანაირად იცვლება სიტუაცია. ამიტომ უნდა გავყოთ, პარლამენტს გარეთ და პარლამენტს შიგნით სულ სხვანაირი თამაშის წესებია და სულ სხვა ქმედებებით გამოირჩევიან პოლიტიკოსები. მანამდე კი, უბრალოდ, ამომრჩევლის დარწმუნებას ცდილობენ, რაც პოლიტიკის კანონზომიერებაა.
„გარანტირებული როცა გაქვს, რომ ოთხი წლით იქნები პარლამენტში, სულ სხვანაირად იქცევი. ამიტომ ეს ყველაფერი რიტორიკაა. მთავარია, რომ პრინციპი შეიცვლება, ორპარტიული დიქტატურა აღარ იქნება, ორივე პარტიას მოუწევს, თავის თავს გადააბიჯოს და წვრილი პარტიების გადმობირებითა და კოალიციების შექმნით მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. ამით კონკურენციის დონე მაინც ამაღლდება პარლამენტს შიგნით“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.