ამ დღეს მთელი საქართველო დიდი ხანი ელოდა. 20 დეკემბერი თითოეული ქართველი მართმადიდებლის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ამ ღირებულ დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე - მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა. მამა გაბრიელის ხსენების დღედ კი, 2 ნოემბერი დაწესდა. მართალია, სრულიად საქართველო მამა გაბრიელს 20 დეკემბრამდეც წმინდანად აღიქვამდა, რადგან არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ანალიზის ჩასატარებლად ექიმმა-ქირურგმა, ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო - დღემდე უხრწნელია და მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი და ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია. მაგრამ მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის ფაქტმა მართმადიდებელი ერი დიდად გაახარა. ეს ინფორმაცია, სრულიად საქართველოს ელვის უსწრაფესად მოედო და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად პარაკლისიც გადაიხადა.
მამა გაბრიელი, რომელიც ერისკაცობაში - გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა და სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მეფე მირიან მესამის კოშკში მოღვაწეობდა. მცხეთაში მისვლამდე კი, ბერმა დიდი და ეკლიანი გზა განვლო, რომელიც უფლის მადლით დაუფასდა კიდეც. მამა გაბრიელმა 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე ეცადა, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1955 წელს, ქუთაისში პეტრე-პავლეს ეკლესიაში მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა მოხდა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.
აღსანიშნავია, რომ მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა. 1965 წლის 1 მაისს, კომუნისტური აღლუმის დროს, მამა გაბრიელმა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა, დაკითხვაზე წმინდა მამა გაბრიელმა კი განაცხადა - „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ ფაქტის გამო კი, კრემლიდან ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ ბრძანება გაიცა, რაც შემდეგ უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შეიცვალა. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.
სამწუხაროდ, მამა გაბრიელი 1995 წელს წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს კი, არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა და იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
მამა გაბრიელის ქადაგებები სიყვარულით იყო აღსავსე და მან ანდერძიც კი დატოვა, რომელიც სიყვარულით არის გაჟღენთილი - „დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს – მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია“, - ბრძანებდა წმინდა მამა გაბრიელი.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მამა გაბრიელთან დედა პარასკევა იმყოფებოდა, რომელიც დღემდე, სამთავროს მონასტერში არსებულ წმინდა მამის საფლავს დიდი მოწიწებითა და სიყვარულით უვლის. დედა პარასკევა წმინდა მამის შეგონებებს მრევლს ხშირად უზიარებს. ამ დიდ დღესთან დაკავშირებით, For.ge დედა პარასკევას ესაუბრა:
რას ნიშნავს ქართველი ერისთვის მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა?
- წმინდა მამა გაბრიელი ქართველი ხალხისა და თითოეული მართმადიდებელი ქრისტიანის მფარველია და მეოხია ღვთის წინაშე. მამა გაბრიელი დიდ ძალას წარმოადგენს, რომელიც ბოროტებას ამარცხებს. ეს მადლი მამა გაბრიელმა მოიტანა და წმინდა მამა საქართველოს ეხმარება, რომ ეს ბოროტი ძალები დასძლიოს და ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და გაბრწყინდეს.
ქართველი ხალხი მამა გაბრიელს 20 დეკემბრამდეც წმინდანად მოიაზრებდა, თუმცა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო?
- ძალიან უცაბედი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, ღვთისა და უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ძალისხმებით, მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა მოხდა. ეს კი, ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი მადლი და სასწაულია. საქართველოსთვის განსაკუთრებულ მეოხებას წარმოადგენს.
დედაო თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც მამა გაბრიელის გარდაცვალების ბოლო წუთებამდე, მასთან იყავით. პირადად თქვენ რაიმე დაგიბარათ?
- მამა გაბრიელი ძალიან დიდი მამა და განსაკუთრებული მოღვაწე იყო. განსაკუთრებულად მე მარტო არაფერი დამიბარა, მაგრამ ყველას დაუბარა, რომ უფლის მიერ დაბადებული ადამიანების წინაშე სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულით იყავითო.
წმინდა მამა გაბრიელის მეოხებით არაერთი ადამიანი განიკურნა და მისი წყალობით, უამრავი სასწაული აღესრულა, თუმცა, ბოლო პერიოდში, თუ ფიქსირდება მსავსი წყალობები?
- წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გარშემო უამრავი სასწაული კვლავ ხდება. თუ ფიზიკური თუ სულიერი...
მამა გაბრიელი წმინდანად არის შერაცხული და მისი საფლავისა და იმ კელიის გახსნა თუ მოხდება, სადაც წმინდა მამა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იმყოფებოდა?
- საფლავის გახსნა საპატრიარქოს უფლებაა, ამ საკითხს მოიფიქრებენ, ალბათ, გადაწყვეტენ და დიახ, საფლავიც გაიხსნება. პატრიარქმა ბრძანა, რომ საფლავი გაიხსნება.
წმინდა მამების საფლავების გახსნა ძალიან დიდ მადლს წარმოადგენს და ცნობილია, რომ საფლავების გახსნის დროს, სნეული ადამიანები იკურნებიან. ამის შესახებ, რას გვეტყვით. . .
- განსაკუთრებული წმინდა მამების საფლავების გახსნის დროს, ადამიანები კილომეტრების მოშორებითაც კი იკურნებიან. ამ დიდი მადლის დროს, ღვთის მადლით ადამიანებს გონება უნათდებათ და დიდი სასწაულები აღსრულდება, რომ ადამიანები გადარჩნენ.