ხუთი უცნობი კანდიდატი საზმაუწყებლის გენდირექტორის პოსტზე

ხუთი უცნობი კანდიდატი საზმაუწყებლის გენდირექტორის პოსტზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გია ჭანტურიას გადადგომის შემდეგ გენდირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტური ადგილის დაკავების სურვილი 143-მა კანდიდატმა გამოთქვა, სწორედ ამდენი განაცხადი შევიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. გუშინ კი საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კენჭისყრა ჩაატარა და გაირკვა მეორე ტურში გადასულ კანდიდატთა ვინაობა.

კონკურსის პირობების თანახმად, მეორე ტურში ის კანდიდატი გადავიდოდა, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრების შვიდ ან მეტ ხმას მიიღებდა. ასეთები აღმოჩნდნენ ნიკოლოზ მახარაშვილი, მეგი თავდუმაძე, ნათია აბრამია, თინათინ რუხაძე და გიორგი ბარათაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა.

„საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ბადებს კითხვებს, რომლის პასუხი არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც მაუწყებლის თანამშრომლებმა და ვერც საზოგადოებამ ვერ მიიღო. თუ ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებას ვენდობით, „მართვის კრიზისთან“ გვაქვს საქმე, მაგრამ არხის კრიზისულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს სამეურვეო საბჭო, არადა, გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭო ურთიერთვალდებული სუბიექტები არიან და ერთმანეთის გარეშე, საეჭვოა, ეს კრიზისი შექმნილიყო. მეორეც, რატომ უნდა აირჩიოს ახალი გენერალური დირექტორი იმ სამეურვეო საბჭომ, რომლის მიმართაც უნდობლობის ისეთივე ხარისხია, როგორიც ყოფილ გენერალურ დირექტორს ჰქონდა, ან რა გარანტია არსებობს, რომ ახალი გენერალური დირექტორიც „მართვის კრიზისს“ არ შექმნის და ამჟამინდელი სამეურვეო საბჭო ამ კრიზისის შესახებ ისევ 3 წლის შემდეგ არ შეიტყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საზმაუწყებლის თანამშრომლების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი არხი. ისინი ითხოვენ, რომ შეიქმნას კრიზისის მართვის დროებითი ჯგუფი (თუნდაც, 3 თვით), ამასობაში, კანონში შევიდეს ცვლილებები, განახლდეს სამეურვეო საბჭო, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური და კომერციული ვალდებულებებისგან იქნება თავისუფალი და მხოლოდ ასეთმა საბჭომ აირჩიოს გენერალური დირექტორი, რომელსაც მარტო CV-ს კი არა, არამედ გააზრებულ კონცეფციას მოითხოვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას მეორე ტურში ზემოთხსენებული პირების გადაყვანის თაობაზე გაუგებარს უწოდებენ გენდირექტორის სხვა კანდიდატურები, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ბორდის პირობებში ისეთი პიროვნება იქნება გენდირექტორად დანიშნული, რომელიც ზუსტად იგივენაირ პოლიტიკას გაატარებს, როგორსაც გია ჭანტურია. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არხის გენდირექტორის თანამდებობას გიორგი ბარათაშვილი დაიკავებს, რომელიც აქამდე გია ჭანტურიას მოადგილე იყო ტექნიკურ საკითხებში.

გენდირექტორობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მას არასამთავრობოებისა და საზოგადოებისგან მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ არა ხელისუფლებისგან. აქვე არეშიძე აცხადებს, რომ ზუსტად იცოდა, ყველაფერი ასე დასრულდებოდა, რადგან მისი კანდიდატურა არხის სამეურვეო საბჭოსთვის მიუღებელია.

„ჩვენი მუშაობა ძალიან გართულდებოდა. იმ ხუთი ადამიანიდან, რომლებიც ამათ დატოვეს, ორს არ ვიცნობ, ხოლო დანარჩენი სამის შემთხვევაში (ნუ ჩამომათვლევინებთ) ბორდის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად ხელგახსნილი იქნება და რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს. ამასთანავე იმ ხუთიდან ერთ-ერთი კანდიდატი ბორდის ხელმძღვანელის და ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მართულია“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, მან თავიდანვე იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ თავისი კანდიდატურა იმის ხაზგასასმელად წამოაყენა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუ რას წარმოადგენს მისი ბორდი და ბოლოს, რომ ხელისუფლება ამ პროცესებში არ ჩარეულა.

„გაუთავებელი საუბარი იყო იმაზე, რომ მე „ქართულ ოცნებასთან“ ვასოცირდებოდი, ვითომ ტელევიზიასთან არ ვასოცირდებოდი. საბოლოო ჯამში, გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში არ ერევა, ბორდი (განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელობა) ცდილობს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა დაფაროს და გაიყვანოს ის ადამიანი, რომელსაც რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს და შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, - აღნიშნავს არეშიძე.

კონკრეტულად გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით იგი შეფასებას არ აკეთებს, რადგან ამბობს, რომ ბარათაშვილის მის თვალწინ გაიზარდა, მაგრამ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელში არაფერი შეიცვლება და შესაძლოა, უარესი შედეგიც მივიღოთ. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეტანილ განცხადებას ეთანხმება, მიიჩნევს, რომ ბორდის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და გაირკვეს იმ დაკარგული თანხების ამბავი, რომელზეც არის საუბარი. არეშიძე მიიჩნევს, რომ გია ჭანტურია ამ ყველაფერში დამნაშავე არ არის, ეს იყო ბორდის და მისი ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ კი ზემოდან ჰქონდათ დავალებები მიცემული. აქვე მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საზმაუწყებელში, ამ ბორდის პირობებში, არაფერი შეიცვლება, იგი ისევ პოლიტიზებული დარჩება და ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაკვეთებს შეასრულებს.

გენდირექტორობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი (რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელს), დავით კოხრეიძე ამბობს, რომ ბორდის გადაწყვეტილება უბრალოდ გაუგებარია.

„ჩემზე არაფერს ვამბობ, მაგრამ იქ იყო მამუკა არეშიძე და როდესაც ამ ადამიანს მეორე ტურშიც კი არ გადაიყვან, ანუ თავიდანვე არ განიხილავ, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. მამუკა არეშიძე ჩემზე გაცილებით მეტი გამოცდილების მქონეა და საზოგადოებაც მას კარგად იცნობს“, - აღნიშნავს კოხრეიძე.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გენდირექტორი ბორდისთვის მისაღები პიროვნება იქნება, არხის პოლიტიკა არ შეიცვლება. დავით კოხრეიძის თქმით, ის რომ ყოფილიყო არჩეული, ბორდი მას საკუთარი გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა და სწორედ ამიტომ ისეთ ადამიანს აირჩევს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. ამასთანავე, კოხრეიძე ამბობს, რომ თავიდანვე იცოდა, რომ მისი შანსები ამ კონკურსში ძალიან მწირი იყო.

ჟურნალისტი გიგლა გობეჩია, რომელსაც ასევე ჰქონდა საზმაუწყებლის გენდირეტორის თანამდებობაზე განაცხადი შეტანილი, აცხადებს, რომ სხვა რამის მოლოდინი არც ჰქონდა და თავიდანვე იცოდა, რომ ბორდი იმას გაიყვანდა, ვინც მისთვის იქნებოდა მისაღები. აქვე იგი განმარტავს, რომ სანამ არხზე სამეურვეო საბჭოს ეს შემადგენლობა იქნება, გამორიცხულია, რომ იქ რამე რეალური ცვლილება გატარდეს. ამიტომ, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ჯერ ბორდი უნდა შეიცვალოს და საერთოდაც, გამოძიებული უნდა იყოს მისი საქმიანობა.

„საერთოდ მიჩნდება კითხვა, როდემდე უნდა იყოს ეს ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელში? გამოძიებული უნდა იქნეს, პირველმა არხმა და მისმა გუნდმა ჭანტურიას თამადობით რა საით გადაისრიოლა, რა საით გაანიავა. ამასთანავე, სულ მიჩნდება ასეთი განცდა - საზოგადოების აქტიურ წევრებს რატომ არ გვიჩნდება კითხვა, ვის და რატომ ვაფინანსებთ? ასეთი ბორდი გვჭირდება? ან ასევე მოსათმენია ის შემადგენლობა, რომელიც გუშინ მხარედ გამოდიოდა, ვგულისხმობ პაიჭაძეს, კვესიტაძეს და სხვებს, კიდევ დიდხანს უნდა ვუყუროთ ამათ? არ დადგა იმის დრო, რომ რეალურად შეიქმნას საბჭო, რომელიც თავისუფალ კონკურსს ჩაატარებს? გახელაძისა და კახა ლომაიას ადეპტებისგან სხვას არც არაფერს ველოდი“, - აცხადებს გიგლა გობეჩია.

ამასთანავე, გობეჩია ამბობს, რომ თუ ობიექტურ და არავის ნავში არ მჯდომ ჟურნალისტებს უფრო მეტს დაეკითხებიან, უკეთესი იქნება.

გენდირექტორობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი, ჟურნალისტი მანანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს კონკურსი უნდა გადადებულიყო, რადგან ასე დაჩქარებულად მისი ჩატარება არ შეიძლება. ამასთანავე, აბაშიძე ამბობს, რომ მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან არც ერთის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

„კარგი იქნებოდა, თუკი ისეთი კანდიდატები გადავიდოდნენ მეორე ტურში, ვისაც საზოგადოებაში ნდობა აქვს. მე იმას არ ვამბობ, რომ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს ეს არ აქვთ. ამას უბრალოდ იმიტომ ვერ ვიტყვი, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცი“, - აღნიშნავს მანანა აბაშიძე.

და ბოლოს, for.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ლევან გახელაძეს დაუკავშირდა და ვეცადეთ გაგვერკვია, რა კრიტერიუმებით იქნენ შერჩეულები მეორე ტურში გადასული კანდიდატები. გახელაძის თქმით, კრიტერიუმი მმართველობითი გადმოცდილება იყო. ხოლო როდესაც ჩვენ ვუთხარით, რომ კანდიდატთა შორის ბევრად უფრო ცნობილი და კვალიფიციური კადრები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც მეორე ტურში გადავიდნენ, ბორდის ხელმძღვანელმა ამაზე ასე გვიპასუხა.

„ამას არ აქვს მნიშვნელობა. კენჭისყრა იყო ფარული, და ფარული კენჭისყრის საფუძველზე სამეურვეო საბჭოს წევრებმა გამოხატეს თავისი დამოკიდებულება“, - განაცხადა ლევან გახელაძემ.